დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის მოვლა მრავალკორპუსიან სკებში

 მრავალკორპუსიანი სკა შედარებით უკეთ პასუხობს სამრეწველო მეფუტკრეობის მოთხოვნებს. საერთოდ, სკა უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად მოთხოვნას:

1. მინიმალურად ვარგისი უნდა იყოს ფუტკრის ოჯახის საცხოვრებლად;

2. მაქსიმალურად ადვილი მოსახმარი იყოს მეფუტკრისთვის;

3. გარდა ამისა, იყოს იაფი და ადვილი დასამზადებელი.

პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაცილებით მარტივია, ვიდრე მეორის. ფუტკრის ოჯახისთვის ვარგისია შესაბამისი ზომის ნებისმიერი ყუთი ან სიცარიელე (ხის ფუღურო, გამოქვაბული, შენობის სართულებს შორის სიცარიელე და სხვ), რომელშიც ფუტკრის ოჯახი ბუდესაც ააშენებს, თაფლსაც არანაკლებს დააგროვებს და ზამთარსაც გადაიტანს. მაგრამ ფუტკრის მიერ არჩეული ზემოთ ჩამოთვლილი ბინები, ასევე მოყვარული მეფუტკრეების მიერ შექმნილი ათასობით განსხვავებული კონსტრუქციის სკები, ვერ აკმაყოფილებს მეორე მოთხოვნას: სწრაფად და მარტივად შეასრულოს მეფუტკრემ აუცილებელი სამუშაოები. შრომითი დანახარჯების შემცირებით მიიღწევა მეფუტკრეობის ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულების შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ, სკა უფრო მეფუტკრისთვის უნდა იყოს ადვილი მოსახმარი, ვიდრე ფუტკრის ოჯახისთვის კარგი ბინა.

ამერიკაში, მეფუტკრეებს შორის მძაფრი კონკურენციის პირობებში, ჩამოყალიბდა მრავალკორპუსიანი სკა და მასში ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგია. (შესაბამისი მოვლის გარეშე მრავალკორპუსიანი სკა არაფრით არ სჯობს სხვა არსებულ სკებს).

150 წლის წინ შექმნილი მრავალკორპუსიანი სკა და მასში ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგია სამრეწველო მეფუტკრეობის საფუძვლად არის მიჩნეული. ამ ტექნოლოგიაში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის შრომა, ჩარჩოებით მანიპულაციები შეცვლილია მთელი კორპუსებით მანიპულაციით. ეს საშულებას გვაძლევს მთელი სეზონის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების გახსნა-დათვალიერების რაოდე – ნობა ორჯერ შევამციროთ. ამასთან, ჩარჩოების მაგივრად კორპუსებით მანიპულირებისას ორჯერ მცირდება ამ ოპერაციების ჩატარების დრო. ეს საშუალებას აძლევს მეფუტკრეს მოუაროს რამდენიმე ასეულ და ზოგჯერ 1200-1500 ფუტკრის ოჯახსაც კი. თუ მრავალკორპუსიან სკებში ჩარჩოებით დავიწყებთ ოპერირებას, შედეგი სავალალო იქნება. თითოეული ოჯახის მოვლაზე დახარჯული დრო შემცირების მაგივრად გაიზრდება.

სკა სკა ლკადლკფჯასდ

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია სწრაფად და ადვილად რომ შევასრულოთ, მრავალკორპუსიანი სკა ისე უნდა იყოს დამზადებული, როგორც ის რუტმა შეიმუშავა. ეს სისტემა დამყარებულია ერთნაირი კორპუსების გამოყენებაზე – ყველა კორპუსი ერთნაირია (ერთი ფუტკრის ოჯახს ოთხი კორპუსი მაინც სჭირდება). მრავალკორპუსიან სკას ფსკერი უნდა ეხსნებოდეს და არ უნდა ჰქონდეს ნარიმანდები (ფალცები), კომპლექტში უნდა შედიოდეს: 4-5 კორპუსი, ფსკერი, თავსახური, ფუტკრის გამრეკი, განემანის ცხრილი და მთაბარობისთვის აუცილებელი კაპრონის ლენტი დამჭიმით. ნარიმანდებიანი, მიჭედილფსკერიანი, მხოლოდ ორი კორპუსის შემცველი, სამთაბარო ლენტის და განემანის ბადის გარეშე მყოფი მრავალკორპუსიანი სკა, რომელშიც ცალკეული ჩარჩოებით მანიპულირებენ, კარგავს ყველა იმ უპირატესობას, რომელთაც მრავალკორპუსიან სკაში ფუტკრის მოვლის რუტის ტექნოლოგია ითვალისწინებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა: დაზამთრებაში ფუტკრის ოჯახი ორი კორპუსით უნდა შევიდეს და აქედან ზედა კორპუსი თაფლით უნდა იყოს სავსე. უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებია ამ კორპუსის თაფლით სავსე საკუჭნაოთი შეცვლა. ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც აუცილებად უნდა შესრულდეს მრავალკორპუსიანი სისტემით მუშაობისას.

გადავიდეთ ფუტკრის ოჯახის მოვლის რუტის ტექნოლოგიის აღწერაზე.

