დარგებიმეცხოველეობა

ბოცვრის ბიოლოგიური თავისებურებანი, სახორცე და ტყავ-ბეწვეულის პროდუქტიულობა

ქვეყნის მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობაში მებოცვრეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც დიეტური ხორცის წარმოების რეზერვს.

ზოოლოგიური კლასიფიკაციით ბოცვერი მიეკუთვნება ხერხემლიანების ტიპს, ძუძუმწოვართა კლასს, მღრღნელთა რაზმს და კურდღლისნაირთა ოჯახს. ბოცვრის სამშობლოდ ითვლება დასავლეთ ევროპის თბილი და კლიმატის ქვეყნები  (ესპანეთი, საფრანგეთი),  საიდანაც გავრცელდა მთელ კონტინენტზე.

დღეისათვის გარეული ბოცვერი ევროპის კონტინენტის დასავლეთ და ცენტრალურ ქვეყნებშია გავრცელებული. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან ის გვხვდება უკრაინის სამხრეთ დასავლეთ რაიონებში, აგრეთვე კასპიის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე.

ერთი შეხედვით , მიუხედავად დიდი გარეგნული მსგავსებისა, ბოცვერი მნიშვნელოვნად გამსხვავდება კურდღლისაგან, როგორც გარეგნული ფორმებით, ისე ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით, მათ შორის:

1.      კურდღლი მხოლოდ გარეული ფორმით, ხოლო ბოცვერი, შინაური ფორმითაა ცნობილი;

2.      კურდღლის ცოცხალი მასა 2-2,5 კგ-ია,  ბოცვრის  3-5 კგ;

3.      კურდღლის სხეულის სიგრძე საშუალოდ 40 სმ-ის ტოლია, ბოცვრის -60-70 სმ;

4.      კურდღლის უკანა ტერფის სიგრძე აღემატება თავის სიგრძეს, ბოცვრის კი პირიქით, ტერფის სიგრძე ნაკლებია თავის სიგრძეზე;

5.      კურდღელს ყურები რამდენადმე უფრო გრძელი აქვს, ვიდრე ბოცვერს;

6.      ბოცვრის თავის სახის ნაწილის უკანა მხარე კურდღელთან შედარებით უფრო შევიწროვებულია;

7.      ბოცვრის მაკეობის ხანგრძლივობა 28-32 დღეა, კურდღლის  44-45 დღე.

8.      ბოცვრის ბაჭიები იბადება შეუბუსავი (ტიტველი) და თვალაუხილავი,ხოლო კურდღელს თვალხილული და ბეწოვანი საფარით კარგად შებუსული;

9.      ბოცვერი  ბაჭიებს ძუძუს აწოვებს თვე- ნახევრის მანძილზე, კურდღელი   მხოლოდ 5-6 დღეს.

10.  ბოცვერი ერთ დაყრაზე გვაძლევს 7-9 ,ხშირად 10-14 ბაჭიას, კურდღელი  5 ბაჭიაზე მეტს იშვიათად;

11.  ბოცვერი ღრმა სოროს თხრის და იკეთებს ბუნაგს, სადაც ზრდის  ბაჭიებს. მისგან განსხვავებით, კურდღელი ბუნაგს მიწის ზედაპირზე – ბუჩქებში იკეთებს.

12.  ბოცვრები კურდღლებისაგან განსხვავებით, ეწევიან ჯგუფურ ცხოვრებას და დიდ კოლონიებად ბინადრობენ; ისინი ბეწვს სეზონურად იცვლიან- ზამთარში ხშირი თბილი ბეწვოვანი საბურველით- ზაფხულში განიცდიან გაღვერვას.

13.  ბოცვერს აქვს 22 წყვილი ქრომოსომა  (2n=44), მაშინ როდესაც კურდღელს 24 წყვილი (2n=48)

14.  ბოცვრებისა და კურდღლის ჰიბრიდები (ე.წ. ლეპროიდები) ზოგიერთ ისტორიულ წყაროში არის აღწერილი, მაგრამ  მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერ ხერხდება ასეთი ჰიბრიდების მიღება, რაც მეცნიერთა აზრით  განპირობებულია ამ სახეობებს შორის ანატომიური, მორფოლოგიური და გენეტიკური განსხვავებებით.

