აგროსიახლეები

წლევანდელი ყურძნის მოსავალი 300 ათას ტონას მიაღწევს

„ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა“, _ განაცხადა ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად საქართველოს მთავრობა ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს. რთველის მიმდინარეობისას მაქსიმალურად დაცული იქნება მევენახეების და მეწარმეების ინტერესები. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც რთველი 2022-ის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების უწყვეტობა, სტაბილური განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერისთვის. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევას მალე შევძლებთ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ კი აღნიშნა, მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებას 300-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ხარისხსა და მისი კონტროლის მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის არსებობა, რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობა და სხვა მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ შეიმუშავა, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გასული წლების მსგავსად, რთველი 2022-ის ფარგლებშიც ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, ქალაქ თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.