მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები
„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება“ _ განაცხადა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ვგეგმავთ მიწის ფონდის სრულ რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამმუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
2030 წელს ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა, ჩვენი გათვლებით, 108%-ს მიაღწევს. მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები.
ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წელს იყო 500 მლნ დოლარი, 2020 წელს – 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ათ წლიან პერსპექტივაში, ეს მაჩვენებელი მინიმუმ 3 მილიარდი დოლარი უნდა გახდეს“.
2012 წელს ქვეყანაში გასარწყავებული იყო 45 ათასი ჰექტარი, დღევანდელი მონაცემებით ეს ციფრი 172 ათას ჰექტარს შეადგენს.
„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 227 ათასი ჰექტარის შედეგის მიღწევა. მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით, მთლიანად იქნება აღდგენილი სამელიორაციო სისტემა. ამათან ეტაპობრივად გაიზრდება სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე და ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, _ დასძინა მთავრობის მეთაურმა.