ბოცვერი ადამიანის მიერ მოშინაურებული იქნა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ, ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში. შინაური ბოცვრის ბიოლოგიისა  და ფიზიოლოგიის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ და ფერმერულ მეურნეობაში მისი ეფექტურად მოშენებისათვის.

ბოცვრის ძირითადი და მთავარი ბიოლოგიური თავისებურებანი, რომელსაც სამეურნეო ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ეს არის მისი ადრეულობა, მრავალ-ნაყოფიერება, მალმწიფადობა, საკვების მაღალი კონვერსიისა და  აკლიმატიზაციის კარგი უნარი.

დედალ ბოცვერს მუცლის მიდამოში, მისი შუა ხაზის  გასწვრივ 4-5, იშვიათად 6 წყვილი სარძევე ცური აქვს.  მოზარდს პირველად აგრილებენ 4-5 თვის ასაკში და პრაქტიკულად შესაძლებელია მისგან წლის ნებისმიერ პერიოდში შთამომავლობის მიღება.

მამალი ბოცვრის ერთი ეაკულატის მოცულობა 1-2  მილილიტრია. თავის მხრივ დედალი ბოცვრის ყოველ საკვერცხეში მწიფდება 3-9 ცალი  კვერცხუჯრედი,  რომელთა ოვულაცია შეწყვილებიდან 10-12 საათის შემდეგ ხდება;

ემბრიონულ პერიოდში ნაყოფი ვითარდება სწრაფად.  განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დაყოფას იწყებს 10-12 საათის  შემდეგ; 3-4 დღეში ბლასტულა 0,3 მმ დიამეტრის ზომისაა, ხოლო მე-8 დღეს ის მიემაგრება საშვილოსნოს კედელს; მაკეობის მე-13 დღეს დედა ბოცვერზე შესაძლებელია ემბრიონის ხელით გასინჯვა (გარედან); მე-16 დღეს ნაყოფი იწყებს მოძრაობას,  დაყრის მომენტისათვის ბაჭიის ცოცხალი მასა 40-დან 90 გ-ია. ბაჭიების ცოცხალი მასა დაბადებისას დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე,  ბოცვრის ჯიშზე   და კვების პირობებზე.

მაწოვარი დედალი ბოცვერი  დღეში გამოყოფს 50-დან 270 მლ რძეს. პოსტემბრიონული განვითარების პირველი თვის მანძილზე ბაჭიების განვითარების სისწრაფე, ძირითადად დამოკიდებულია დედა ბოცვრის მერძეულობაზე.

წლის განმავლობაში შესძლებელია დედა ბოცვრის 10-ჯერ განაყოფიერება, ყოველ მოგებაზე  საშუალოდ 8-10 ბაჭიას ყრის.  სამეურნეო პირობებში,  დედალი ბოცვერი მაკეობს და ბაჭიებს ყრის წელიწადში ოთხჯერ.

ადრეულ ასაკში სქესობრივად მომწიფების, მაკეობის ხანმოკლე პერიოდის, მაღალი  ნაყოფიერების გამო, ერთი დედა ბოცვრისაგან წლის განმავლობაში შესაძლებელია მივიღოთ 24-40 ბაჭია და ვაწარმოოთ 60-70 კგ ხორცი.

მაკე ბოცვერი ბაჭიებს, ძირითადა ყრის ღამით. მოგება გრძელდება 10-30 წუთს. დედა ბოცვერი ახალშობილ ბაჭიას ლოკავს, აფარებს  მუცლისა და მკერდის მიდამოდან წინასწარ  (მოგებამდე) აწიწკნილ თივთიკს.

