აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

საქართველოში დარაიონებული საგაზაფხულო ქერის ჯიშები

ქერი მსოფლიოს უძველესი კულტურაა, საერთაშორისო მონაცემების მიხედვით ის კულტურაში შევიდა 7000 წლის წინათ. მოიცავს 50 სახეობას და ზღვის დონიდან 5000 მეტრზეა გავრცელებული. საქართველო და კერძოდ ამიერკავკასია წარმოადგენს ქერის წარმოშობის კერას. ქერს ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობაში აქვს მრავალმხრივი გამოყენება. პირველ რიგში ის წარმოადგენს მაღალხარისხოვან კონცენტრირებულ საკვებს. არსებობს ქერის, როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ჯიშები, დღს საგაზაფხულო ჯიშებს გაგაცნობთ.
საგაზაფხულო ქერის ჯიშები
ნუტანსი 032-28. გამოყვანილია ყოფილი მიწათმოქმედების ინსტიტუტის სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით. თავთავი ორმწკრივიანი, ღია ყვითელი ფერის. ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანსს. ხასიათდება მაღალი და მტკიცე ღეროთი. 1000 მარცვლის მასა 39-44 გრ. საშუალო მოსავალი ჰა-ზე 24 ცენტნერს შეადგენს. დარაიონებულია საქართველოს როგორც სარწყავი, ასევე ურწყავი ზონებისათვის.

კოლხიკუმი 10-30. გამოყვანილია ყოფილი მიწათმოქმედების ინსტიტუტის სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით რაჭის ქერებიდან. თავთავი ორმწკრივიანი, ღია ყვითელი ფერის, ფხიანი, ფხა თავთავზე გრძელია, მარცვალი ყვითელი ელიფსისებური ფორმის, საშუალო ზომის. 1000 მარცვლის მასა 25-33 გრ. არის საგაზაფხულო, კარგად ბარტყობს, ღერო საშუალო სიმაღლის, გამძლეა დაავადებებისადმი, რეკომენდებულია საქართველოს ურწყავი რაიონებისათვის.

ჯავახეთის ახალთესლი. არის ადგილობრივი ჯიში, გაუმჯობესებული მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ. ეკუთვნის სახესხვაობა ნუტანს. თავთავი ორმწკრივიანია, ჩალისებრ ყვითელი. მთიანი ზონის ფორმა, ადრეული. გაზაფხულის წაყინვებისადმი გამძლეა, დაბალტანიანი და არ წვება. მთიან ზონაში მისი საჰექტარო მოსავალი შეადგენს 21 ცენტნერს. 1000 მარცვლის მასა მაღალია და შეადგენს 45 გრ. დარაიონებულია საქართველოს მთიანი რაიონებისათვის.

საგაზაფხულო ქერის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

საგაზაფხულო ქერი თავის სავეგეტაციო პერიოდს გაზაფხულიდან იმავე წლის ზაფხილში ასრულებს. როგორიცაა ადრეულობა, გვალვაგამძლეობა და ყინვაგამძლეობა ქერის მოყვანის საშუალებას იძლევა. ყველგან სამხრეთის რაიონებიდან დაწყებული პორალური წრის ჩათვლით. საგაზაფხულო ქერის სავეგეტაციო პერიოდი 105-110 დღეა.

ქერის მარცვალი ღივდება 1-2 გრადუს ცელსიუსზე. ადრეული და თანაბარი აღმონაცენი მიიღება 6-10 გრადუსი ცელსიუსის დროს. ადრეულ პურეულთა შორის საგაზაფხულო ქერი ყველაზე გვალვაგამძელე კულტურაა. ის წარმატებით იწარმოება ინტენსიური ტექნოლოგიით.

   ადგილი თესლბრუნვაში. საგაზაფხულო ქერისათვის კარგი წინამორბედია სამარცვლე პარკოსანი კულტურები. არარის მიზანშეწონილი ქერის ქერისვე ნაწვერალზე თესვა, რადგან ფესვის სიდამპლის გამო მნიშვნელოვნად მცირდეა მოსავალი.

  განოყიერება. ყველაზე მეტ საკვებს საგაზაფხულო ქერი მოითხოვს აღმოცენება-ბარტყობის პერიოდში. აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ყველაზე რაციონალურ დოზებად ითვლება ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, აუმჯობესებენ ქერის სალუდე ღირსებას.

ნიადაგის დამუშავება. ნიადაგის დამუშავება წარმოებს წინამორბედის ხასიათისა და მდგომარეობის მიხედვით. წინამორბედი კულტურისაგან განთავისუფლებული მინდორი უნდა აიჩეჩოს და მოიხნას მზრალად. ადრე გაზაფხილზე დაფარცხვა აუცილებელი აგროტექნიკური ღონისძიებაა. თესვის წინა კულტივაციასა და თესვას შორის დიდი პერიოდის დაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან სარეველები ასწრებენ ქერს და ჩაგრავენ მას.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა. თესლი თესვის წინ უნდა შეიწამლოს სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით, როგორიცაა ვიტავაქსი 75%-იანი 3-3,51 კგ.  1 ტონა თესლზე. გრანოზანით 1,2-2,3%-იანი ხსნარი 1,5-2 ლიტრი 1 ტონა თესლზე. ბაიტონიტ 15%-იანი ხსნარით 2 ლიტრი 1 ტონა თესლზე. მაღალი მოსავლიანობისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თესვის ვადებს, რომლის დაგვიანება იწვევს ნათესის ბუზებით დაზიანებას. თესვის ვადები სხვადასხვაა, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე, ის ითესება თებერვალში, მარტშიც და აპრილშიც რეგიონების მიხედვით. მაგალითად სამგორის, მარნეულის, ყვარელის, ლაგოდეხის, ბოლნისის, გურჯაანის, თელავის და რაიონებში უნდა დაითესოს 25 მარტამდე. ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის რაიონებში 15 აპრილამდე. ახალქალაქში, წალკაში ბოგდანოვკაში და ყაზბეგში 10 მაისამდე. ითესება მწკრივად და ჯვარედინად. თესვის ნორმა შეადგენს 5-6 მილიონ მარცვალს ჰექტარზე, წონით 200-250 კგ/ჰა-ზე. საგაზაფხულო ქერი სუსტად ბარტყობს რისთვისაც საჭიროა თესვის ნორმის გადიდება. ნალექით უზრუნველყოფილ ნიადაგებში თესლი ითესება 4-5 სმ. სიღრმეზე. მშრალ პირობებში 6-8 სმ. სიღრმეზე. თესვის დროს კარგ შედეგს იძლევა თესვასთან ერთად ნათესვის დატკპნა.

ნათესის მოვლა. ნათესში სარეველების წინააღმდეგ შეაქვთ ჰერბიციდები იმისდა მიხედვით რა სახის სარეველაა. ჩვეულებრივ ნათესებს ამუშავებენ სრულ ბარყტობა-აღერების ფაზასი. ამ დროს ქერი ყველაზე გამძლეა ჰერბიციდებისადმი, ხოლო სარეველები ჯერ პატარები არიან. ადრეული შესხურება ძლიერ თრგინავს მცენარეებს, ამცირებს პროდუქტიულობას. ნიადაგის ქერქის დასაშლელად და ერთწლიანი სარეველების მოსასპობად ბარტყობის დასაწყისში კარგი იქნება თუ ჩატარდება დაფარცხვა მცენარეების დაუზიანებლათ. შვრიუკას საწინააღმდეგოთ ნათესი აღმოცენებამდე უნდა დამუშავდეს პრეპარატ თრიალიტით – 4 %-იანი ემულსიის კონცენტრატით 2-4 ლ/ჰა-ზე. ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ თესვის წინ უნდა შევიტანოთ ნიადაგში მალორანის 50 %-იანი სველებადი ფხვნილი 0,5-1 კგ/ჰა-ზე. 2 წლიანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ 2-4 დ ამინის მარილი 40 %-იანი 0,7-1,2 ლ/ჰა-ზე.

მოსავლის აღება. მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში სრული სიმწიფის პერიოდში კომბაინით. ქერი ცვილისებური სიმწიფის პერიოდის შემდეგ ხუთ დღეში შედის სრულ სიმწიფეში და მარცვლისა და მცენარის შორის კავშირი წყდება. ამ დროს ის გადადის ინტენსიურ სუნთქვაზე, რომლის დროსაც იხარჯება დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, რაც მოქმედებს მოსავლის ხარისხზე. ამიტომ დანაკარგების ასაცილებლად მოსავლის აღება უნდა დავამთავროთ მალე.

ოთარ ლიპარტელიანი,  პროფესორი,

ზეინაბ სალარიძე,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი