ვაზის დაცვა მავნებელი მწერებისაგან
შემოდგომობით, როდესაც ყურძენი სიმწიფეში შევა მას ზოგჯერ მავნებელი მწერები საგრძნობლად აზიანებენ. ასეთ მწერებში უმთავრესად კრაზანა მოიაზრება, რომელიც უფრო მეტად საგვიანო ჯიშებს ეტანება, და განსაკუთრებით კი ხეივნის ყურძენს აზიანებს, თუმცა კრაზანების ზიანი ვენახებშიც არანაკლებია.
ვინაიდან ხეივნის მოსავლის საერთო რაოდენობა ვენახთან შედარებით გაცილებით მცირეა, კრაზანის მიერ ხეივანზე გამოწვეული ზარალი უფრო მეტადაა საგრძნობი.
კრაზანის მიერ გამოწვეული ზიანი გამოიხატება, როგორც ყურძნის მოსავლის ფიზიკურად დაზიანებაში, რაც საბოლოოდ აისახება მის ხარისხზე და რაოდენობაზე, მეორე მხრივ კი ღვინის ხარისხზეც.
კრაზანები ყურძნის მარცვალს ხვრეტენ და მარცვლის რბილობითა და ტკბილით იკვებებიან. ამის შემდეგ ხდება მარცვლის რბილობის ძმარმჟავა ბაქტერიებით დასნებოვნება. გარდა ამისა დაზიანებულ მარცვალში ვითარდება ყურძნის სიდამპლის გამომწვევი სოკოს სპორები. ეს ყოველივე კი საბოლოო პროდუქტის, ანუ ღვინის ხარისხზე საგრძნობლად მოქმედებს და ხშირად საქმე ღვინის ხარისხის გაუარესებით მთავრდება.
კრაზანის მიერ დაზიანებულ მარცვალს ეტანება ბურნაც, რომელიც კიდევ უფრო მეტად ავრცელებს ძმარმჟავა ბაქტერიებს სხვა, დაუზიანებელ მარცვლებზე და მტევნებზე.
ვინაიდან ეს ნეგატიური მოვლენა ძირითადად ხდება რთვლის პერიოდში, აქედან გამომდინარე ვაზის რაიმე პრეპარატით წამლობას აღარ მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში ყურძნის მავნებლებისაგან დაცვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, მაგალითად ხეივანზე, ან ვენახის ზვარზე გარკვეულ მანძილებზე ბურახით ნახევრად სავსე ბოთლების დაკიდებაა.
ბურახის სუნი კრაზანებს იზიდავს, რომლებიც ჩაფრინდებიან ბოთლებში და შიგ იღრჩობიან.
იმისათვის, რომ ბურახის სუნი მავნებლებისათვის უფრო მიმზიდველი გახდეს, ნახევრად სავსე 0,5 ლიტრიან ბოთლში იყრება და იხსნება 2 ჩაის კოვზი შაქარი.
ხეივანზე ბურახიან ბოთლებს ყოველ 5-7 მ² -ში კიდებენ, ხოლო ზვარში კი ყოველ 4-5 მეტრში, ისე, რომ, თუ ერთ ზვარზე ბოთლი ზვარის დასაწყისშია დაკიდებული მეორე ზვარზე ბოთლი უნდა დაიკიდოს 4-5 მეტრის სიღრმეში და ა.შ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი მეთოდის გამოყენება დიდი ფართობის ვენახებში შეუძლებელია და მას მიმართავენ მხოლოდ მცირე, საკარმიდამო ვენახების შემთხვევაში. ბურახის ბოთლები მოსავლის აღების შემდეგ, ან აღების წინ ხეივნიდან თუ ზვრებიდან უნდა ჩამოიხსნას. შესაძლებელია, როგორც მინის, ისე პლასტმასის ბოთლების გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ ფართოპირიანი ბოთლების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ასეთ ბოთლში ჩასული კრაზანა, ან სხვა მავნებელი მწერი უკან ადვილად ამოფრინდება.
გიორგი ბარისაშვილი