საქართველოს ვენახების ჯიშობრივი შემადგენლობა და მისი განლაგება მევენახეობის რაიონების მიხედვით
საქართველოს ვაზი ჯიშობრივი შემადგენლობა საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა. საწარმოო ასორტიმენტის ჩონჩხს შეადგენს ჰავასა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები. საქართველოს რელიეფის განსაკუთრებულ სირთულეს, ნიადაგისა და ჰავის პირობების ხშირ ცვალებადობას შედარებით მცირე სივრცეზე არ შეეძლო არსებითი გავლენა არ მოეხდინა ვაზის ჯიშობრივ შემადგენლობაზე.
ეკოლოგიური პირობების აღნიშნული ცვალებადობის შესაბამისად საუკუნეთა განმავლობაში გამომუშავდა ვაზის დიფერენცირებული ასორტიმენტი, რომელიც არ სცილდებოდა (ხშირად ახლაც არ სცილდება) პირველწარმოშობის ადგილს. ვაზის ჯიშების ასეთი თავმოყრა მევენახეობის ცალკეულ რაიონების მიხედვით სრულ უფლებას გვაძლევს მივიჩნიოთ ისინი კახეთის, იმერეთის, ქართლის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, აფხაზეთის, აჭარისა და სხვა რაიონების ვაზის ადგილობრივ ჯიშებად.
ეს ჯიშები ხანგრძლივი ბუნებრივი და ხელოვნური შერჩევის წყალობით კარგად შეეგუენ თავისი გავრცელების პირვანდელ რაიონს და ამრიგად მოაღწიეს დღევანდლამდე. ზოგიერთი უფრო ფართო შეგუებითი თვისებების მქონე ჯიში გასცდა პირვანდელი გავრცელების რაიონს და ფართოდ ინერგება სხვა რაიონებშიაც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას (რამდენადაც საქართველოზე გადიოდა აზიასა და ევროპასთან დამაკავშირებელი სავაჭრო გზები) არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა საქართველოსა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ვენახების ჯიშობრივ შემადგენლობაზე. დანამდვილებით ცნობილია, რომ შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო ჯერ კიდევ VIII საუკუნეში (ჩვენს ერამდე) წარმოადგენდა აყვავებულ მილეტის კოლონიებს. ამ კოლონიების მეშვეობით ბერძნები ეწეოდნენ ვაჭრობას საქართველოზე გავლით ცენტრალურ აზიასა და ინდოეთთან. დიოსკურიაში (სოხუმში), სტრაბონის თქმით, ბაზარზე იკრიბებოდა 70 ენაზე მოლაპარაკე ტომი, რომელთაც მოჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მათ შორის ყურძენიც, რომელსაც სტრაბონი დიდ ქებას ასხამს (მ. ბალასი, 81).
მაშასადამე, როგორც შორეულ წარსულში, ისე შემდგომაც არსებობდა ვაზის ჯიშების გაცვლის შესაძლებლობა შემოტანაგატანის საშუალებით. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვაზის ზოგიერთი ჯიში შემოჰქონდათ საქართველოში, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობდა მეზობელ ქვეყნებში ქართული ვაზის საუკეთესო ჯიშების გატანისა. დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშების დიდი მსგავსება დასავლეთ ევროპის ჯიშებთან ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს.
ჯიშთა გამოცდის მონაცემები, რომლებიც მოპოვებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე (ლონგეილი, ტიებო – იმერეთში, ს. დადიანი – სამეგრელოში, კრიშტოვიჩი – აჭარაში, მარი – გურიაში და ყოფილი საუფლისწულო მამულები კახეთში, ქართლში და სხვაგან), ადასტურებს გარემო პირობებისადმი კარგად შეგუებული ადგილობრივი ვაზის ჯიშების უპირატესობას უცხოეთიდან შემოტანილ საუკეთესო ვაზის ჯიშებთან შედარებით, თუმცა უცხოეთის ვაზის ზოგიერთმა ჯიშმა საქართველოს ცალკეულ რაიონებში კარგი შედეგები მოგვცა, როგორც მაგალითად, ალიგოტემ და პინო შავმა – ქართლში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, შარდონემ და სემილონმა – იმერეთში (ვაჭევი, ვარციხე), კაბერნე სივონიონმა – კახეთში, შასლამ – თითქმის ყველა რაიონში.
ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობა საქართველოში ფრიად მდიდარია და დაახლოებით მათი საერთო რაოდენობა 500 სახელწოდებას აღემატება. ამ რაოდენობიდან საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში შეგროვილი და ინვენტარიზებულია ვაზის 350 ჯიში. ადგილობრივი ჯიშები შეგროვილია აგრეთვე საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონში, დიღმის საბჭოთა მეურნეობაში, აფხაზეთის მევენახეობის დასაყრდენ პუნქტზე – ახალსოფელში (გუდაუთის რაიონი) და მევენახეობის ძირითადი რაიონების დასაყრდენ პუნქტებზე. სულ შეგროვილია 400-მდე ქართული ვაზის ჯიში. ყველა რაიონი სავსებით გამოკვლეული და ქართული ვაზის ჯიშების სიმდიდრე მთლიანად გამოვლინებული ჯერ კიდევ არ არის. ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელების შემდეგ ჯიშების ერთი ნაწილი (მეტადრე სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის) დაიღუპა, რადგან იმ დროს ამ ავადმყოფობათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებანი მოსახლეობისათვის ცნობილი არ იყო. დარჩა მხოლოდ მათი სახელები, ზოგი კი გადარჩენილია ერთეული ძირების სახით და ამჟამად წარმოებს მათი გამრავლება საკოლექციო ნაკვეთებზე შესწავლისა და გავრცელების მიზნით.
ვაზის ადგილობრივი ჯიშების დამახასიათებელი თავისებურება მათ დიდ მრავალფეროვნებაშია. იგი გამოიხატება მორფილოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების ფართო ცვალებადობაში, რაც არ იძლევა ქართული წარმოშობის ვაზის ჯიშების ერთ რომელიმე ეკოლოგიურ ჯგუფზე მიკუთვნების საშუალებას.
აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მოყვანილია ვაზის ადგილობრივი ჯიშების ბოტანიკური და სამეურნეო ნიშანთვისების ცვალებადობის ამპლიტუდა. ამის დასახასიათებლად გამოყენებულია ვაზის შემდეგი ბოტანიკური და სამეურნეო ნიშან-თვისებები:
ა) ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა,
ბ) მტევნის ზომა და ფორმა,
გ) მარცვლის სიდიდე და ფორმა,
დ) მარცვლის შეფერვა,
ე) პირველი მოსავლის მოცემის ვადა,
ვ) ჯიშების სრული სიმწიფის პერიოდები,
ზ) შედარებითი გამძლეობა ზამთრის ყინვებისა და ვაზის ავადმყოფობათა და მავნებლებთა მიმართ,
თ) ყურძნის მოხმარების ძირითადი მიმართულება.
ფოთლის ქვედა მხარის შებუსვის მიხედვით ვაზის ადგილობრივი ჯიშები წარმოგვიდგენს სრულიად შეუბუსავ და ოდნავ შებუსვილფოთლიანიდან (სუსტი ჯაგრისებრი ბუსუსი) სქელ ქეჩისებრ შებუსვილ ფორმებამდე გადასვლის თითქმის ყველა საფეხურს. ამასთან, შებუსვილფოთლიანი ჯიშები გაცილებით მეტია (80%), ვიდრე უბუსუსო და ჯაგრისებრ შებუსვილი ჯიშები (20%).
ფოთლის ფირფიტის შებუსვის ხასიათითა და ინტენსივობით საქართველოს ცალკეული მხარეების ჯიშები საგრძნობლად განირჩევიან ერთმანეთისაგან. დასავლეთ საქართველოს ჯიშებს ძირითადად ქეჩისებრ შებუსვილი ფოთლები აქვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო სჭარბობს აბლაბუდისებრ შებუსვილი და ნაწილობრივ შიშველფოთლიანი (უბუსუსო) ჯიშები.
მტევნების სიგრძე მნიშვნელოვნად ცვალებადობს, სახელდობრ: 8 სმ-დან (მახვატელი, კუნძა, შავი კუმსი) 40-50 სმ-მდე (მხარგრძელი, გრძელმტევანა). გრძელმტევნიანი (25 სმ ზევით) ჯიშები საშუალოდ შეადგენს 11%-ს, მოკლემტევნიანები კი – 8-12 სმ) 22%-ს.
ჯიშების დიდ უმრავლესობას (67%) საშუალო ზომის მტევნები აქვს. დასავლეთ საქართველოში სჭარბობს საშუალო და მოკლემტევნიანი ჯიშები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – საშუალო და გრძელმტევნიანი ჯიშები. მარცვლის ზომა მერყეობს 1,0-დან 3,0 სმ-მდე (ოცხანური საფერე, კოლხური ხარისთვალა). საერთოდ, უფრო ხშირად გვხვდება საშუალო ზომის მარცვლებიანი ჯიშები.
საშუალო ზომის მარცვლებიანი ჯიშები (1,5-დან 2 სმ-მდე) 77%-ს შეადგენს, მათ მოსდევს წვრილმარცვლიანი (1,0-დან 1,5 სმ-მდე) ჯიშები (14%) და, ბოლოს, მსხვილმარცვლიანი (2 სმ და უფრო მსხვილი) ჯიშები (9%).
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად სჭარბობს მსხვილმარცვალა ჯიშები. მარცვლის ფორმა ძირითადად მომრგვალოა (71%), ოვალურმარცვლებიანი ჯიშები შეადგენს 23%-ს, მოგრძომარცვლებიანი – 4%-ს და ოდნავ შეზნექილ მარცვლებიანი – 2%-ს.
მარცვლის შეფერვის მიხედვით ქართული ვაზის ჯიშები საგრძნობლად განსხვავდებიან: გვხვდება სხვადასხვაგვარი ფერისა, დაწყებული მომწვანო-მოყვითალოთი და გათავებული მუქი ლურჯი, თითქმის შავი შეფერვით. უფრო ხშირად გვხვდება მოყვითალო-ქარვისფერი მარცვლებიანი, იშვიათად – კვამლის ფერი (კურკენა) და მუქი რუხი – ღრუბლისფერი (ღრუბელა) ჯიშები. მარცვლის შეფერვის მიხედვით სჭარბობს შავი ჯიშები (57%), თეთრი ჯიშები შეადგენს 38%-ს და ფერადი ჯიშები – 5%-ს.
პირველი მოსავლის მოცემის ვადის მიხედვით ადგილობრივი ვაზის ჯიშები მცირედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და შედარებით ადრე, მე-3, მე-4 წლიდან იძლევიან პირველ მოსავალს. ამ ნიშნით ისინი მკვეთრად განირჩევიან შუა აზიისა და სომხეთის ვაზის ჯიშებისაგან, რომლებიც პირველ მოსავალს დარგვიდან მე-5, მე-6 წელს იძლევიან. პ
ირველი მოსავლის ადრე მიღებას დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს და იგი ბევრადაა დამოკიდებული კვების პირობებზე. არის შემთხვევები ნაყოფის (ნიშნის) დარგვის პირველ წელსვე გამოღებისა. მდიდარ, ნოყიერ, ტენიან ნიადაგზე ამის მაგალითები იშვიათი არაა. მაღალი აგროტექნიკის გამოყენებით მნიშვნელოვნად შეიძლება დაჩქარდეს ჯიშების დიდი უმრავლესობის სრული მოსავლის მიღების დრო.
მნიშვნელოვან მერყეობას იჩენენ ადგილობრივი ვაზის ჯიშები აგრეთვე სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობისა და სრული სიმწიფის დადგომის ვადის მიმართ. ყურძნის დამწიფება იწყება აგვისტოს ნახევრიდან და გრძელდება დეკემბრის დამლევამდე.
