აკაცია – (Acacia Sp. Div)

აკაცია მიეკუთნება პარკოსანთა ოჯახს და მიმოზა­სებრ­თა ქვეოჯახს, აკაციის გვარს. მისი ეთერზეთოვანი ფორმებია ვერცხლისებრი ანუ ლეგა აკაცია; ფარნეზიის აკაცია; ყვი­თელი აკაცია და თეთრი ანუ ცრუ აკაცია.  საქართველოში კარ­გად ხარობს და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ორ სახეობას. ვერცხლისებრ ლეგა აკაციას,  რომელსაც ჩვენში რატომღაც არასწორად მიმოზას ეძახიან და თეთრ აკაციას, რომელიც დასავლეთ საქართველოში ხშირად ეკლის ხის სახელწო­დებითაც არის ცნობილი.

 აკაციის გვარში 600-ზე მეტი სახეობაა გაერთიანებული. მისი სამშობლოა ავსტრალია, მაგრამ ის ფართოდააა გავრცე­ლებული: აფრიკაში, ინდოეთში, ამერიკაში, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებში.

აკაცია სხვადასხვა სახის 6-9 მეტრამდე სიმაღლის მერქნიანი, ეკლიანი და უეკლო მცენარეა, საკმაოდ უხვად დატოტვილი კომპაქ­ტური ვარჯით, რომლებიც ხშირად საკმაოდ მოზრ­დილ ვარჯს ინვითარებენ. გვხვდება აგრეთვე მცირე ზომის, იშვიათად, ნაგალა მცენარეთა სახითაც. ტოტები უფრო ხშირად მორიგეობით აქვთ განწყობილი, მერქანი რუხი ფე­რი­საა, რომლის მაგარ და გამძლე მერქანს წარმატებით იყე­ნებენ ავეჯის დასამზადებლად და სამშენებლო საქმეში, მაღა­როებში-სამაგრებად, სოფლის მეურნეობაში – ბაღ-ვენახების საყრდენებად, ჭიგოებად, სათბობად და სხვ. აკაციის ზო­გიერთი სახეობიდან ღებულობენ მთრიმლავ ნივთიერებებს, ზო­გიდან-გუმფისს. აკაციის მცენარეებს იყე­ნებენ ასევე ხეივ­ნების გასაშენებლად და საერთოდ ლან­ჩაფტურ-დეკორა­ციულ მშენებლობაში. კარგ შედეგს იძლევა, აგრეთ­ვე ციცაბო ფერდობების, ხევებისა და ძნელად მისაწვდომი ფართო­ბების გასატყევებლად და ეროზიული პროცე­სე­ბი­დან დასაცავად. ის როგორც საუკე­თესო თაფლოვანი მცე­ნა­რე, მისი ყვავილის ნექტარი­დან დამზა­­დებული თაფლი ხა­სიათდება სამკურ­ნალო თვისე­ბე­ბით.

ვერცხლისებრი აკაცია – მარადმწვანე ხე ან მოზრდილი ბუჩქია, ორმაგი ფრთართული ფოთლებით. ფოთლები და ტოტები მოთეთრო ცვილისებრი ფიფქით აქვს დაფარული, რის გამოც ხეს მოვერცხლისფრო-მომწვანო ელფერი დაჰკ­რავს. ყვავილები შეკრებილია ოქროსფერ-ყვითელი საგველას სახით. ყვავილობს იანვრიდან-აპრილამდე. ადრეული ყვავი­ლობის გამო მისი ყვავილები ძვირად ფასობს. ყვავილები კარგად გადასატანია, ამიტომ შავი ზღვის სანაპირო რაიო­ნიდან ისინი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყოფილი საბ­ჭო­თა კავშირის ქალაქების მოსახლეობას. ახასიათებს ფეს­ვიდან ამონაყრის მოცემის უნარი და დიდი გამოყენება აქვს ფერდობების ჩამორეცხვის საწინააღმდეგო ღონის­ძიებაში. ნიადაგებისადმი ვერცხლისფერი აკაცია არ არის დიდი მომთხოვნი. იგი ეგუება ღარიბ, ქვიან, უმთავრესად მჟავე ნიადაგებს. ივითარებს ზედაპირულ, მაგრამ ძლიერ დატოტ­ვილ ფესვთა სისტემას. სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს -80 -მდე ყინვებს.

თეთრი აკაცია ფოთოლმცვენი ხე მცენარეა. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ავსტრალია. თეთრი აკაცია ძლიერ გავრცელებულია როგორც აზიაში, ისე ევროპაში. ჩვენში თეთრი აკაცია გვხვდება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. თეთრი აკაცია სინათლის მოყ­ვა­­რული მცენარეა. მას აქვს თხელი აჟურული ვარჯი და ნათე­ლი კორომები. ყვავილობს მაის-ივნისში, თეთრი მოყ­ვი­თალო ჩაქინდრული და სურნელოვანი ყვავილებით.

 თეთრი აკაცია გვალვა და ქარგამძლე მცენარეა. იგი ნიადაგს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს, მაგრამ უკე­თესად ვითარდება მსუბუქ, ზომიერად ტენიან და ნოყიერ ნიადაგებზე. კირით მდიდარ ნიადაგებზე იგი ხშირად ავადდება ქლოროზით. ყინვაგამძლეა თეთრი აკაციის ზო­გიერთი ფორმა-400-მდეც კი უძლებს. თეთრი აკაცია კარგად იტანს გასხვლა-გაფორმებას. გამოყვანილია მისი სპეცია­ლური დეკორატიული ფორმები ბაღ-პარკებისა და ეზო-კარმიდამოს მოსაწყობად.

აკაცია ძირითადად თესლით მრავლდება. მისი გამრავლება ფესვის ამონაყრით და ნაბარტყებითაც შეიძ­ლება. აკაცია მუდმივ ადგილზე გაზაფხულზე და შემოდ­გომაზე უნდა დარგან. ყველა ფორმის აკაციის ყვავილებიდან ეთერზეთის მისაღებად ყვავილები უნდა მოკრიფონ დილის საათებში და გადაიგზავნოს ქარხანაში.

ყვავილებიდან ზეთი ექსტრაქციით უნდა გამოყონ, რომლის გამოსავალია 0.7 % – 1.0%; ხოლო ძირითადი ზეთის-0.118 %. მისი ეთერზეთი სურნელებით ჟასმინის ეთერზეთს ჩამოჰგავს, ეთერზეთის კომპონენტებია მეთილაცეტილენი, ლინალოლაცეტატი, ფარნეზოლი, გერანიოლი და სხვ.

აკაციის ყვავილებიდან კონკრეტას გამოსავალია 0.040-0.046 %. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი აკაციის ყვავილები­დან ექსტრაქციის მეთოდით მიღებული კონკრეტა არასაკმა­რისად ინარჩუნებს ყვავილს ნატურალურ სურნელებას, რაც აფერხებს მის ფართო გამოყენებას. მეცნიერები მუშაობენ, თეთრი აკაციის ყვავილების გადამუშავების უფრო სრულყოფილი წესის დასადგენად.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი