დარგებიმედიასტატიები

ხელოსანი, ოსტატი და გლეხი ფეოდალურ საქართველოში

წინაფეოდალურ ეპოქაში საკუთრება თემის იყო, თემშივე ნაწილდებოდა შრომაც. ფეოდალური საკუთრების ნიშნები გაჩნდა მაშინ, როდესაც საზოგადოების დანაწევრება დაიწყო. ნაკლები შეძლების ადამიანი ბატონის საკუთრება გახდა და ნებისმიერი შრომა, რასაც ის გასწევდა, ბატონისა იყო – გლეხი თავისი ფეოდალის მეურნეობის გამდიდრებას ემსახურებოდა.

საერთოდ, ყველა ეპოქას შრომის თავისებური იძულება ახასიათებს. ფეოდალიზმისთვის გარეეკონომიკური იძულებაა დამახასიათებელი:

ესაა დრო, როცა გლეხს მიწაზე უფლება არ გააჩნია ან ეს უფლება ეფემერულია; როცა მას მცირე საწარმოო საშუალებაც კი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ პიროვნულად მაინც დამოკიდებულია ბატონზე და წართმეული აქვს უფლება, თვითონვე განკარგოს შრომის შედეგი. ის, თავისი საკუთრებიანად, თავად წარმოადგენს საკუთრებას – ყმაა და ეს მდგომარეობა იძულებულს ხდის, რასაც მოიწევს, მისი ¼, ბეგარის სახით, ფეოდალს ჩააბაროს.

ყოველივე ეს, გლეხის ყოფას ამძიმებდა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ, როდესაც მთელი ძალაუფლება სათავადოების ხელში გადავიდა და ცენტრალური ხელისუფლება შესუსტდა, ბატონის უფლება გლეხზე ერთიორად გაიზარდა. ხელშეუხებელმა იმუნიტეტმა თავადი საკუთარ მამულში „ხელმწიფედ“ აქცია. დასავლეთ საქართველოში ამან ყველაზე უკეთ თავი ტყვეთა ვაჭრობაში იჩინა, სადაც გლეხი გასაყიდ საქონელს წარმოადგენდა. თუ განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში გლეხი ლაშქარში ვერ გავიდოდა, გვიან პერიოდში მას უკვე იარაღასხმულს საკუთარი ბატონის სამსახურში უწევს ყოფნა, რაც ქვეყნის სამსახურსაც ნიშნავდა. ფეოდალური ეკონომიკის მოშლა ამანაც გამოიწვია, შედეგები კი ყველაზე მძიმედ, ისევ გლეხს დააწვა – მას ქვეყნისთვის დოვლათის შექმნაც ევალებოდა და ბრძოლაც.

ფეოდალიზმის დროს, გლეხის მიწას საგლეხო მეურნეობა ეწოდება და გლეხი, ამ მიწის გარდა, უშუალოდ ბატონის მფლობელობაში არსებულ მამულსაც ამუშავებს, არხი გაჰყავს მისთვის, ციხეს უგებს, სახლს უშენებს და ა.შ. ამგვარ შრომას მიტაცებულ, ზედმეტ შრომას უწოდებენ – კაპიტალისტური წარმოების წესში მას ზედმეტი ღირებულების ეკვივალენტი ჰქვია.

სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში, რომელიც მეცხრე საუკუნის ტექსტია, ნახსენებია ვინმე მალემსრბოლი, რომელიც შიკრიკობისთვის 300 დრაჰკანს იღებს [1]. ეს ბატონყმობისგან განსხვავებული ურთიერთობაა – მალემსრბოლი, სავარაუდოდ, სახელმწიფოს სამსახურში მდგარი ქვედა ფენის წარმომადგენელია – მსახური, რომელსაც მომსახურების საფასურს უნაზღაურებენ. თუმცა, როდესაც მალემსრბოლი გამომუშავებული ფულის ეკლესიისთვის შეწირვას გადაწყვეტს, მას თემის წევრები ამ ფულის წართმევას დაუპირებენ, ის გაიქცევა და ფულს ეკლესიაში დამალავს. როგორც ჩანს, იმ გასამრჯელოზე, რასაც თემის წევრი გამოიმუშავებდა, გარკვეული უფლება ჰქონდა თემს.

ესაა სწორედ შრომის ერთგვარი დანაწილება. ხოლო შრომის დანაწილება იქცა ქალაქის წარმოშობის მთავარ წინაპირობად, რაც დაიწყო იმით, რომ სოფლის მეურნეობისგან ნელ-ნელა გამოცალკევდა ხელოსნობის დარგები. ის, რაც ადრე, სოფელში, გლეხის გასაკეთებელი საქმე იყო, თან – დამატებითი საქმე, ქალაქში ცალკე ხელობად ჩამოყალიბდა. მართალია, ამ წვრილ ხელოსნურ მრეწველობაზე პატრონაჟი ფეოდალურ ქალაქებში კვლავაც მეფეს ან რომელიმე ფეოდალს ჰქონდა აღებული და ამ შრომას კვლავაც ყმები ეწეოდნენ, მაგრამ თავისუფალი ქალაქელი ხელოსნები მათ შორის იშვიათად მაინც გამოერეოდნენ ხოლმე [2].

 

 

მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, თბილისელი ხელოსნები სამოცამდე დარგს მისდევდნენ. მათი საქმიანობა იმდენად ვიწრო სპეციალობებად იყოფოდა, რომ, მაგალითად, მკერავებში გამოყოფდნენ კავკასიური, ქართული, ევროპული და სხვა ტანისამოსის მკერავებს [11]. ფეოდალურ საქართველოში ჰყავდათ ასეთი ხელოსნებიც: მაშენებელნი, ავეჯის მკეთებელნი, ჭურჭელთა მოქმედნი, მქსოველნი და მკერვალნი, მჭედელნი, მწიგნობრობასთან დაკავშირებული ხელსაქმის ოსტატნი, ხაბაზნი, მზარეულნი, ქუქანაკნი (წყლის არხის გამართვაზე პასუხისმგებელი), მენელსაცხებლენი, მეწისქვილენი და ა.შ.

ამ ეპოქაში ხელოსნობის წამყვან დარგს მაინც სამშენებლო ხელობა წარმოადგენს: ქვით ხურონი, კირით ხურონი, ქვისმთლელნი და ა.შ. მეათე საუკუნეში აგებული ოშკის ტაძრის საქტიტორო წარწერა იმ ხარჯებს აღწერს, რაც ტაძრის მშენებლობაზე დაიხარჯა:

„და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი. და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულებაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ. ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდა და აზავერთა მექუიშეთაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაჲ: კ (20): ათასი, ღუინოჲ ფისოსი ჭ (5000); რკინაჲ ლიტრაჲ ნ (50); ხუარბალი გრივი სმი (250): გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადისშურებოდა ჲი (70); ჴარი, რომელ ქვასა კრებდა ლ (30), ჯორი და სხვაჲ აზავერ, რომელ გრიგოლ-წმიდით სპონდიკსა კრებდა: ლ (30); სხუაჲ აზავერი, რომელ… კრებდა ჲ (60)…. …….. ჲ(60) და …. (ყოველი) ერი და მოქმედი პ (80): …….“.

ეს „20 ათასი დრამაი“, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მშენებლობაზე დასაქმებული ხელოსნების და ოსტატების ჯამური ხელფასი უნდა იყოს. მათ დამხმარე მუშებს კი, ვინც შავ სამუშაოს ასრულებდა, შრომაში ფულს არ უხდიდნენ – ეს მათი საბეგრო ვალდებულება იყო. მათვე ევალებოდათ მზიდავი ხარებისა და ჯორების გამოყვანაც [3]. 

ოსტატი და ხელოსანი მშენებლობაზე რომ გასამრჯელოს იღებდა, ეს XI საუკუნის კრიხის ეკლესიის წარწერიდანაც ჩანს: „[4] სახელითა ღმრთისაითა, მე, კჳრიკე ჩემითა კალატოზობითა შევსწირე ამას ეკლესიასა კე დრამაი“. კვირიკეს თავისი ხელობით – კალატოზობით, 25 დრამა გამოუმუშავებია [5].

