ბლოგიდარგებიმედია

„სისხლიანი მერი“/bloody Mary _ რეცეპტი თუ როგორ გავამდიდრე ნიდერლანდელი ბარმენი

(ნამდვილი ამბავი)

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, დროის ხუთწლიან მონაკვეთში განვითარდა ჰოლანდიის პატარა ქალაქ ოლდენზაალსა და მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ სერპუხოვოში.

მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში დიდად განებივრებული არ ვიყავით ამერიკული ფილმებით, მაგრამ რის ნახვასაც ვახერხებდით, ლამის ზეპირად ვიცოდით თავის დიალოგებიანად. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია სასმელმა, რომელსაც ველური დასავლეთის სალუნებში ამერიკელი კოვბოები მოითხოვდნენ ხოლმე განსაკუთრებული რიხით – bloody Mary, ანუ სისხლიანი მერი. (მოგვიანებით გავიგე, რომ კოქტეილის დასახელება დედოფალ მარია სტიუარტს უკავშირდებოდა). ერთი სული მქონდა, როგორც კი საშუალება მომეცემოდა, გამესინჯა.

1990 წელს კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ შეიქმნა სტუდია „+1“, სადაც ბატონ რეზო ესაძესთან ერთად მომიწია მუშაობა. მოხდა ისე, რომ მივლინებით გავემგზავრე ჰოლანდიაში დედა დედოფლის დღესასწაულზე. ჩვენი დელეგაცია გერმანიის საზღვართან ახლოს, ქალაქ ოლდენზაალში დაბინავდა, რომლის იპოდრომზეც დიდი საზეიმო ცერემონია იგეგმებოდა. სასტუმროს მეპატრონე პიტერ მუურმანი მალე დაგვიმეგობრდა და როგორც მერე გამოირკვა, არც უნანია. 

ჩვენთვის უფრო იოლად სათქმელ მურმანად გადაქცეულს, ერთ დღეს ვთხოვე, სისხლიანი მერი მოემზადებინა. მე კიდევ გაფაციცებით ვაკვირდებოდი, რომ დამემახსოვრებინა. მასპინძელმა აიღო ჭიქა, ჩაასხა შიგ ჩვეულებრივი ტომატის წვენი, შემდეგ დაამატა არაყი, აურია და მომაწოდა. წარმოგიდგენიათ ჩემი იმედგაცრუება?!

თქვენი ნებართვით, მცირე გადახვევას გავაკეთებ და ნიდერლანდებიდან ქალაქ სერპუხოვოში გადავინაცვლებ, სადაც ამ ამბამდე ხუთიოდე წლით ადრე მივლინებით გახლდით, ოღონდ უფრო მოსაწყენ და ტრივიალურ გარემოში.

სერპუხოვოს სასტუმროს წინ მინის ტარის მიმღები პუნქტის უკანა ეზო იყო, სადაც, ძირითადად, „ბომჟები“ იკრიბებოდნენ და ჩემი გასართობიც მათი ცქერა იყო.

ერთ დილით, წინადღის „საქმიანი“ შეხვედრიდან თავატკივებულს მასპინძელმა მომაკითხა. შემომხედა და მითხრა, შენ ახლა კოსტია სილვერი თუ გიშველისო. მერე მომკიდა ხელი, ჩამიყვანა მინის ტარის მიმღებ პუნქტში და იქ გავიცანი ცალფეხა კოსტია, რომლისთვისაც ვიღაცას, ცნობილი ხისფეხა მეკობრის დარად, სილვერი შეერქმია.

მასპინძელმა თვალით ანიშნა, ჩვენიანიაო და კოსტიამ პატარა ოთახში შეგვიყვანა. აიღო ორი თლილი ჭიქა, ჩაასხა შიგ სქელი ტომატის წვენი, ჩაყო ჭიქაში დანის წვერი და ზედ ფრთხილად ასხამდა არაყს, რომელიც ცალკე ფენად დარჩა. შემდეგ უფრო ვიწრო ჭიქა დააფარა არაყს და იმავე წესით ისევ ტომატის წვენი ჩაასხა, ჭიქის ერთ მხარეს მარილი მოაყარა და მოგვაწოდა. გამოვიდა, რომ მარილიან ტომატის წვენს მოსდევდა არაყი და შემდეგ ისევ ტომატის წვენს ვაყოლებდით… 

რამდენად უშველა ჩემს „პახმელიას“ კოსტია სილვერის მკურნალობამ, ეს ცალკე ისტორიაა, მე კი ახლა ისევ ჰოლანდიაში უნდა დაგაბრუნოთ.

მურმანს (პიტერს) ვუთხარი, რომ „სისხლიანი მერი“ ასე არ კეთდებოდა და ცოტა შეშინებულმა (ვაი-თუ არ გამომსვლოდა), კოსტიას მეთოდით მოვამზადე სასმელი. მასპინძელი გაფაციცებით მაკვირდებოდა. სასმელი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

როდესაც მურმან-პიტერმა კოსტია სილოვერის მეთოდით მომზადებული „სისხლიანი მერი“ გასინჯა, დახლიდან გამოვიდა, სერიოზული სახით გვერდზე გამიყვანა და მეკითხება, რამდენად მომყიდი ამ რეცეპტსო? სიცილი ამიტყდა – ჩვენთვის მაშინ მსგავსი რამეები აბსოლუტურად გაუგებარი იყო – და ვუთხარი, არ ვყიდი, გჩუქნი-მეთქი. 

ამის შემდეგ, მომდევნო 1991 წელს, სამი თვე გავატარე გერმანიაში. როდესაც საშუალება მომეცა, მეგობრებთან ერთად გადავედი ჰოლანდიაში. ნაცნობ სასტურმოს რომ მივუახლოვდი, იქაურობა ძლივს ვიცანი. შენობას ორი სართული დამატებოდა, ხოლო ბარის შესასვლელს მარია სტიუარტის გამოსახულება და წითელი ასოებით წარწერა ამშვენებდა: bloody Mary. 

პიტერ მუურმანმა გულიანად გვიმასპინძლა, ორი დღე არ გამოგვიშვა, ბარში შემოსულ სტუმრებს (ასეთები კი მრავლად იყვნენ) ჩემ თავს აცნობდა „სისხლიანი მერის“ კოქტეილის ავტორად და ამაყად ამატებდა, ჩემი მეგობარიაო.

არც მე და არც ჩემს მეგობრებს ამის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, იმედი მაქვს, არც კოსტია სილვერი დამრჩებოდა ნაწყენი.

თამაზ ჩიქვანაია