აგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

პეკანის სამრეწველო ჯიშები

პეკანი უხვმოსავლიანი, ხანგრძლივად მოზარდი კაკლოვანი მცენარეა. პეკანის ნაყოფი, რომელიც შეკრებილია მტევნისებურად, ძალიან ჰგავს კაკალს, ხასიათდება საუკეთესო გემოთი და ჭარბი კალორიულობით, ნაყოფის გული შეიცავს 80% ცხიმს, 11,3% ნახშირწყლებს 8,7% პროტეინს. ნაყოფი გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, კულინარიაში.

პეკანის 200-მდე ჯიშია ცნობილი, რომელთაგან სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად ყველა არ გამოდგება. ყველაზე გამოცდილი და რეკომენდებული სამრეწველო ჯიშებია:

შლეი – ხე ძალიან მაღალია, სქლად შეფოთლილი, ვარჯი მრგვალია, სიმეტრიული, მსხმოიარობას ადრე იწყებს, ახასიათებს ზომიერი, რეგულარული მსხმოიარობა. კაკალი დიდი ზომისაა მოგრძო, წვერში ძლიერ წაწვეტებული, ბოლოში ბლაგვი. ნაჭუჭი ღია მიხაკისფერი, თხელი, ადვილად ტყდება და სცილდება თესლს. თესლი ძალიან ტკბილი, გემრიელი, მდიდარია ზეთით, ადრე მწიფდება.

ჯიშის ნაკლოვანებაა: მცირე მოსავლიანობა და დაავადებებისადმი ნაკლები გამძლეობა.

კურტისი – აქვს სქლადმოზარდი ვარჯი გადაშლილი, საკმაოდ ლამაზი, კაკალი საშუალო ან მცირე ზომისაა, ნაჭუჭი ადვილად ტყდება, თესლი ღია ჩალის ფერია, კარგად ავსებს ნაჭუჭს, მკვრივია, ადვილად სცილდება ნაჭუჭს. გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. აქვს მოსავლიანობის პერიოდულობისკენ მიდრეკილება, გვიან მწიფდება.

სტიუარტი – ხე მაღალია, ძლიერ მოზარდი. კაკალი დიდი ზომისაა, წაგრძელებული ფორმის. ნაჭუჭი მორუხო ნაცრისფერია, საშუალო სისქის, ადვილად ტყდება​. ტიხრები თხელია, თესლი მსხვილია, ღია ჩალისფერი, კარგად ავსებს ნაჭუჭს, მოტკბოა, კარგი გემოსი, უძლებს სოკოვან დაავადებებს, მსხმოიარობა ზომიერი და რეგულარულია. ფართოდ გავრცელებული ჯიშია.

მონეიმეკერი – საშუალო ზომის მცენარეა. კვერცხისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი ფორმის, ოდნავ წიბოიანი. ნაჭუჭი საშუალო სისქის, ტყდება​ ძალიან კარგად. თესლი მთლიანად ავსებს ნაჭუჭს. კარგი გემოსი და ღირსებისაა. ჯიში ადრე მწიფადი, მოსავლიანი, ყინვაგამძლეა.

ფროტჩერი – ხე ახალგაზრდობაში ძლიერ იზრდება და თანდათანობით იძლევა გადაშლილ ვარჯს. კაკალი დიდი ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული, ცილინდრულ კვერცხისებრი ფორმის. ნაჭუჭი საშუალო სისქისაა, კარგად ტყდება და გული ადვილად თავისუფლდება, თესლის რბილობი მშრალია, მოუხეშო, მაგრამ გემრიელი. მოსავლიანი ჯიშია, ადრემწიფადი.

კაკალი ზიბოლდა – შედარებით დაბალი ჯუჯა ხეა, ხასიათდება უხვი მსხმოიარობით, მტევანზე 15- 20 ნაყოფი, საუკეთესოა როგორც ნედლეული მაღალხარისხოვანი მურაბების მოსამზადებლად. მრავლდება თესლით, იძლევა გენეტიკურად ერთგვაროვან ნათესავებს.