ბაჭიების დაყრის დამთავრებისას დედა  ბოცვერი გრძნობს წყურვილს, ამიტომ მას გალიაში წყალი მუდმივად უნდა ჰქონდეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში დედა ბოცვერმა შეიძლება ბაჭიები შეჭამოს, გარდა წყურვილისა, კანიბალიზმის მიზეზი შეიძლება იყოს ულუფაში მინერალური  ნივთიერებების,  სალოკავი მარილის ნაკლებობაც.

ახალშობილ ბაჭიას სხეულის  ზედაპირს ბეწვით დაფარვა ეტყობა სამი დღის ასაკიდან, ხოლო მეხუთე დღეს მისი სიგრძე 6-მმ, ხოლო მეექვსე დღეს ბაჭიას სხეული მთლიანად დაფარულია თივთიკით. 10 დღის ასაკში ბეწვის სიგრძე 14-16 მმ-ს აღწევს. ბეწვოვანი საბურველის განვითარება ბაჭიას 30 დღის ასაკში დამთავრებული აქვს.

9-11 დღის ასაკის ბაჭიას თვალი აეხილება. ამ პერიოდში ბაჭიის ძირითადი საკვებია დედის რძე, ხოლო 20-28 დღის ასაკიდან ისინი დამოუკიდებლად იკვებებიან.

ბოცვერი ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველზე  მალმწიფადია, განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება პოსტემბრიონული განვითარების პერიოდის პირველი 3-4 თვის ასაკობრივ პერიოდში.

მსოფლიოში ბოცვრის  60-მდე ჯიში და ჯიშური ჯგუფია ცნობილი, რომელთაგან საქართველოში 4 ჯიშია მოშენებული.

პროდუქტიულობის  მიმართულების მიხედვით  საქართველოში  ძირითადად გავრცელებულია: შინშილას, რუხი გოლიათის,   ახალზელანდიურის  და კალიფორნიული ჯიშის ბოცვრები.

შინშილას ჯიშის ბოცვრები გამძლენი და მალმწიფადნი არიან. იძლევიან კარგი გემოს ხორცს. დედლები მაღალნაყოფიერებით გამოირჩევიან და კარგად აწოვებენ თავიანთ ბაჭიებს (საშუალოდ 7 ბაჭია) მაღალმერძეულნი არიან. საშუალო მაჩვენებლები: ცოცხალი მასა 5კგ. ტანის ირიბი სიგრძე 60-61 სმ. გულმკერდის შემოწერილობა-38 სმ, მერძეულობა 184-200 გ დღე-ღამეში. ნაკლავის გამოსავალი 46-52 % აღწევს.

რუხი გოლიათის ზრდასრული ცოცხალი მასა 5 კგ (მერყეობს 4,1-6,5 კგ-მდე), სხეულის საშუალო სიგრძე 61 სმ (56-66 სმ), გულმკერდის ირგვლისობა – 38 სმ, (37-39 სმ),  ნაყოფიერება -7-8 ბაჭიაა. ხასიათდება უხეში ძვალეულით, დიდი თავით, შეფერილობა – ჩალისფერი- ნაცარა და მუქი ნაცარა. ზრდასრული რუხი გოლიათი ბოცვრის ტყავის ფართობია 2500-2700 სმ2, ზოგჯერ 3000 სმ2. ბეწვის საფარი სხვა ჯიშებთან შედარებით თხელი და მბზინვარე აქვს.

ახალზელანდიური ჯიში ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში. გამოყვანილია  ახალზელანდიური ჯიშის ბოცვრებიდან ალბინოსური ცხოველების ამორჩევით და მათი შეჯვარებით ფლანდრიულ ჯიშთან. ახალზელანდიური თეთრი კომპაქტური, ცილინდრული ფორმის, განიერი ხორციანი წელის მქონე ბოცვერია, ახასიათებს ზრდის მაღალი ენერგია. ზრდასრული ცხოველის ცოცხალი მასა 4-5 კგ-ია, სხეულის სიგრძე- 49,5 სმ, ნაყოფიერება -7-8 ბაჭია. ბეწვის საფარველი  ამ ჯიშის ბოცვრებს მკვრივი, ხშირი და თეთრი ფერის აქვს.

