სოფლად კოოპერაციის პროცესის სტიმულირებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
აგრარულ სექტორში მრავალმილიონიანი სახელმწიფო სახსრების განთავსების მიუხედავად, საქართველო კვლავ სუსტია სასურსათო უშიშროების თვალსაზრისით, ადგილი აქვს სურსათზე ფასების პერმანენტულ ზრდას (აგფლაცია), პროდუქტების თითქმის 80% იმპორტირებულია. სასურსათო წარმოების დეფიციტის პირობებში, საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობები 10-15 წლის წინანდელზე ნაკლებია. სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება სიღარიბეში და არ გააჩნია არათუ სამეწარმეო განვითარების შესაძლებლობა, არამედ ყოველდღიურად თავის გატანის შესაძლებლობა. სიღარიბის დონე სოფლად თითქმის 2-ჯერ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ქალაქების მიხედვით.
სოფლის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას. არსებულ პირობებში, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ინკლუზიური სამეწარმეო გააქტიურების, მასობრივი დასაქმების, წარმოების ინტენსიური ზრდის, სიღარიბის დაძლევის და მიგრაციის შეჩერების რთული პროცესის განხორციელებაში კოოპერაციის განვითარებას, ეკონომიკურ თვითმმართველობასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აგრომეურნეთა კოოპერირების ობიექტური ეკონომიკური პროცესი მოითხოვს მიწაზე ოპტიმალური სიდიდის მეურნეობრიობის ტიპს. აუცილებელია ადექვატურად იყოს გააზრებული ქვეყნის განვითარებაზე კოოპერაციული სისტემის განსაკუთრებული გავლენა და საწყის ეტაპზე სახელმწიფომ, განვითარებული ეკონომიკის არაერთი ქვეყნის მსგავსად, შეასრულოს ამ პროცესის მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და მხარდამჭერი ფუნქცია.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ 2013 წელს მიღებულ კანონში 2019 წელს შეტანილი ცვლილებების და დამატებების მომზადება-განხილვა არ გასცილებია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებს, რამაც მას ცალმხრივი, კოოპერაციული საქმიანობისთვის პირობების გაუარესება გამოიწვია. შეტანილი ცვლილებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საკითხი ქვეყანაში კოოპერაციული სისტემის ერთადერთი მაორგანიზებელი და მაკოორდინირებელი უწყების – სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმების და მისი ფუნქციების სხვა უწყების მიერ შეთავსების შესახებ, რაც ამ სისტემის განვითარების შესაძლებლობებს უაღრესად ასუსტებს. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები შეიცავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესისათვის მიუღებელ ნორმებს და აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას. მაგალითად, კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით: „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა იმ დასახლებაში, რომელზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 9-ზე ნაკლები.“ ეს არის იმ ტიპის ხარვეზი, რომელიც საერთოდ უაზროს ხდის ამ კანონის არსებობას და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი იქმნება მისი მეპაიეების, ანუ იმ პირთა მიერ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ამ ჩანაწერის მიხედვით კი კოოპერატივში პრაქტიკულად შეიძლება გაერთიანებული იყოს 1 მეპაიე და 8 ასოცირებული წევრი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, დღეს ასეთ „კოოპერატივს“ შეიძლება მიენიჭოს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი (სრული უაზრობა!), რადგან ამავე მუხლის პირველი პუნქტით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები, მეპაიეებთან ერთად არიან ასოცირებული წევრები. ამიტომ აუცილებელია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში ჩანაწერი „წევრი“ შეიცვალოს ჩანაწერით _ „მეპაიე“.
გარდა ამისა, კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ სტატუსის მოპოვების ეტაპზე კოოპერატივს სრულად უნდა ჰქონდეს შეტანილი პაი. პაის შეტანა კოოპერატივში წარმოებს მეპაიის სამეურნეო წლის სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად. კოოპერატივს თავიდანვე, არ სჭირდება საპაიო შენატანების 100%-ის მობილიზება და პაის შეტანა გადანაწილდება გარკვეული გრაფიკით, გასაწევი ხარჯების პერიოდების შესაბამისად, რაც მეპაიეებს უხსნის პაის მთლიანი შეტანის მნიშვნელოვან ტვირთს (განსაკუთრებით, როდესაც პაის ღირებულება დიდია). აღნიშნული ნორმის მიხედვით კი კოოპერატივის მეპაიე შეიძლება გახდეს მხოლოდ ის პირი, ვისაც გააჩნია სოლიდური ფინანსური დანაზოგი, რაც არ ესადაგება სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათ ჩართვას კოოპერაციულ საქმიანობაში.
აღნიშნული კანონის თუნდაც ეს ნორმა და მით უმეტეს ქვეყანაში კოოპერაციული სისტემის ერთადერთი მაორგანიზებელი უწყების – სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმება აშკარას ხდის, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის პარალიზება განხორციელდა მიზანმიმართულად და ეს მოხდა მაშინ, როცა ამ სააგენტომ შეიძინა საჭირო გამოცდილება და განსაზღვრა, თუ რა გზით უნდა მომხდარიყო კოოპერაციული სისტემის განვითარება. – 2018 წელს სააგენტომ დაიწყო „მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, რომლის მიხედვით 4 მუნიციპალიტეტში (დუშეთი, წალკა, დმანისი, ახალქალაქი), უნდა აშენებულიყო რძის გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც ამ კოოპერატივის მეპაიეები მიიღებდნენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს არა რძის, არამედ რძის პროდუქტების რეალიზაციიდან. პროგრამის ფარგლებში აშენდა რძის გადამმუშავებელი საწარმო, აღჭურვილი მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარებით, მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შუაფხოში, რომელსაც უნდა მიეღო რძე უკანაფშავის, ბარისახოს და მაღაროსკარის სოფლების მოსახლეობიდან. მაგრამ სამინისტროს მიერ განხორციელებული არასწორი კოორდინირების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი ეს საწარმო, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძლიერი ბერკეტი, საერთოდ არ ამოქმედებულა, ხოლო წალკის, დმანისის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს მეცხოველეობის განვითარების გზით კოოპერაციის პროცესში ჩართული მოსახლეობის შემოსავლების ზრდის რეალური პოტენციალი, რძის გადამმუშავებელი საწარმოების აშენება საერთოდ არ დაწყებულა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში 2019 წელს შეტანილი, კოოპერაციული პროცესის დამთრგუნველი ცვლილებების და დამატებების გამოსწორების საკანონმდებლო წინადადებით მივმართე საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ამ აქტივობას სათანადო რეაგირება არ მოყოლია. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში მიმართოთ საქართველოს პარლამენტს, ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტისთვის, რათა კანონმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ შეიძინოს ქვეყნის მოსახლეობისთვის ესოდენ საჭირო ფორმა და დანიშნულება.
კეთილი სურვილებით,
პაატა კოღუაშვილი
პროფესორი