ფერმერის შრომა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და სასურსათო უსაფრთხოების საფუძველია
ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით ყურადღბა გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე, ფერმერთა შრომის როლსა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე.
როგორც ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინსტრმა აღინიშნა, ფერმერის შრომა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოებას, სოციალურ სტაბილურობასა და სოფლის გაძლიერებას. ფერმერთა საქმიანობა პატრიოტიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებადაც შეფასდა.
გამოსვლისას ყურადღება გამაახვილდა სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარების მაჩვენებლებზე. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,5-ჯერ მეტია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი 5,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6% შეადგინა.
აღინიშნა დასაქმების მიმართულებით მიღწეული შედეგებიც: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელმა 11,2%-მდე იკლო.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა მუდმივ ზრუნვას, თანმიმდევრულ პოლიტიკასა და განვითარების გაგრძელებას საჭიროებს.
საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერება იყო.
წარმოდგენილი ინფორმაციით, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა. აგროსასურსათო სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი — 24% მოდის.
ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს ამოქმედდა ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „ფერმერთა რეესტრი“.
ასევე აღინიშნა სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდებისა და ქალი ფერმერების მზარდი ჩართულობა. მათი მონაწილეობა დარგში ახალი ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შემოტანას უკავშირდება.
ღონისძიების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აგრობიზნესის წარმომადგენლებს ფერმერის დღე მიულოცა და დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 10 ფერმერი დააჯილდოვა.
ფერმერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. წარმოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებლები ზრდის დინამიკაზე მიუთითებს, თუმცა დარგის გრძელვადიანი გაძლიერება მხოლოდ მიღწეული შედეგების შენარჩუნებით არ შემოიფარგლება.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამებმა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ფინანსური რესურსები, ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიები, ხოლო მხარდაჭერის შედეგები შეფასდეს რეალური წარმოების ზრდით, ფერმერთა შემოსავლების გაუმჯობესებითა და სოფლის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობით. სწორედ ამ მიმართულებების თანმიმდევრული განვითარება განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის მომავალ მდგრადობას.

