აგროსიახლეები

საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა USAID-ის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ყვარელში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „აგროსთორის“ სამაცივრო მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა.

„ჩვენ რეგულარული, მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული გახდა. შესაბამისად, სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს დარგის მოდერნიზაციისთვის. ამ ფონზე, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელშესახებია და რეალურ შედეგებს იძლევა. გაჩნდა მრავალი შესაძლებლობა, რადგან, ტექნიკური დახმარების კუთხით, ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები მხარში გვიდგანან. პარალელურად, სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება კარგ ინიციატივებს; საბოლოოდ კი, დამატებითი ღირებულება იქმნება გადამუშავებაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა USAID-ის საქართველოში საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„ახალი სამაცივრო მეურნეობა დაეხმარება ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღებაში და ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სასიამოვნოა, ისეთ ინიციატივის განხორციელებაში ჩართულობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ფერმერებს შეინახონ მალფუჭებადი პროდუქტი, გააფართოონ სარეალიზაციო ბაზრები, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და ფასი. აღნიშნული სამაცივრო მეურნეობა კერძო სექტორის, USAID-ის და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კოოპერატივმა „აგროსთორი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ჰექტარზე გააშენა ჟოლოს ბაღი. სააგენტოს თანადაფინანსებამ 30 000 ლარი შეადგინა. კოოპერატივმა „შეღავათიანი აგროკრედიტითაც“ ისარგებლა და 390 000 ლარი მიიღო. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან კონსულტაციით, კოოპერატივმა ჟოლოს ახალი სახეობა „Tulamagic“ გააშენა. ამ სახეობის ჟოლო ადვილად ტრანსპორტირებადი და შენახვის ხანგრძლივობა მეტი აქვს, შესაბამისად, ის საუკეთესოა საექსპორტოდ.

კოოპერატივი მუდმივად 6, სეზონურად კი, 150-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.

კოოპერატივმა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტი 72 436 აშშ დოლარი, ცივი შენახვის ორი სათავსოს და წინასწარი გაგრილების ოთახის აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა. 300მ² მიწისა და 180მ² ფართის შენობის შეძენა და შესაბამისად მოწყობა კოოპერატივმა საკუთარი სახსრებით მოახდინა.