რა პროექტები დაფინანსდება, როგორ განაწილდება თანხა და რომელი სოფლები დაფინანსდებიან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით
ორწლიანი შეჩერების შემდეგ მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა. სოფლებში პროექტების შერეჩევის პროცედურა უკვე იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, 3 700 სოფლის კრება ჩატარდება. რა პროექტები დაფინანსდება, როგორ განაწილდება თანხა სოფლების მიხედვით, ვინ ვერ მიიღებს დაფინანსებას და რა ხარვეზებია დადგენილებაში, რომელიც პროგრამის განხორციელებისთვის მთავრობამ სპეციალურად გამოსცა?
რა თანხა დაიხარჯება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე?
როგორც ცნობილია, წელს ამ პროგრამისთვის მხოლოდ 20 მილიონი ლარია გამოყოფილი მაშინ, როცა მის დახურვამდე, წლების განმავლობაში პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად 50 მილიონი ლარი იყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ, თუ წელს პროგრამა კარგად წარიმართება, გაისად შესაძლებელია, ბიუჯეტიც გაზარდონ. “თანხის მოცულობა მცირეა, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მომდევნო წლებისთვის შესაძლებელია თანხის გაზრდაზე ფიქრიც. შევხედავთ, რა ტიპის გამოცდილება დაგვიგროვდება. ეს გამოცდილება გვაჩვენებს, შემდეგი წლებისთვის რამდენი იყოს აღნიშნული პროგრამა”, – უთხრა droa.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
რომელი სოფლები არ ჩაერთვებიან პროგრამაში?
2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3633 სოფელია, თუმცა, როგორც ირკვევა, პროგრამაში ყველა მათგანი ვერ ჩაერთვება.
წინა წლებისგან განსხვავებით, 2019 წელს სოფლის მხაარდაჭერის პროგრამიდან თანხებს ცენტრალური მთავრობისგან აჭარის სოფლები ვერ მიიღებენ. ეს ინფორმაცია აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათთვის ბოლო წუთამდე არავის უთქვამს, რომ პროგრამის განხორციელება აჭარაში გადაიფიქრეს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საკითხზე მკაფიო განმარტებას არ აკეთებს. ერთადერთი, რაც ითქვა, არის ის, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამგვარი პროგრამა აჭარის მთავრობამ დამოუკიდებლად შეიმუშაოს და თავად დააფინანსოს 322 სოფლის საჭიროებები. ფაქტია, რომ ამისთვის მზად არც აჭარის მთავრობა იყო და პროგრამისთვის თანხების მოძიება ახლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა თანხებით განხორციელდება პროექტი, ან განხორციელდება თუ არა ის წელს საერთოდ. დღევანდელი მოცემულობით, ფაქტია, რომ აჭარის 322 სოფელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გათიშულია.
პროგრამა, ასევე, არ განხორციელდება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და თვითმმართველ ქალაქებში, ვინაიდან ისინი საქალაქო ტიპის დასახლებებია. ცხადია, პროგრამა ვერ ხორციელდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
დაფინანსებას ვერ მიიღებენ დაცლილი სოფლებიც. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით კი, საქართველოში 223 სოფელში არც ერთი მცხოვრები არაა რეგისტრირებული. თუმცა, ზაფხულობით ამ სოფლების დიდ ნაწილში მოსახლეობა საგრძნობლად მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მუნიციპალურ სერვისებს (გზას, გარეგანათებას, წყალს და ა.შ.) ისევე საჭიროებენ, როგორც მუდმივად სოფელში მცხოვრები ადამიანები.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ, ვინაიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მთავარი კომპონენტი მოსახლეობის ჩართულობაა, ხოლო დაცლილ სოფლებში მუდმივად მცხოვრები ადამიანები, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირები, არ არიან, ეს სოფლები პროგრამიდან ამოიღეს. თუმცა, უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, ეს მართლაც იყოს პროგრამის ხარვეზი და მომდევნო წლებში ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ.
როგორც უკვე გითხარით, მთავრობა პროგრამის განხორციელებისას 2014 წლის აღწერის მონაცემებს დაეყრდნო, თუმცა, მას შემდეგ სოფლებში ვითარება შეიცვალა. მაგალითად, მთის კანონის ამოქმედების შემდეგ სოფლები გაიყო, მაგრამ რადგან გაყოფილი სოფლები 2014 წელს არ არსებობდა, აქ პროგრამის განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები – ზემო და ქვემო მაღარო. გარდა ამისა, გარკვეულ ე.წ. დაცლილ სოფლებში ბოლო წლებში მუდმივი მცხოვრებლები გაჩნდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვერც ეს სოფლები მოხვდნენ პროგრამაში. ასეთია, მაგალითად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომისუბანი, რომელიც პროგრამის მიღმა დარჩა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ იციან და მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციაც მისცეს, რომ მათთვის განკუთვნილი თანხები ასეთ პრობლემურ სოფლებზეც გადაანაწილონ.
როგორ განაწილდება 20 მილიონი ლარი იმ სოფლებზე, სადაც პროგრამა განხორციელდება?
რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, თუმცა, თანხა სოფლებზე პროპორციულად არ განაწილდება. მთავარი განმსაზღვრელი, ამ შემთხვევაში, დასახლების ზომა იქნება. კერძოდ:
- დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ამგვარი სოფელი, ჯამში, ოკუპირებული რეგიონების, თბილისს შემოერთებული სოფლებისა და აჭარის სოფლების გარეშე, 1452-ია.
- 6 000 ლარი გამოეყოფა დასახლებას, რომელშიც მცხოვრებთა რაოდენობა 201-დან 400 მაცხოვრებელს შეადგენს.
- დასახლებას, რომელშიც 401-დან 1 000 მცხოვრებამდეა, 8 000 ლარი გამოეყოფა;
- 1 000 მცხოვრებზე მეტი რაოდენობის დასახლებას კი 10 000 ლარი გამოეყოფა. ჯამში, ამგვარი სოფელი, იმ სოფლების გამოკლებით, რომელშიც პროგრამა არ განხორციელდება, 354-ია.
გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული თანხისა, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ეძლევა, ამა თუ იმ პროექტის თანხის ოდენობა თანადაფინანსებით გაზარდოს, რომლისთვისაც შეუძლია, თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოს, ან დონორი ორგანიზაციებიდან მოიზიდოს, თუმცა, ეს თანხა პროექტის ღირებულების 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
რა პროექტები დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან?
რამდენიმე წლის წინ ეს საკითხი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. იყო შემთხვევები, როცა ამ პროგრამით რამდენიმე სოფელმა კუბო-მაცივრებიც კი შეიძინა.
მოგვიანებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა, თუ რას შეიძლებოდა, სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარებოდა.
ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ აღდგენილი პროგრამიდან დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი ამჯერადაც მკაფიოდ განსაზღვრულია. კერძოდ, დაფინანსდება: სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდა); წყაროების მოპირკეთება; სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების, ხიდების, ცხაურების, ხიდბოგირების, გადასასვლელების მოწყობა; გარეგანათების დამონტაჟება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით მოწყობა; ამბულატორიის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; კულტურის ობიექტების მოწესრიგება; სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოედნები და მოედნების ინვენტარის შეძენა; სკვერებისა და სველი წერტილების მოწყობა შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა; სასაფლაოს შემოღობვა; თავშეყრის ადგილებისა და მოსაცდელების მოწყობა; მინიჰესების მოწყობა და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
როგორ ჩაერთვებიან პროცესში სოფლის მცხოვრებლები?
გარდა იმისა, რომ ადგილებზე მცირე ინფრასტრუქტურა მოგვარდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ყოველთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილების მიღებაში უშუალოდ მოქალაქე იყო ჩართული – ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, საერთო კრებაზე სწორედ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი საკუთარი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი განეხორციელებინა.
როგორ შეირჩევა ამჯერად პროექტი?