გამოზამთრების შემდგომი სამუშაოები: საჭიროა მხოლოდ ფსკერების შეცვლა ახლით, სკაზე მიკაკუნებით და მოსმენით დედის არსებობის დადგენა. საკვებ მარაგს არ ვნახულობთ, რადგან საზამთროდ 20-25 კილო უნდა გვქონოდა დატოვებული. შეცვლილ ფსკერებს ვფხეკთ და ვასუფთავებთ, რათა შემდეგი სკებისთვის გამოვიყენოთ ძირად. თაფლის მარაგი ფუტკრის ოჯახში ფსკერის გამოცვლის დროს ხელში აწონვით მოწმდება. ამისთვის ოჯახის გახსნა და შეწუხება საჭირო არ არის. თუ საკვები მცირეა, მის შესავსებად ზემოდან ადგამენ თაფლიან კორპუსს, ხოლო ძირის ცარიელ კორპუსს აიღებენ. შეიძლება თაფლიანი კორპუსის მაგივრად ზემოდან 4-5 კგ კანდის დადება. ის ოჯახები, სადაც დედა არ გვყავს ან ძალიან დასუსტებული არიან, სხვა ოჯახებს უნდა შევუერთოთ. მათ გამოსწორებაზე დროს და თანხას არ ვხარჯავთ.

იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ყველაფერი ნორმალურადაა, მომდევნო ეტაპი 3-4 კვირის შემდეგ დგება. ამ დროს პირველ და მეორე კორპუსებს ადგილს ვუცვლით. ამისთვის, სკას ვხდით სახურავს და გადაბრუნებულად – თუნუქით ქვევით – იქვე ვდებთ. ვხდით ზედა თაფლიან კორპუსს და ვდგამთ გადმობრუნებულ თავსახურზე, ფუტკარი რომ არ დავჭყლიტოთ. მეორე წინასწარ გამზადებულ და ასევვე გადმობრუნებულ თავსახურზე (შეიძლება დამატებითი ფსკერის ხმარებაც), გადაგვაქვს ქვედა კორპუსი, მის მაგივრად ძველ ფსკერზე ვდგამთ ზედა კორპუსს, ხოლო ქვედა კორპუსს ვადგამთ ზემოდან. ზედა თაფლიანი კორპუსის ქვევით გადმოტანით, ხოლო ბარტყიანი კორპუსის ზევით გადატანით ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი წყობა – თაფლი ზევით, ბარტყი ქვევით – ირღვევა. ეს აიძულებს ფუტკრებს აღადგინონ ბუნებრივი მდგომარეობა და გადაიტანონ თაფლი ზევით, რითაც დამატებითად იკვებებიან კიდეც. ამავდროულად თაფლისგან გათავისუფლებული ქვედა კორპუსის ფიჭებში დედა ინტენსიურად კვერცხავს, ხოლო ფუტკრებს ინტენსიურად შემოაქვთ ყვავილის მტვერი და ფიჭებს ჭეოთი ავსებენ.

მრავლკორპუსაინი სკა

10-14 დღის შემდეგ აუცილებელია კორპუსების ადგილების შეცვლა და შუაში მესამე კორპუსის ჩამატება. ამისთვის, ანალოგიურად, სკასთან ვდებთ ორ გადმობრუნებულ თავსახურს, მათზე გადმოგვაქვს ორივე კორპუსი. ვუბოლებთ და ვათვალიერებთ ზედა კორპუსს ქვევიდან, რათა სადედეები არ გამოგვეპაროს. თუ სანაყარე სადედეები არ გვაქვს, ზედა კორპუსს ვდგამთ ძველ ფსკერზე, ვადგამთ ახალ მესამე კორპუსს, ზემოდან კი ედგმება ძირის კორპუსი. ამით ბუდის გაფართოება და კორპუსების მონაცვლეობა მთავრდება. სკას ეხურება საფარტილო და თავსახური.

2-3 კვირის შემდეგ ქვედა ორ კორპუსს ადგილებს უცვლიან და ზემოდან მეოთხეს ამატებენ. პროცედურა აქაც ზემოთ აღწერილის ანალოგიურია. თუ მთავარი ღალიანობა ძლიერია, შეიძლება მეხუთე კორპუსიც დავამატოთ. ყოველ ორ კვირაში ქვედა ორი კორპუსის ადგილმონაცვლეობა აუცილებელია, რათა ქვედა კორპუსი ჭეოთი არ გაივსოს. ასეთი მოვლენა ხშირია, თუ ქვედა კორპუსი ერთ თვეს და მეტ ხანს რჩება ადგილის შეუცვლელად.

შემდეგი მოქმედება თაფლის ამოღებაა. ეს პროცედურაც კორპუსებით სრულდება. თავსახურავის და საფარტილოს მოხსნის შემდეგ ზედა კორპუსი იხსნება და ედგმება მის ქვედა კორპუსს წინა ან უკანა კედლით. ფუტკარს ერეკებიან ბოლის და კომპრესორიდან მიღებული შეკუმშული ჰაერის ნაკადით. ზედა კორპუსის მოხსნის შემდეგ ამოწმებენ მომდევნო კორპუსს, თუ ის თაფლიანია და უბარტყო, მასაც ანალოგიურად ათავისუფლებენ ფუტკრებისგან და მიაქვთ გამოსაწურად. ღალის შემდგომი სამუშაოები – მკურნალობა, საკვების შევსება, ახალი მშრალფიჭებიანი კორპუსის მიცემა, რათა გავზარდოთ საკვერცხი ფართობი – სხვა სკებში მოთავსებული ფუტკრის ოჯახების მოვლის ანალოგიურია.

ახალი ოჯახების შექმნა, ასევე, კორპუსებით ხდება. ბარტყიან-ფუტკრიან კორპუსს ათავსებენ ახალ ფსკერზე, ახურავენ საფარტილოს და თავსახურს. ახალ ოჯახს დგამენ ძველის გვერდით ისე, რომ მფრინავი ფუტკარი ორივე სკაში თანაბრად გადანაწილდეს.

მეორე დღეს ორივე ოჯახს აძლევენ მწიფე სადედეს. დედის ძებნაზე დროს არ კრგავენ, რადგან დრო დედა ფუტკარზე ან მწიფე სადედეზე ძვირია.

მეფუტკრეობა

(სახელმძღვანელო)