დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„ახმეტა“/„ახმეტის მწვანე“

„ახმეტა“ თეთრი ან  ქარვისფერი ღვინო

ა) „ახმეტა“თეთრი შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ბუნებრივად ნახევრადტკბილი.

მისი ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მშრალი ღვინო – ღია ჩალისფერი, უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით.

დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;

ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები – ღია მომწვანო ოქროსფერი, უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი, დახვეწილი, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ხოლო ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისთვის – 10,5 %-ზე ნაკლები; 

ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა მშრალი ღვინისთვის არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისთვის –  10,5 %-ზე ნაკლები; დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 16  გ/ლ-ზე ნაკლები;

შაქრიანობა მშრალ ღვინოში  არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს, ნახევრად მშრალ ღვინოში უნდა იყოს 4-დან 18-მდე გ/ლ, ხოლო ნახევრად ტკბილ ღვინოში 18-დან 45-მდე გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს  5 გ/ლ-ზე ნაკლები;

სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილ მოთხოვნებს.

ბ) „ახმეტა“ ქარვისფერის ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ფერი – მუქი ქარვისფერიდან ჩაისფრამდე;

არომატი და გემო – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ზომიერი და რბილი სიმწკლარტით, რაც მის ტიპი­ურობას განაპირობებს.

დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;

უნდა ახასიათებდეს ჭაჭაზე მაცერაციის დამახასიათებელი მთრიმლავი გემო;

ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12,0 %-ზე ნაკლები;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 22  გ/ლ-ზე ნაკლები;

ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს  5 გ/ლ-ზე ნაკლები;

სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილ მოთხოვნებს.

წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები

„ახმეტის“ მიკროზონა მდებარეობს შიდა კახეთში, მდინარე ალაზნის ზედა წელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრე­თი­დან მას ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედი, დასავლეთიდან – კახეთის ქედი, ჩრდი­ლო­ე­თიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიონის ქედი, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან – თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი.

„ახმეტის“ მიკროზონა, ქ. ახმეტის გარდა, მოიცავს შემდეგ სოფლებს: საკობიანო, მატანი, ქისტაური, არაშენდა, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე, ოჟიო, ალავერდი, კოღოთი, ჩაბინაანი, ხორხელი, ზემო ხოდაშენი, აწყური, ახალდაბა, ჩარექაული, ზემო ალვანი, ხორბალო, ქვემო ალვანი, ბაბანეული, მაღრაანი, ფიჩხოვანი და არგოხი.

ვაზის ჯიშები

„ახმეტა“ თეთრი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახმეტის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. „ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას დასაშვებია კახურ მწვანეს დაემატოს ამავე მიკრო­ზონაში მოწეული  ქისის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი ჯამურად 15%-მდე.

ვენახის გაშენება,  სხვლა-ფორმირება და მოვლა

ახმეტის მიკროზონაში ღვინო „ახმეტის“ დასამზადებლად  განკუთვნილი  სამე­წარ­მეო ვენახები გაშენებული უნდა იყოს  450-800 მეტრის სიმაღლეზე  ზღვის დონიდან;

ვენახის რიგთაშორის მანძილი შეიძლება იყოს 1-დან 2,5 მეტრამდე;

ვაზთაშორის მანძილი რიგში 0,8-1,5 მეტრი;

შტამბის სიმაღლე – 60-90 სმ;სხვლის ფორმა – ცალმხრივი ან ორმხრივი ქართული, ან თავისუფალი.ვაზის გაშენება, მისი გასხვლა-ფორმირება და დაცვა მავნებლებისა და დაავადებები­საგან, აგრეთვე, ნიადაგის დამუშავება, მისი განაყოფიერება და სხვა ოპერაციები ხორციელდება ყურძნის მწარმოებლის მიერ შერჩეული აგროტექნიკური ღონისძიებების შესაბამისად.

ყურძნის სიმწიფე, რთველი, ტრანსპორტირება

„ახმეტა“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან. ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები მშრალი და ნახევრად მშრალი  ღვინისთვის და 22%-ზე ნაკლები – ნახევრად ტკბილი ღვინისთვის;ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის, ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით.დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრე­ბის გამოყენება.ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინ­ძურებისაგან.

ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი

ყურძნის  მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 8 ტონას. ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს: 65,0 დალს – ერთი ტონა ყურძნიდან; 520,0 დალს – ერთი ჰა ვენახიდან.

ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა

ღვინო „ახმეტის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ახმეტის  მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში,  ხოლო ბოთლებში ჩამოსხმა – კახეთის ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ყურძნის გატანა ახმეტის მიკროზონიდან გადასამუშავებლად და ღვინის გატანა კახეთის მევენახეობის ზონიდან ჩამოსასხმელად დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში.

ღვინო „ახმეტა“ თეთრი მზადდება თვითნადენი ტკბილის სრული ან არასრული ალკოჰოლური დუღილის გზით.

ღვინო „ახმეტა“ ქარვისფერის დამზადებისას ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს მხოლოდ ქვევრში, დურდოზე (ჭაჭა-კლერტის მთლიან რაოდენობასთან ერთად). ალკოჰო­ლური დუღილის დამთავრების შემდეგ, ქვევრს გადაავსებენ ანალოგიური ღვინით და დააყოვნებენ დურდოზე არანაკლებ რთველის მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

ღვინო „ახმეტის“ წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

ღვინო „ახმეტის“ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმა­რებლო ტარაში დაფასოებული სახით.