მოქალაქეთა მონაწილეობა ახლაც პროგრამის უმთავრესი კომპონენტია. თუმცა, მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე, სოფლების ნაწილში კონსულტაციები, ნაწილში კი დასახლების საერთო კრებები ჩატარდება. კერძოდ:
- დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500
ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფს
შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი; - დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000
ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა; - დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს,
პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს
არანაკლებ 200-მა ამომრჩეველმა. ამომრჩევლებთან კონსულტაციების ორგანიზებას კი მერი ან მისი უფლებამოსილი პირი განახორციელებენ.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, თუ დასახლების საერთო კრების, ან ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ორმა ან მეტმა საპროექტო წინადადებამ სხვებზე მეტი და თანაბარი რაოდენობის ხმა მიიღო, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროექტი განხორციელდეს, მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს.
წინა წლებისგან განსხვავებით, სოფლებს აღარ ეძლევათ შესაძლებლობა, ერთობლივად მოაგვარონ ის პრობლემები, რომელიც, შესაძლოა, ორ ან რამდენიმე სოფელს ერთობლივად აწუხებდეს. მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის იმ სისტემების რეაბილიტაცია, რომელიც ორ ან რამდენიმე სოფელს ამარაგებს. ასევე, აიკრძალა ერთი სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სხვა სოფლის საჭიროებების დაფინანსება.
გარდა ამისა, თუ წინა წლებში ვალდებულება იყო, რომ სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმებულიყო შესაბამისი დასახლების მოსახლეობა, 2019 წლის დადგენილებაში ეს მოთხოვნა აღარ დევს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება კანონმდებლობის შეცვლამ გამოიწვია.
რატომ აღარ არის სავალდებულო კონსულტაციისას სხდომის ოქმის შედგენა?
წინა წლებისგან განსხვავებით, მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღარ წერია, რომ მუნიციპალიტეტებმა, მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვის შემდეგ, სხდომის ოქმი უნდა შეადგინონ. არადა, ეს ერთ-ერთი სავალდებულო მექანიზმი იყო იმისათვის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებს მოქალაქეები მართლაც ჩაერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ დასახლების საერთო კრების გამართვის წესებს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” არეგულირებს, კონსულტაციები, როგორც ჩართულობის ერთ-ერთი ფორმა, კანონმდებლობით არ არსებობს, ამიტომაც ამგვარი ფორმის შემოღებისას მისი გამართვის წესები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დროს ყოველთვის დადგენილებით განისაზღვრებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ კონსულტაციის გამართვის წესი მუნიციპალიტეტებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში ჩაწერეს, თუმცა, იმასაც ადასტურებენ, რომ სახელმძღვანელოს მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი აქვს და არა – სავალდებულო.
ვინ მიიღებს პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას?
პოზიტიური სიახლეა ის, რომ გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსების შესახებ მუნიციპალიტეტების საკრებულოები მიიღებენ, თუმცა, პროექტების ჩამონათვალსა და ხარჯთაღრიცხვას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაინც გაუგზავნიან. განკარგულება მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ კი საქართველოს მთავრობამ უნდა გამოსცეს, იმიტომ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და არა – მუნიციპალური ბიუჯეტებიდან.
თუმცა, საკრებულოებმა მათთვის განკუთვნილი თანხების განაწილება 1 აპრილამდე უნდა მოასწრონ. თუ ამ დრომდე ისინი თანხებს სრულად ვერ გაანაწილებენ, დარჩენილი თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება და მას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს მოახმარენ.
მუნიციპალიტეტებმა კონსულტაციებისა და საერთო კრებების ჩატარება უკვე დაიწყეს. პროცესის მონიტორინგს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. როგორ წარიმართება სოფლის მხარდაჭერის აღდგენილი პროგრამა ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჩაერთვება თუ არა აქტიურად მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რეალურად გაითვალისწინებენ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებები მოსახლეობის ინტერესებს, ამის თაობაზე ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.
PS. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით გაიზრდება. გაიზარდა სოფლების დაფინანსების მოცულობაც.
წყარო: droa.ge