სუბტროპიკული ზონის ჯიშები – ამლახუ, კაჭიჭი, ავასირხვა, ოჯალეში, ჩხავერი, ჯანი და სხვანი ძველად დეკემბრის პირველ ნახევარში იკრიფებოდა.
საქართველოს რაიონების კლიმატური პირობების შესაბამისად, სიმწიფის პერიოდების მიხედვით, ვაზის ჯიშები შემდეგნაირადაა განლაგებული: ქართლში, მესხეთში, სამხრეთ-ოსეთში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ზემო იმერეთი) ძირითადად გავრცელებულია საადრე ჯიშები – სიმწიფის I და II პერიოდისა; კახეთში, ბოლნის-მარნეულში, რაჭალეჩხუმში გავრცელებულია შუა პერიოდის სიმწიფის ჯიშები, ძირითადად სიმწიფის II და III პერიოდისა; იმერეთში გავრცელებულია საგვიანო ჯიშები, ძირითადად სიმწიფის III და IV პერიოდისა; შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში მეტწილად უფრო საგვიანო ჯიშები გვხვდება, ძირითადად სიმწიფის IV და V პერიოდისა.
იმერეთში და ზოგიერთ სხვა რაიონშიაც ნაწილობრივ საადრეო ჯიშებიცაა გავრცელებული. ე. ვაწაძის მონაცემებით ძველად ყურძნის კრეფას იმერეთში სამ ვადაში აწარმოებდნენ: ვაზების პირველი ჯგუფი, ე.წ. „სამაჭრე“ ჯიშები – ქველოური, ძელშავი, მაისა და მაჩანოური იკრიფებოდა აგვისტოს მეორე ნახევარში და ღვინოს სვამდნენ შენელებული დუღილის დროს (მაჭრად). აქედან არის წარმოშობილი მათი საერთო სახელწოდება სამაჭრე;
ჯიშების მეორე, ძირითადი, ჯგუფი – ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა იკრიფებოდა ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევაში;
მესამე ჯგუფი – ოცხანური საფერე, არგვეთული, კამური და სხვები იკრიფებოდა ოქტომბერში, ზოგჯერ ნოემბერშიაც (ძველი სტილით).
მნიშვნელოვან ცვალებადობას იჩენენ ადგილობრივი ჯიშები ზამთრის ყინვების, სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერისადმი გამძლეობის მხრივაც. ზამთრის ყინვების მიმართ შედარებით გამძლენი არიან რქაწითელი, მწვანე, კოლხური ხარისთვალა, საფერავი, გორული მწვანე (ქვიშხური), მაჩანოური, რკო და სხვ. ზოგიერთი მათგანი, მაგ., რქაწითელი ყინვების მიმართ გამძლეობით არ ჩამოუვარდება მევენახეობის ჩრდილოეთი რაიონების ვაზის ჯიშებს: რისლინგს, პინო შავს და სხვებს. საფერავიც კი, რომელიც ნაკლებგამძლედ ითვლება ადგილობრივ ჯიშებს შორის, ამ მხრივ დასავლეთ ევროპისა და შუა აზიის ბევრ ვაზის ჯიშს სჯობნის. სოკოვან ავადმყობათა – ჭრაქისა (მილდიუმი) და ნაცრის (ოდიუმი) მიმართ გამძლეობით
დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშები მკვეთრად გამოირჩევიან სხვა მხარის ვაზის ჯიშებიდან. შედარებით უკეთესი გამძლეობით ხასიათდება: ჭრაქის მიმართ – ბაზალეთური, კუნძა, მგალობლიშვილი, გომის თეთრი, კოლხური ხარისთვალა, ცოლიკოური, ხოლო ნაცრის მიმართ – ანანურა, რკო, ჟღია და საფერავი. კიდევ უფრო მკვეთრად გამოირჩევიან ფოლოქსერის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით ჯიშები: ჩინური, ციცქა, რქაწითელი, ალექსანდროული, მწვანე, დინდღლაბი, ორბელური, ხარისთვალა თეთრი და სხვ.
