აკაცია – (Acacia Sp. Div)
აკაცია მიეკუთნება პარკოსანთა ოჯახს და მიმოზასებრთა ქვეოჯახს, აკაციის გვარს. მისი ეთერზეთოვანი ფორმებია ვერცხლისებრი ანუ ლეგა აკაცია; ფარნეზიის აკაცია; ყვითელი აკაცია და თეთრი ანუ ცრუ აკაცია. საქართველოში კარგად ხარობს და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ორ სახეობას. ვერცხლისებრ ლეგა აკაციას, რომელსაც ჩვენში რატომღაც არასწორად მიმოზას ეძახიან და თეთრ აკაციას, რომელიც დასავლეთ საქართველოში ხშირად ეკლის ხის სახელწოდებითაც არის ცნობილი.
აკაციის გვარში 600-ზე მეტი სახეობაა გაერთიანებული. მისი სამშობლოა ავსტრალია, მაგრამ ის ფართოდააა გავრცელებული: აფრიკაში, ინდოეთში, ამერიკაში, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებში.
აკაცია სხვადასხვა სახის 6-9 მეტრამდე სიმაღლის მერქნიანი, ეკლიანი და უეკლო მცენარეა, საკმაოდ უხვად დატოტვილი კომპაქტური ვარჯით, რომლებიც ხშირად საკმაოდ მოზრდილ ვარჯს ინვითარებენ. გვხვდება აგრეთვე მცირე ზომის, იშვიათად, ნაგალა მცენარეთა სახითაც.
ტოტები უფრო ხშირად მორიგეობით აქვთ განწყობილი, მერქანი რუხი ფერისაა, რომლის მაგარ და გამძლე მერქანს წარმატებით იყენებენ ავეჯის დასამზადებლად და სამშენებლო საქმეში, მაღაროებში-სამაგრებად, სოფლის მეურნეობაში – ბაღ-ვენახების საყრდენებად, ჭიგოებად, სათბობად და სხვ.
აკაციის ზოგიერთი სახეობიდან ღებულობენ მთრიმლავ ნივთიერებებს, ზოგიდან-გუმფისს. აკაციის მცენარეებს იყენებენ ასევე ხეივნების გასაშენებლად და საერთოდ ლანჩაფტურ-დეკორაციულ მშენებლობაში. კარგ შედეგს იძლევა, აგრეთვე ციცაბო ფერდობების, ხევებისა და ძნელად მისაწვდომი ფართობების გასატყევებლად და ეროზიული პროცესებიდან დასაცავად. ის როგორც საუკეთესო თაფლოვანი მცენარე, მისი ყვავილის ნექტარიდან დამზადებული თაფლი ხასიათდება სამკურნალო თვისებებით.
ვერცხლისებრი აკაცია _ მარადმწვანე ხე ან მოზრდილი ბუჩქია, ორმაგი ფრთართული ფოთლებით. ფოთლები და ტოტები მოთეთრო ცვილისებრი ფიფქით აქვს დაფარული, რის გამოც ხეს მოვერცხლისფრო-მომწვანო ელფერი დაჰკრავს. ყვავილები შეკრებილია ოქროსფერ-ყვითელი საგველას სახით. ყვავილობს იანვრიდან-აპრილამდე. ადრეული ყვავილობის გამო მისი ყვავილები ძვირად ფასობს. ყვავილები კარგად გადასატანია, ამიტომ შავი ზღვის სანაპირო რაიონიდან ისინი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქების მოსახლეობას. ახასიათებს ფესვიდან ამონაყრის მოცემის უნარი და დიდი გამოყენება აქვს ფერდობების ჩამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებაში. ნიადაგებისადმი ვერცხლისფერი აკაცია არ არის დიდი მომთხოვნი. იგი ეგუება ღარიბ, ქვიან, უმთავრესად მჟავე ნიადაგებს. ივითარებს ზედაპირულ, მაგრამ ძლიერ დატოტვილ ფესვთა სისტემას. სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს -80 -მდე ყინვებს.
თეთრი აკაცია _ ფოთოლმცვენი ხე მცენარეა. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ავსტრალია. თეთრი აკაცია ძლიერ გავრცელებულია როგორც აზიაში, ისე ევროპაში. ჩვენში თეთრი აკაცია გვხვდება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. თეთრი აკაცია სინათლის მოყვარული მცენარეა. მას აქვს თხელი აჟურული ვარჯი და ნათელი კორომები. ყვავილობს მაის-ივნისში, თეთრი მოყვითალო ჩაქინდრული და სურნელოვანი ყვავილებით.
თეთრი აკაცია გვალვა და ქარგამძლე მცენარეა. იგი ნიადაგს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს, მაგრამ უკეთესად ვითარდება მსუბუქ, ზომიერად ტენიან და ნოყიერ ნიადაგებზე. კირით მდიდარ ნიადაგებზე იგი ხშირად ავადდება ქლოროზით. ყინვაგამძლეა თეთრი აკაციის ზოგიერთი ფორმა-400-მდეც კი უძლებს. თეთრი აკაცია კარგად იტანს გასხვლა-გაფორმებას. გამოყვანილია მისი სპეციალური დეკორატიული ფორმები ბაღ-პარკებისა და ეზო-კარმიდამოს მოსაწყობად.
აკაცია ძირითადად თესლით მრავლდება. მისი გამრავლება ფესვის ამონაყრით და ნაბარტყებითაც შეიძლება. აკაცია მუდმივ ადგილზე გაზაფხულზე და შემოდგომაზე უნდა დარგან. ყველა ფორმის აკაციის ყვავილებიდან ეთერზეთის მისაღებად ყვავილები უნდა მოკრიფონ დილის საათებში და გადაიგზავნოს ქარხანაში.
ყვავილებიდან ზეთი ექსტრაქციით უნდა გამოყონ, რომლის გამოსავალია 0.7 % – 1.0%; ხოლო ძირითადი ზეთის-0.118 %. მისი ეთერზეთი სურნელებით ჟასმინის ეთერზეთს ჩამოჰგავს, ეთერზეთის კომპონენტებია მეთილაცეტილენი, ლინალოლაცეტატი, ფარნეზოლი, გერანიოლი და სხვ.
აკაციის ყვავილებიდან კონკრეტას გამოსავალია 0.04-0.046 %. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი აკაციის ყვავილებიდან ექსტრაქციის მეთოდით მიღებული კონკრეტა არასაკმარისად ინარჩუნებს ყვავილს ნატურალურ სურნელებას, რაც აფერხებს მის ფართო გამოყენებას. მეცნიერები მუშაობენ, თეთრი აკაციის ყვავილების გადამუშავების უფრო სრულყოფილი წესის დასადგენად.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი