დარგებიმებოსტნეობა

ნესვის წარმოება სათბურში

ნესვი მიეკუთვნება გოგროვანთა ოჯახს. მისი სამშობლო აზიისა და ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკებია. სათბურში ნესვი ძირითადად საადრეო მოსავლის მისაღებად  მოჰყავთ. ამისთვის იყენებენ სპეციალურ ჰიბრიდებს.

ნესვი მოითხოვს გრუნტის მაღალ ტემპერატურას (20-26ºC). ამიტომ, სათბურში დამატებითი ღონისძიების სახით ხშირად იყენებენ ბიოლოგიურ გათბობას (კვლების ქვეშ, ტრანშეებში ყრიან საკმაო რაოდენობის ნაკელს, ან სხვა ორგანულ სასუქს). ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას ჰექტარზე შეაქვთ 100-200 ტ. ორგანული სასუქი, 50-100 კგ აზოტი, 80 კგ ფოსფორი, 200 კგ კალიუმი.

თებერვალ-მარტში 25-30 დღის, კარგად განვითარებულ ჯანმრთელ ჩითილს, 20-25 სმ-ის შემაღლებულ კვლებზე, კვების არით 100X45 სმ, ერთმანეთიდან 5-8 სმ-ის დაშორებით რგავენ.  ღეროს გარშემო წრიულად აკეთებენ ორმოს, რომელსაც ამოავსებენ ქვიშით. ჰაერის სასურველი ტემპერატურაა 25-26ºC. უფრო მაღალი ტემპერატურისას მიმართავენ სათბურის ვენტილციას.

ნესვი ნიადაგის ტენისადმი განსაკუთრებით მომთხოვნია ყვავილობისა და ნაყოფების ფორმირების დროს. ამიტომ ნაყოფის გამონასკვამდე მცენარეებს რწყავენ ზომიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარეებში ძლიერდება ღეროებისა და ფოთლების ფორმირება, მსხმოიარობა კი ფერხდება. მსხმოიარობისას რწყვის ნორმებს ზრდიან, ხოლო მომწიფებისას კვლავ ამცირებენ.

ზომიერი რწყვის დროს მიიღება უფრო ტკბილი ნაყოფი. რწყვას აწარმოებენ ყოველ 7-10 დღეში. ნესვის მცენარე კარგად იზრდება ჰაერის 65-70% შეფარდებითი ტენიანობისას, ხოლო ყვავილობისას ოპტიმალურია 60-65 % ტენიანობა.

ნესვი ჯვარედინად მტვერავია, ამიტომ სათბურებში სკებს ათავსებენ ყვავილობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. მცენარე ყვავილობას იწყებს ჩითილის გადარგვიდან 35-40 დღეში.

მდედრობითი ყვავილების განვითარებიდან ნაყოფის მომწიფებამდე საჭიროა 40-50 დღე. ეს კულტურა ნაყოფს ყველაზე ხშირად წარმოქმნის მესამე და შემდეგ ნამხრევებზე. ამიტომ, საადრეო მოსავლის მისაღებად მცენარეთა ფორმირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ წაჩქმეტას (შეტეხვას) მიმართავენ ჩითილის ფაზაში, მესამე ფოთლის ზევით. წაჩქმეტის შემდეგ, მცენარეზე ვითარდება სამი ნამხრევი, რომლებსაც ზრდის თანადროულად ახვევენ და აჰყავთ შპალერზე. მცენარეთა მეორე წაჩქმეტას ახდენენ, როდესაც მცენარეები მიაღწევენ 2-2,5 მ-ის სიმაღლეს. ამ დროს მცენარეზე წარმოიქმნება მესამე რიგის ნამხრევები, მათზე, როგორც წესი, ვითარდება მდედრობითი ყვავილები, თუ ყვავილების წარმოქმნა ფერხდება, საჭიროა დამატებითი წაჩქმეტის ჩატარება.

იმ შემთხვევაში, როდესაც მცენარეზე წარმოიქმნება 3-4 სმ-ის დიამეტრის ბევრი ნაყოფი, მათ ნაწილს აშორებენ. მსხვილნაყოფა ჰიბრიდების გამოზრდისას, მცენარეზე ტოვებენ 3 ნაყოფს (თითოს თითო ნამხრევზე), ხოლო წვრილნაყოფა ჰიბრიდების წარმოებისას 5-6 ნაყოფს. დანარჩენ ნაყოფს ჭრიან წარმოქმნისას, რადგან მცენარეებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ყველა ნაყოფი საკვები ელემენტებით.

საადრეო მოსავლის მისაღებად მიზანშეწონილია ახალგაზრდა ნამხრევების ზრდის შეჩერება, ამიტომ ატარებენ მათ წაჩქმეტას, ნაყოფის შემდეგ ტოვებენ 4-5 ფოთოლს, ასევე აშორებენ ყველა სხვა ნამხრევსაც. ნაყოფის ფორმირების დაწყებისას, მათ აცმევენ სპეციალურ ბადეს, რომელსაც ამაგრებენ ზემოთ გაჭიმულ მავთულზე. მოსავლიანობა მ² -ზე 4-5 კგ. შედგენს.

ილია მჭედლიძე