აგროსიახლეები

ტყეში ერთი კილოგრამი კენკრის და სხვა არამერქნული რესურსების მოპოვებაზე მოსაკრებელი 1 თეთრი იქნება

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით მოგვეთხოვება, რომ ბაზარი დარეგულირებული იყოს, რაც ქვეყანაში ტყის მდგრად მართვასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს, რათა ბიზნეს საქმიანობა ლეგალურ ჩარჩოში მოექცეს. კომპანია, რომელიც სახელმწიფო რესურსს იყენებს, ამას ლეგალურად უნდა ახორციელებდეს. მოსაკრებლის დანიშვნის კიდევ ერთი ფუნქცია იმ რესურსების დათვლაა, რომელიც აქამდე არავის აღურიცხავს. მაგალითად, როდესაც კომპანია ანგარიშს მოპოვებული პროდუქტის სახეობისა და რაოდენობის მიხედვით წარადგენს, სატყეო სააგენტო მის ოდენობას (მაგალითად კენკრა) აღრიცხავს”, _ ამბობს გიორგი გუჯარაიძე.

მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიებზე ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება გასული წლიდან აიკრძალა. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, პირადი მოხმარებისთვის კენკრის, ან მაყვლის მოპოვება არ იკრძალება, მაგრამ თუ ამ რესურსების მოპოვება პირობითად კოოპერატივების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით ხდება, ამას შესაბამისი ნებართვა დასჭირდება, რაშიც მომპოვებელმა კომპანიამ 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

წყარო: bm.ge