თუმცა შრომის სანაცვლოდ ჯამაგირს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იხდიდნენ. ფეოდალური ეკონომიკა ხომ მწარმოებელი კლასის ექსპლუატაციაზე იდგა – გლეხს უნდა ეშრომა და ბეგარა გადაეხადა – ასე იქმნებოდა ფეოდალური დოვლათი. იმ იშვიათ დროსაც, როდესაც ხელოსანი გასამრჯელოს იღებდა, სავარაუდოა, რომ წილი ფეოდალსაც ერგებოდა.

IX საუკუნის დოკუმენტიდან, რომელსაც პირობითად „ფავნელის დაწერილს“ უწოდებენ, ვიგებთ, რომ მონასტრის წინამძღვარ მიქაილს ცხვერეთში, მონასტრის მამულში, ციხის აგება დაუწყია, ასევე კოშკი და მამულის გარეთ, სოფლის მოსახლეობის გასახიზნი ნაგებობა დაუდგამს. ციხისა და კოშკის მშენებლობა მიქაილმა სოფელს საბეგრო ვალდებულებად დააკისრა: „ჩავე მე, მიქაილ მემღუმე და ჩავიტანენ ჩემნი ლავრანი ცხვერელნი. დავუწყე ჩემსა მამულსა შიგან ციხესა გება. დავდგი ჴევისა კერძოდ უკეთესი კოშკი შიგნით. და გარეთ – უკეთესი სახიზნო ცხვერელთა ჰქონდეს. დავდევ ერთი დღე ანეული – ციხისა ბეგარი, ერთი დღე სამკალი, ერთი დღე სალეწავი. თუ ათი გრივი გამოვიდეს, ცხრა გრივი – პატრონსა და მეათე ცხვერელთა“ [6]. 

ციხე ფეოდალურ ეპოქაში კონტროლის აუცილებელი მექანიზმია, რითაც ძალაუფლება ხორციელდება. სწორედ მისი საშუალებით იმორჩილებენ ადამიანებს, დაყმევება და გაგლეხება გავრცელებული პრაქტიკა ხდება. ადრეფეოდალურიდან ფეოდალურ პერიოდზე გადასვლისას, როდესაც ყალიბდება კერძო საკუთრების ფეოდალური ფორმა, თავისუფალი მწარმოებლებისა და ზოგადად სათემო საკუთრებას ხელყოფენ – ითვისებენ და ძარცვავენ. თავისუფალი მწარმოებელი ეძებს დამცველს. მეომარი ფენისგან შეწუხებული ადამიანი დამცველს ისევ მეომრებში პოულობს. დაცვის სანაცვლოდ, მიწათმოქმედი საკუთარ მცველს, გარკვეულ საფასურს აძლევს – პროდუქტს, ან მის მამულში მიდის და შრომობს. ეტაპობრივად ამგვარი ურთიერთობა უკვე არა ნებაყოფლობითი გადასახადი, არამედ კანონით განმტკიცებული სავალდებულო ბეგარა ხდება. ამგვარ ძალმომრეობას, აზნაურული ფენა სწორედ ციხესიმაგრის და იქ მდგომი გარნიზონის მეშვეობით ახორციელებს.

„ფავლენის დაწერილს” რომ დავუბრუნდეთ, ციხის დასრულების შემდეგ, მონასტრის წინამძღვარმა სოფელს ახალი საბეგრო ვალდებულება დაუწესა, ახლა უკვე იმისთვის, რომ შეენახა ციხე: ანეული (სავარგულზე სამუშაოს ერთ-ერთი სახეობა), სამკალი (რომელიც მკასთანაა დაკავშირებული) და სალეწავი (მოსავლის აღების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ილეწება ყანა) – ექსპლუატირებული გლეხის აგებული ციხე შობს ექსპლუატაციის ახალ წყაროს, რომელიც შრომით ბეგარაში გარდაისახება. ამის გარდა, გლეხობას ნატურალური ბეგარაც ეკისრება. 1195-1196 წლის თამარ მეფის სიგელი გვიამბობს ქოსაისძენის ოჯახზე, რომელიც მეფეს ჭყონდიდელი ეპისკოპოსის თხოვნით შიომღვიმის მონასტრისთვის შეუწირავს და ისინი წყლის მკაზმელებად ანუ არხის მომსახურეებად დაუდგენია: „დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი მისი, ვაზირისა, ჩუენისა ანტონი ჭყონდიდელ მთავარებისკოპოსისა, მწიგნობართუხუცესისაი და პროტოუპერტიმოსისაი და რომელი სხალტბას მის წყლისა მისისგან მიღებულისა სათავესა ზედა გლეხი ზის, მიწად ერთი და კუამლად ორი, ქოსაისძენი, საუკუნოდ მის წყლისა მკაზავად, მღუმისა მონასტერსა შესაწირავად, მისდა მიგუითავისუფლებია“.

საირიგაციო არხებს სამეფო აშენებდა, თუმცა ფეოდალებსაც გაჰყავდათ საკუთარ მამულში. ქოსაისძენის ოჯახი იყო მიწად ერთი და კომლად ორი – ერთ მიწაზე ორი ოჯახი სახლობდა. რაც ანტონ ჭყონდიდელმა მათ წყლის მკაზმელის სამსახური მისცა, მას შემდეგ ეპისკოპოსს მსახურებდნენო. ქოსაისძენის ოჯახი სამეფო გლეხებს წარმოადგენდნენ. ისინი მონასტერს ჭყონდიდელმა იმ მიწიანად გადასცა, რაზედაც იდგნენ. თუმცა, მიტროპოლიტი მალე მიხვდა, მხოლოდ ეს ოჯახი საქმეს მარტო ვერ აუვიდოდა და არხს მოსავლელად დამატებით ორი გლეხი – მეორშაბათე პატარ და გარეთმოსული ქაცაბურაისძეც მიუჩინა [7].

მეორშაბათე სავარაუდოდ გლეხის კატეგორიაა და ასე მოიხსენიებენ გლეხს, რომელიც ბატონის მამულში ერთ სავალდებულო სამუშაო დღეს შრომობს. მეორშაბათე მეგრულში თუთაშხიად ითარგმნება, როგორც მთვარისა, მთვარის დღე კი ორშაბათია. მიიჩნევა, რომ სწორედ მთვარეს უნდა უკავშირდებოდეს გვარი.  თუმცა, რადგან ფეოდალური ურთიერთობები და შრომის საბეგრო ურთიერთობა უნივერსალიზებული იყო ქართულ ეთნოკულტურულ სივრცეში, უნდა ვივარაუდოდ. რომ გვარი თუთაშხიაც, სწორედ გლეხის შრომითი ბეგარის ვალდებულებიდან მომდინარეობს.

ანტონ ჭყონდიდელის ბრძანებით, ქოსაისძენთა ოჯახებს, თითო შვილიც ქუქანაკად (წყლის მკაზმავი, არხის მეთვალყურე) უნდა გაეზარდათ – წყლის მკაზმელობა მემკვიდრეობით საქმედ ერგოთ. იქვე წერია, რომ წყლის კაზმვის გარდა, მათ არავითარი დამატებითი საქმე არ ევალებოდათ. ასე განაწილდებოდა ოჯახში შრომა: ერთნი კვლავ მიწას მიემაგრებოდნენ, სხვები მხოლოდ არხზე იმუშავებდნენ. დოკუმენტით ასევე ირკვევა, რომ ამ ორ გლეხს მონასტრისაგან ბოტკოსა და დიდველში მიეცა მიწა – ათი დღის და ვენახი – ორი დღის. გამოდის, რომ არხზე პასუხისმგებელ პირებს საზღაურად მიწის და ვენახის ნაკვეთები მისცეს, რითაც ისინი საკუთარ შრომას აანაზღაურებდნენ. ეს ერთი შეხედვით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გლეხები სხვა საქმიანობას მოაცილეს, ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთები მაინც სამეურნეო მიწად ჩაუთვალეს.

შრომის დანაწილება იწყება პროფესიების გამოყოფით და პროდუქტის დამზადებისას საქმის გადანაწილებით, როგორც ეს ხდება მანუფაქტურაში [9]. 

მანუფაქტურის წინამორბედად მიჩნეული – წისქვილიც, ადრეული ფეოდალიზმის ეპოქაში ჯერ კიდევ სათემო საკუთრება იყო და მასზე ზრუნვაც თემს ეკისრებოდა. განვითარებულ ფეოდალიზმზე გადასვლასთან ერთად, წისქვილსაც და გუთანსაც ფეოდალი დაეპატრონა. ინდუსტრიული მანქანების განვითარების ისტორიის დასაწყისს წისქვილის მექანიზმის შესწავლას უკავშირებენ. ინგლისურად ფაბრიკას Mill ეწოდა, ხოლო Mühle გერმანულში აღნიშნავდა ყოველგვარ მანუფაქტურას, სადაც მანქანებს გამოიყენებდნენ [10].

წისქვილი აუშენებია გრიგოლ სურამელს შიომღვიმის მონასტრისთვის (1246-1260 წწ. დოკუმენტი). გლეხი ქავთარელი კი სრულ ფასად მიუყიდია მონასტრისთვის მეწისქვილედ, თანაც მიუნიჭებია შეუვალობა – სხვა საქმეთაგან გარდა მეწისქვილეობისა. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ გლეხი მონასტერს ყმად მისცეს და მისი ბეგარაც მონასტერს ეკუთვნოდა, ამიტომ სხვა ბეგარა მას არ მოეკითხებოდა. „დაჴრილისა ნახევარი ჩუენი იყოს და ნახევარი ამას ჩუენისა მეწისქულისაი იყოს. და ვინ გინდა მოფქავი იყოს და ფქვიდეს, მისდი ნუ ვის ნუ აეღების, თქუენისა სულისა სალოცავად ფქვიდეს და მეწისქუილე ეგზომსა საპატიოსა აიღებდეს, რომ ერთსა კაცსა ეყოფოდეს. ენკენიასა და წელიწადის თავსა მემღუიმესა ძღუენსა მოართუმდეს: სამსა სქელსა პურსა და ერთსა კორჩხალასა ღუინოსა და სხუებრ არაი გამოვა, რაიც არ დაგუწერია ამისაგან მეტი“. წყაროდან ირკვევა, რომ დაფქვის შემდგომი მონარჩენი მონასტერსა და მეწისქვილე შორის იყოფა. დაფქვის საფასური მეწისქვილეს არ ეკუთვნის, ვინც არ უნდა იყოს საფქვავის პატრონი, მას მხოლოდ საპატიო ეკუთვნის. ერთი კაცის სამყოფი. მეწისქვილე მონასტრის წინამძღვარს ძღვენის სახით კი სექტემბერში სამ სქელს პურს და ერთ კორჩხალს, ანუ დაახლოებით 5 ლიტრ ღვინოს მიართმევდა, მეტი გადასახადი მეწისქვილეს არ ეკუთვნოდა. თუმცა წყაროს სხვა ნაწილიდან ჩანს, რომ მეწისქვილეზე სამართალი გრიგოლ სურამელს ეკუთვნოდა და ასევე სამ დღეს მისთვის იმუშავებდა.

ხელოსნების ქალაქში გადასვლის შემდეგ, მათ შრომას ნაწილობრივ მაინც უნაზღაურებდნენ, თუმცა გასამრჯელოც და სამუშაოც ქვეყნის საგარეო თუ საშინაო მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. XV საუკუნის დოკუმენტი მოგვითხრობს უცნობ მჭედელზე, რომელმაც მჭედლობაზე უარი თქვა და ისევ საგლეხო მიწაზე დასმა მოითხოვა. დანამდვილებით არ ვიცით, ეს მჭედელი თავისუფალი მწარმოებელი იყო თუ პიროვნულად დამოკიდებული, თუმცა ცხადია, ხელოსნის საქმით თავის გატანა გაუჭირდა და იძულებული გახდა, კვლავ მიწას მიჯაჭვულიყო. შრომის დანაწილება ადრევე კი დაიწყო, თუმცა მის განვითარებას ასპარეზი და შესაძლებლობები სჭირდებოდა. ქვეყანაში ომიანობა იყო, ჩამოშლილი ეკონომიკა განვითარებას აფერხებდა და ისევ ბატონყმობის კვლავწარმოებას უწყობდა ხელს.

XVIII საუკუნიდან დაწინაურებას იწყებს ფულადი ბეგარა. ფული ვალის გასტუმრების საშუალებადაც გამოიყენება. ვახტანგ ბატონიშვილის სამართალში ვალის საფასური და გაწეული სამუშაოს სარგოა აღწერილი. მუხლი 119: არის კიდევ მარჩილი ასრე გაიცემული, რომე მარჩილის სარგებელად ოთხი მუშა უნდა უმუშაოს ან მარჩილის თავს წელიწადში ერთი აბაზი სარგებელი მოსცენ. 130-ე მუხლი: დღეში მუშა ერთ შაურად იმუშავებს და მარჩილი წელიწადში ერთ აბაზს მოიგებს.

XVIII საუკუნის ბოლოს, კალატოზის შრომა 3-4 აბაზი, ან 5 სირმა – აბაზი იყო. აბაზი = 2,9 გრამი ვერცხლი. დღიური მუშის ჯამაგირი 2,9 – 3,6 გრამი ვერცხლი გამოდიოდა.

ამავე ეპოქის წყაროებში რეგიონებიდან თბილისში მიგრაციის ფაქტებიც ფიქსირდება. საბუთებში ვხვდებით შემდეგ ფრაზებს: „წყვილი იმერელი ხურო. 2 მუშა მთიულებისა. 3 მთიულის მუშა“. მათი გასამრჯელო კი ჩვეულებრივზე ნაკლები იყო. ორი იმერელი ხუროს დღიური ანაზღაურება 1 მარჩილია, ანუ ერთი მათგანის – 1,5 აბაზი, ხოლო მთიული მუშის – 3 შაური. როგორც ჩანს, ქალაქში მიგრირებული მოსახლეობა სამუშაოს სანაცვლოდ, მცირე გასამრჯელოზეც თანხმდებოდა.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნელ-ნელა ვითარდებოდა მანუფაქტურული ნაწარმი ქალაქგარეთაც. 1763 წლიდან ახტალის, ვერცხლისა და დამბლულის სპილენძის სადნობი „ქარხნები“ ჩაეშვა წარმოებაში. 1700 წლიდან კი – ალავერდისა და შამბლულის სპილენძის სადნობი „ქარხნები“. ახტალის ქარხნებში დაქირავებული მუშებიც გაჩნდნენ. მუშაობდნენ ბავშვებიც, ისინი მადანს ტყავის ტომრებით ეზიდებოდნენ. გასამრჯელოდ კი, ექვს თვეში ათიდან ოც მანეთამდე (მინალთუნი) უხდიდნენ, დამატებით ორ ხელ ტანისამოსაც აძლევდნენ. საწარმოში ჯამში 1200-1300 ადამიანი მუშაობდა [12]. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ საქართველოში კაპიტალისტური წარმოების წესის ჩანასახი სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა.

ქართლ-კახეთის სამეფოში ფუნქციონირებდა ზარბაზნების, მორტირების და ყუმბარების ქარხანაც, რომელიც ლითონჩამომსხმელი წარმოების ბაზაზე აშენდა [13].  1770 წელს, ერეკლე მეორის ნებართვით, მოქალაქე ისაია თაყუაშვილს თოფწამლის „ფაბრიკა“ აუშენებია. თაყუაშვილი არ გახლდათ ფეოდალი, ის ქარხნის მეპატრონე იყო, ამიტომაც ფიქრობენ, რომ წარმოებაში დაქირავებული მუშახელი ჰყავდა დასაქმებული. „ფაბრიკებს“ და „ქარხნებს“ ძირითადად სახელმწიფო აგებდა, შესაბამისად, ამგვარ საწარმოებში ძირითადად მაინც საგლეხო შრომას იყენებდნენ, დაქირავებულ შრომას ისევ მხოლოდ მცირედი წილი ეკავა.

კერძო საწარმოებს, რომლებიც ფართო მოხმარების პროდუქციას აწარმოებენ, უფრო XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ვხვდებით: ყორღანაშვილის ზეთისხილის ქარხანა, თამბაქოს ქარხანა, იოანე პენეტაშვილის თიხის ჭურჭლის ქარხანა, გლახა გაბაშვილის აგურის ქარხანა და სხვა [14]. 

იმ დროს შეიცვალა გლეხთა კატეგორიაც. მომრავლდნენ ხიზანი გლეხები, რომელთა უმეტესობა თავისუფლებაში ცხოვრობდა და ბატონს მხოლოდ მიწის გადასახადს უხდიდა. ქალაქად მოდიოდნენ და დღიურ სამუშაოს ეძებდნენ, რადგან მიწადაკარგულ, პიროვნულად თავისუფალ გლეხებს არაფერი ებადათ საკუთარი ძალის გარდა, რომელსაც ქალაქში ჰყიდდნენ. ასე იწყებოდა ქართველი გლეხის სოფლიდან ქალაქად გადასროლის და მისი პროლეტარიზაციის ისტორია.

[1] დრაჰკანი ოქროს ფულის აღმნიშვნელი ტერმინია. მალემსრბოლის მიერ გამომუშავებული ფული კი შემდეგნაირად უნდა დავაკონვერტიროთ: 300 X 8,4, ჯამი კი იმდენი გრამი ოქროა, რამდენსაც ის საზღაურად მიიღებდა.
[2] შ. მესხია. ხელოსნობა ძველ საქართველოში (V-XII სს.) საისტორიო ძიებანი. ტომი I. თბ. 1982. გვ. 166-167.
[3] ა. თაბუაშვილი. ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში (X-XVIII სს.). თბ. 2019, გვ 298-301.
[4] დ. თუმანიშვილი, ნ. ნაცვლიშვილი, დ. ხოშტარია. მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2012, გვ. 60.
[5] დრამა ეწოდება ვერცხლის ფულს.
[6] ქართული წარწერების კორპუსი. ლაპიდარული წარწერები. I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ. 1980, გვ. 144-146.
[7] ქართული წარწერების კორპუსი. ლაპიდარული წარწერები. I. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ. 1980, გვ.100-100.
[8] ა. თაბუაშვილი. ფეოდალური საქართველოს ეკონომიკური ისტორია. თბ. 2020, გვ. 101.
[9] კ. მარქსი. კაპიტალი. ტომი პირველი. თარგმნილი გერმანულიდან მალაქია ტოროშელიძის რედაქციით. ტფ. 1930, გვ. 304 და სქოლიო 50.
[10] კ. მარქსი. კაპიტალი. ტომი პირველი. თარგმნილი გერმანულიდან მალაქია ტოროშელიძის რედაქციით. ტფ. 1930, გვ. 301 და სქოლიო 43.
[11] გ. აკოფაშვილი. ვაჭრობის, მრეწველობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარება. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი IV. თბ. 1974, გვ. 540.
[12] დ. გოგოლაძე. სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი. თბ. 1966, გვ. 9-10.
[13] ა. თაბუაშვილი. ფეოდალური ხანის საქართველოს ეკონომიკა, გვ. 233.
[14] გ. აკოფაშვილი. ვაჭრობის, მრეწველობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარება. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი IV. თბ. 1974, გვ. 550.

აკაკი ჩიქობავა,

წყარო: indigo.com.ge