დარგებიმეთევზეობა

ფარავნის კალმახი

ტბისა (S.t.m.lacustris) და მდინარის (S.t.m.fario) კალმახების ერთმანეთისაგან გარჩევა საკმაოდ ძნელია, რადგანაც გენეტიკურად და მორფოლოგიურად ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან. მათ შორის განსხვავების დადგენას ართულებს ისიც, რომ,  S.t.m.lacustris, როგორც წესი, ტოფობის პერიოდში ადის ტბის შენაკადებში და ლავრების გამოჩეკის შემდეგ მისი ლიფსიტების ნაწილი დიდხანს რჩება აქ და ერევა მდინარის კალმახის პოპულაციაში. ყოველივე აღნიშნულის გამო ტბისა და მდინარის კალმახებს შორის სახეობრივი განსხვავებებს ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ.

მოკლე აღწერა: ფარავნის კალმახის სიგრძე 50-60 სმ-მდეა, ხოლო წონა 4-5 კგ (8 კგ-მდეც აღწევს). მას გვერდებზე, უმეტესად, ღია ფერის არშია შემოვლებული წითელ-ნარინჯისფერი და შავი ხალები აყრია, ხოლო მუცლის მიდამო მოთეთრო-მონაცრისფრო, სპილენძისფერ-ყვითელში გარდამავალი ელფერისაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტბისა და მის აუზში შემავალი მდინარეების კალმახი ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნება, თუმცა ზომებში გარკვეული განსხვავებები მაინც აღინიშნება: ფარავნის ტბაში დაჭერილი კალმახი.

როგორც წესი, რამდენადმე უფრო დიდი ზომისა და წონისაა. მამრი მდედრისგან განსხვავდება უფრო მცირე ზომითა და წონით, შედარებით დიდი თავით, კბილების მეტი რაოდენობით და ტოფობის პერიოდში მკვეთრი შეფერილობით. ასაკოვან მამრს ქვედა ყბა, როგორც წესი, ზედა ყბისკენ აქვს აპრეხილი. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში. არსებობის უმეტეს პერიოდს ის ატარებს ფარავნის ტბაში, ტოფობისას კი, როგორც წესი, გადის ამ ტბაში ჩამდინარე მდინარეებში- შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვკის წყალი, ან ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამომდინარე ფარავნის წყალში.

ტოფობს თხელწყლიან, ხვინჭა-ქვიშიან ადგილებში თავისსავე ამოთხრილ ორმოებში, როდესაც წყლის ტემპერატურა +4…+8°C. მისთვის ოპტიმალური გარემოა +8…+16°C ტემპერატურის წყალი, საუკეთესოდ იკვებება +10…+12°C- ზე; ჭამს მწერებს და მათ მატლებს, კიბოსნაირებს, ლოკოკინებს, ჭიებს და სხვ. ეწევა მტაცებლურ კვებასაც, უმეტესად ჭამს პატარა თევზებსა და მათ ქვირითს, ბაყაყებს და ა.შ. საერთოდ არ იკვებება +3°C- ზე დაბალ და +18°C- ზე მაღალ ტემპერატურაზე.

დღევანდელი მდგომარეობა: ძვირფასი სარეწაო მნიშვნელობის თევზია; ახლო წარსულში ფარავნის ტბაში ყოველწლიურად იჭერდნენ 50-80 ცენტნერს თევზს და, მასში საკმაო ხვედრითი წილი მოდიოდა კალმახზე. ბოლო წლებში აქ თევზის მოპოვება შემცირდა 10-20 ცენტნერამდე. ამჟამად ტარდება კალმახის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის № 423 დადგენილებით მდინარის და ტბის კალმახის ჭერა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში.

წყარო: elkana.org.ge