კალიფორნიული ჯიში გამოყვანილია შინშილას, რუსულ გორნოსტაევის და  ახალზელანდიური თეთრის შეჯვარების შედეგად. ზრდასრული ბოცვრის ცოცხალი მასა 4-5 კგ. ახასიათებს კარგი ნაყოფიერება და მერძეულობა. ასხლეტამდე კარგად კვებავს 8 ბაჭიას.  მოზარდი ხასიათდება ზრდის კარგი ენერგიით. 2 თვის ასაკში ცოცხალი მასა აღწევს 1,8 კგ-ს, 3 თვისა – 2,7 კგ-ს. ნაკლავის გამოსავალი 56-60%-ია. ბეწვის საფარველი სხეულზე აბსოლუტურად თეთრია, მბზინავი; სქელი და ელასტიკური, თათების ქვედა ნაწილი, დრუნჩი, ყურები და კუდი მუქი ყავისფერი, თითქმის შავი შეფერილობის.

მებოცვრეობაში  გამოყენებულია ხორცის და ტყავ-ბეწვეულის პროდუქტიულობის მიღების რამოდენიმე  მეთოდი:

ბოცვრის დაკვლის წინ უნდა მომზადდეს სათავსო, რისთვისაც საჭიროა სათანადო მოწყობილობა და ინვენტარი. სასაკლაო განყოფილებაში, სადაც დაკლული ბოცვრების ხელით დამუშავება ხდება, მომზადებული უნდა იყოს გადასაადგილებელი საკიდრები, დანები, ცხოველების გასაბრუებელი ხის ჩაქუჩი ან მრგვალი ჯოხი 5 სმ დიამეტრისა და 40 სმ სიგრძის, აგრეთვე ნარჩენების შესაგროვებელი ჭურჭელი.

ცნობილია ბოცვრის დაკვლის რამოდენიმე მეთოდი, რომელთაგანაც ძირითადად გამოიყენება ორი:1. ჯოხის დარტმა ცხვრის ძვალში. 2 ჯოხის დარტყმა კეფის ნაწილში. დასაკლავ ცხოველს მარცხენა ხელით იჭერენ ყურებით, ხოლო მარჯვენა ხელით ძლიერ არტყამენ ჯოხს ცხვირის არეში. გაბრუებისათვის კეფის არეში ჯოხის დასარტყმელად საჭიროა ცხოველი ავიყვანოთ უკანა თათებით მარცხენა ხელში, დავიჭიროთ თავდაღმა და როდესაც ცხოველი გაიჭიმება, ჯოხს ვურტყამთ კეფაში. მოკლული ბოცვერი უნდა ჩამოიკიდოს კაუჭზე უკანა თათებით სისხლისაგან დაცლის მიზნით, სისხლი , რომელიც გამოდის გადაჭრილი ყელიდან, ცხვირის ძგიდიდან. გატყავებამდე ბეწვს უნდა ჩამოეცალოს სისხლის ლაქები თბილ წყალში დასველებული ტამპონით, დაშვებულია სისხლის ლაქების არსებობა მხოლოდ თავისა და კისრის არეში. გატყავების წინ ბოცვერს აჭრიან ყურებს და წინა თათებს

ბოცვრის დაკვლა და დამუშავება ხდება ნაკადურ-მექანიზებულ ხაზებზე, კარუსელური ტიპის აგრეგატებზე.  ბოცვრის პირველადი დამუშავებისათვის იყენებენ ნაკადურ-მექანიზებულ ხაზს, რომელიც ერთ საათში გადაამუშავებს 500-1000 სულ ბოცვერს.

ნაკადურ-მექანიზებული ხაზის შემადგენლობაში შედის: საკიდი კონვეიერი, ბოქსი ელექტრო გათიშვისათვის, საკლავი მანქანა, დისკოსებური დანები თავის, ყურებისა და  კიდურების მოსაჭრელად, საშხაპე მოწყობილობა, ჭურჭელი ანარჩენების შესაგროვებლად, მაგიდები  ვეტსანექსპერტიზისათვის. ხაზზე ბოცვრის დამუშავება უნდა წარმოებდეს შემდეგი თანმიმდევრობით: ბოცვრების მიწოდება დასაკლავად, მათი  გაბრუება 220 ვოლტი ძაბვის  ელექტროდენით 0,18-2-2,5 წმ-ის განმავლობაში, ცხოველების ჩამოკიდება  კონვეიერის საკიდრებზე, სისხლისაგან დაცლა 1,5 წთ-ის განმავლობაში, წინა თათების მოჭრა, გატყავება, გამოშიგნვა, ვეტსანექსპერტიზა, ტანხორცის გარეცხვა, ბოცვრის ჩამოხსნა, უკანა თათების მოჭრა, აწონვა, მარკირება, შეფუთვა, ყუთებში ჩაწყობა, ყუთების ეტიკეტირება და მათი ჩაბარება მაცივარში.

დაკვლის შემდეგ ტანხორცის კუნთებში ხდება ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებები, კუნთები მაგრდება და მოკლდება,  შემდეგ კი დუნდება და რბილდება, საჭმელად გამოყენებამდე ხორცი უნდა დამწიფდეს. ხორცის დამწიფების ხანგრძლივობა და მისი ხარისხი დამოკიდებულია გარემო ტემპერატურაზე. 0-40 – ზე ცვლილებები , რომელიც ხდება ხორცის დამწიფებისას, მთავრდება 3 დღეში, 20-250 -ის პირობებში კი 1 დღე-ღამეში. მაღალი ტემპერატურის პირობებში დამწიფებული ხორცი მალე ფუჭდება. დამწიფებული ხორცი არის რბილი, წვნიანი, ნაზი, არომატული და ადვილად ხდება მისი მონელება. ხორცის შენახვის დროს მიკროფლორის ცხოველქმედების შედეგად ხდება გარკვეული ცვლილებები, რის შედეგადაც ხორცი კარგავს საკვებ და კულინარულ თვისებებს. ხორცის გალორწოიანება ხდება მაცივარში ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილების დროს. გალორწოიანებული ხორცი უნდა გაირეცხოს 15-20% -იანი მარილხსნარით და გაშრეს.  ამის შემდეგ კი გამოყენებული იქნეს კერძების მოსამზადებლად. ხორცის დაობება მის ზედაპირზე ობის სოკოების განვითარების შედეგია. ობი ხორცზე ვითარდება ცუდი ვენტილაციისა და დაბალი ტენიანობის პირობებში. ობიანი ხორცი უნდა გაირეცხოს 20-25 % -იანი მარილხსნარით ან 3-5 %-იანი ძმრის მჟავით, შემდგომი განიავებით და გაშრობით. დაბინძურებული ხორცი საკვებად არ გამოიყენება. ხორცის დამჟავება ხდება სისხლისაგან ცუდად დაცლის შემთხვევაში ან მაღალი ტენიანობის პირობებში. ხორცი იძენს მონაცრისფრო შეფერილობას და აქვს არასასიამოვნო სუნი. ასეთი ხორცი სჭიროა გაირეცხოს წყალში და გამოყენებული იქნეს საკვებად.

გადამუშავებული ფორმირებული ტანხორცები გაგრილებისათვის უნდა გადაეცეს სპეციალურ სათავსოს.  ჰაერის ტემპერატურა სათავსოშო არ უნდა აღემატებოდეს 100 -ს. ტანხორცი გრილდება ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, ვიდრე კანი არ შეშრება. იგი შეგრილებულად ითვლება, თუ თეძოს ძვლის მიდამოში, კუნთის სიღრმეში ტემპერატურა  არ აღემატება 250. დახარისხების შემდეგ ბოცვრის ხორცს კატეგორიის მიხედვით ალაგებენ ფიცრის ყუთებში. ყუთებს ალაგებენ გასაციებელ კამერაში, რომლის ტემპერატურა 0 გრადუსია, ხოლო ტენიანობა 90%. თეძოს ძვლის მიდამოში კუნთის ტემპერატურის დაწევისას 0-4 გრადუსამდე, ყუთები გადააქვთ გასაყინად სამაცივრე კამერაში, გაყინვა უნდა შეწყდეს, როდესაც კუნთის სიღრმეში ტემპერატურა დაიწევს 8 გრადუსამდე, რის შემდეგ ყუთები გადააქვთ შესანახ საკანში.

გაციებული ხორცი შეიძლება შეინახოს 5 დღე-ღამის განმავლობაში 0-40 -ის  ტემპერატურაზე, ხოლო ჰაერის ტენიანობა უნდა მერყეობდეს 80-89 %. გაყინული ხორცი შესაძლებელია მაცივარში შეინახოს 90 -ზე  და 80-90 % ტენიანობის პირობებში.

მებოცვრეობაში გამოყენებულია თივთიკის მიღების რამოდენიმე მეთოდი: ამოგლეჯა, ამოვარცხნა, გაკრეჭა, აგრეთვე თივთიკის მოგროვება ბუდიდან. მოზარდიდან თივთიკის  პირველი აღება უნდა მოხდეს 60-75 დღის ასაკში. მეორე 120-135 დღის, ხოლო მესამე 180-185 დღის ასაკში. 60-75 დღიანი მოზარდის  კანი ძალიან სუსტია. ჩამოვარცხნის ან ამოგლეჯისას თივთიკი რომ არ დაზიანდეს სასურველია თივთიკის პირველი აღება მოხდეს ბეწვის გაკრეჭით. საშუალოდ თივთიკის პროდუქტიულობა  60-75 დღის მოზარდში შეადგენს 10-15 გრამს. 120-135 დღის ასაკის 20-25 გ-ს, 180-185 დღის ასაკის 30-35 გ-ს. მოზრდილი ცხოველებიდან წლის განმავლობაში თივთიკს იღებენ 5-6 -ჯერ. ყოველთვიური აღებისას ბოცვრების პროდუქტიულობა 42,1-43,4 %-ით, ვიდრე ოთხჯერადი აღებისას წლის განმავლობაში.

არ არის რეკომენდებული თივთიკის აღება  ბაჭიებიანი დედა ბოცვრებისაგან. ამიტომ თივთიკს იღებენ დაგრილებამდე რამდენიმე დღით ადრე და ბაჭიების ასხლეტის შემდეგ.

ბოცვრის ტყავის  ბუნებრივი სასაქონლო თვისებების შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა  ენიჭება  ტყავის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიის დაცვას და სრულყოფას.  ბოცვრის ტყავის პირველადი დამუშავების ტექნოლოგია შედგება შემდეგი ოპერაციებისაგან:  ბოცვრის ტანხორცის მომზადება ტყავის მოსაცილებლად, ტყავის მოცილება- მისგან ხორცისა და ცხიმის ნარჩენების მოცილება და დაკონსერვება.

ბოცვრის პროდუქტიულობას სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად განაპირობებს შენახვის პირობები. გალიის ფართობი ერთ სულზე უნდა იყოს: ზრდასრული ბოცვრისთვის – 0,5-0,7მ2, სასაქონლო მოზარდისათვის – 0,12 მ2, დედალი მოზარდისათვის – 0,17 მ2, მამლებისათვის – 0,3-0,5 მ2. ფარდულში სადაც  ინახავენ ბოცვრებს, ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ შეადგენს 50C, სინათლის ხანგრძლივობა – 8-10 საათს, განათება დედალი ბოცვრებისათვის 50-70 ლუქსს, ხოლო მოზარდისათვის 20-25 ლუქსს. ბოცვერი ცუდად იტანს  გამჭოლ ქარს, სინესტეს, ტენიანობას,  ფარდულში ჰაერის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,3 წამს.

ელგუჯა  გუგუშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აკადემიკოსი