კავშირი ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს  შორის

ნიადაგი

ახმეტის მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ნიადაგური ტიპები და ქვეტიპები:

1) ყავისფერი გამოტუტული;

2) ყავისფერი;

3) მდელოს ყავისფერი;

4) ალუვიური კარბონატული;

5) ნეშომპალა-კარბონატული.

ყავისფერი ტიპიური ნიადაგები საშუალო და დიდი სისქის, მძიმე და საშუალო თიხნარი, განვითარებული ლიოსისებრ თიხნარებზე და კონგლომერატების და ქვიშაქვების გამო­ფიტვის პროდუქტებზე. პროფილის სიღრმე 100-140 სმ-ს შეადგენს. ჰუმუსიანი ფენის სიღრმე საშუალოდ 20-30 სმ-ს შეადგენს. მის ზედაპირულ აკუმულაციურ ჰორიზონტს ახასიათებს კარგად გამოსახული მარცვლოვან-კაკლოვანი სტრუქტურა და კარბონატებს არ შეიცავს. მომდევნო, ქვედა ჰორიზონტი  კაკლოვანი სტრუქტურისაა და უმეტეს შემთხვევაში კარბონატებს არ შეიცავს. უფრო ღრმად ეს ნიადაგები ხასიათდება უსტრუქტურობით და „კირის თვლებით“ და „ძარღვებითაა“ წარმოდგენილი.

გამოტუტულ ყავისფერ ნიადაგებში კალციუმის კარბონატები შედარებით ღრმად 80-100 სმ სიღრმეზე არის ჩარეცხილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ნიადაგებში ყავისფერი ნიადაგების სხვა ქვეტიპების ილუვიურ-კარბონატულ ჰორიზონტებთან შედარებით უფრო ნაკლები სისქისაა.

მდელოს ყავისფერი ნიადაგების ზედა 20 სმ-იანი ფენა კაკლოვან-მარცვლოვანი სტრუქტურით და ფხვიერი აგებულებით ხასიათდება. სიღრმით აღნიშნული ნიადაგი წარმოდგენილია კაკლოვან-გოროხოვანი და გოროხოვან-ბელტოვანი სტრუქტურით, უფ­რო ღრმად – 120 სმ-დან ქვევით, ხასიათდება უსტრუქტურო აგებულებით და  საკმა­ოდ მაღალი სიმკვრივით. გრანულომეტრიულ შედგენილობაში „ფიზიკური თიხის“ ფრაქ­ციის (<0,01 მმ) შემცველობა პროფილში 64-87%-ის ფარგლებში მერყეობს. ფიზიკურ თი­ხაში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი <0,001 მმ ფრაქციის რაოდენობა – 67 %-მდე, რაც ადიდებს ნიადაგის ბმულობას, წებვადობას და სიმკვრივეს, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნიადაგის ფიზი­კურ-მექანიკური თვისებების გაუარესებას.

ფიზიკური თიხისა და მიკრონული ფრაქციის სიჭარბე იწვევს აღნიშნული ნიადაგების სხვადასხვა ხარისხით დაწიდვას და გალებებას.  ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები საშუალო სისქისაა, მძიმე თიხნარი და თიხიანი, ალაგ-ალაგ სუსტად განვითარებული და ჩამორეცხილი. ისინი განვითარებულია კირქვებზე და კირნარ კონგლომერატებზე.

ალუვიური კარბონატული ნიადაგები წარმოდგენილია კარბონატული ქვეტიპით, რომელიც ხასიათდება გენეტიკურ ჰორიზონტებად სუსტი დიფერენციაციით, ცუდი სტრუქტუ­რიანობით, შრეობრივი აგებულებით და ხირხატიანობით. აღნიშნული ნიადაგები წარმოდ­გენილია რელიეფის დახრილ და სწორ ფორმებზე, რაც ექსპოზიციასთან, განათებასთან და კლიმატურ პირობებთან ერთად იძლევა მაღალი ხარისხის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების  მიღების შესაძლებლობას.

ადამიანური ფაქტორი მევენახეობა-მეღვინეობა ახმეტის რეგიონში, ისევე, როგორც დანარჩენ კახეთში, უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ყოველთვის ეჭირა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი  იქ მცხოვრებთა სამეურნეო საქმიანობაში.

ვახუშტი ბაგრატიონი თავის შესანიშნავ ნაშრომში „საქართველოს გეოგრაფია“ განსაკუთ­რებით გამოყოფს მანავის, ახმეტის და კონდოლის ღვინოებს.ღვინო „ახმეტა“ შექმნილია „სამტრესტის“ წამყვანი სპეციალისტების მიერ და ნახევრად ტკბილი ღვინის სახით გამოდის 1958 წლიდან. მას არაერთი მედალი აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე.ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრა­ლი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი; მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, მწვანე კახურის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკრო­ზონაში გა­მოვ­­ლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ახმეტის“ განსაკუთრებულ ღირსებას.

ეტიკეტირების განსაკუთრებული მოთხოვნებიდასახელება „ახმეტა“ და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“  ეტი­კეტზე, შეფუთვაზე, ასევე, ღვინის თანმხლებ დოკუმენტებში და სარეკლამო მასალებში უცხო ენებზე დაიტანება შემდეგნაირად:

ლათინური შრიფტით – AKHMETA Protected Designation of Origin, ან PDO;

რუსული შრიფტით – АХМЕТА Защищённое наименование места происхождения

წყარო:  wine.gov.ge