საქართველოს ღვინოების მაღალმა ხარისხმა და ღვინის დაყენების ისტორიულად გამომუშავებულმა წესებმა წინასწარ განსაზღვრეს საქართველოს მევენახეობის ძირითადი მიმართულება საღვინე ვაზის ჯიშების შერჩევისა და მათი სამრეწველო გავრცელების გზით. მართლაც, საქართველოს ვაზის ჯიშების დიდი უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა; მათ ახასიათებთ – საშუალო სიდიდის მტევანი, მომცრო, წვნიანი, იშვიათად ხორციანი რბილობის მქონე მარცვალი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ვაზის ჯიშების ასორტიმენტში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა (30 ჯიშამდე) წარმოდგენილი საინტერესო სასუფრე ყურძნის ჯიშები, მაინც სასუფრე (სადესერტო) ყურძნის მიმართულებამ საქართველოში ვერ მოიპოვა სამრეწველო განვითარება.
ეს მოვლენა აიხსნება იმით, რომ რიგი საღვინე ჯიშებისა, როგორიცაა, მაგალითად, კრახუნა, რქაწითელი, ბუდეშური, მწვანე, ჩინური, ალადასტური, ბუერა და სხვები გარეგნული შეხედულებითა და გემოთი არ ჩამოუვარდება (თუ არა სჯობს) სასუფრედ საერთოდ აღიარებულ ჯიშ შასლას და ამიტომ მათ ფართოდ იყენებენ საჭმელად და შესანახად.
ნამდვილი სასუფრე ყურძნის მომცემი ჯიშები, რომლებიც საქართველოში ცნობილია „სათვალიო ყურძნისა“ და „საგობე ყურძნის“ სახელწოდებით და როგორიცაა: ქიშური, გორულა, თითა ქართლის, ხოფათური, წითელი ბუდეშური, კოლხური ხარისთვალა, შავი კრახუნა, ჯავახეთური, სირგულა, ცხენისძუძუ, კლარჯული, მსხვილთვალა და სხვები – კარგი გემოს, ლამაზი გარეგნული შეხედულებისა და მკვრივი კნატუნა რბილობის მიუხედავად, მაინც არ არიან გავრცელებული სამრეწველო მიზნით, თუმცა საკარმიდამო ნაკვეთებზე ამ ჯიშების რამდენიმე ათეული ძირი ყველგან გვხვდება.
ამრიგად, სასუფრე (სადესერტო) ყურძნად ძველად საქართველოში უმთავრესად საღვინე ჯიშების ვაზის ყურძენი გამოიყენებოდა.
ზამთრის პერიოდში მოსახმარებლად ყურძენს არჩევენ და ინახავენ ჯაგნებად ან თოკზე ასხმულს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გურიაში, სამეგრელოში) ყურძენს მოუკრეფავს ტოვებდნენ ვაზზე (მაღლარზე) და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ – იანვარ-თებერვალში. საღვინე ვაზის ჯიშების ყურძნის სასუფრე ყურძნად გამოყენების პრაქტიკა ახალ ვითარებაში არ გამოდგება.
მოსახლეობა მოითხოვს მაღალი ღირსების სასუფრე ყურძენს, რისთვისაც აუცილებელია ყურძნის მომცემი ჯიშების ფართო სამრეწველო მასშტაბით გავრცელება. ამისათვის საჭიროა შემუშავდეს და საბოლოოდ დამტკიცდეს სასუფრე ყურძნის ჯიშების ასორტიმენტი მევენახეობის ცალკეული რაიონებისათვის. საყურძნე ჯიშების ასორტიმენტი უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებული შეფერვის, გარეგნული შეხედულების, გემოს და, რაც მთავარია, სიმწიფის ყველა პერიოდის ჯიშების გაშენებას სამრეწველო მასშტაბით, რათა გახანგრძლივდეს ყურძნის მოხმარების სეზონი და დაკმაყოფილებულ იქნეს მოსახლეობის მოთხოვნილება მაღალხარისხოვან სასუფრე ყურძენზე.
„საქართველოს ამპელოგრაფია“ (1960),
ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე