აგროსიახლეები

სახელმწიფომ ღვინის ფალსიფიკაციაზე ინდულგენციების გაცემა უნდა დაასრულოს

ქართული მეღვინეობა ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურული იდენტობის ხერხემალია. საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროდუქტის უზადო ხარის პირდაპირ უკავშირდება.

დარგის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ფალსიფიკაციაა, რაც მარტო კონკრეტულ ბრენდებს კი არა, მთლიანად „ქართული ღვინის“ რეპუტაციას აზიანებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით მკაცრ და პრინციპულ პოლიტიკას აანონსებს, რაც მიზნად ისახავს ბაზრის სრულ გაჯანსაღებას.

მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, უწყება გადადის „ნულოვანი ტოლერანტობის“ რეჟიმში. ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა ეპიზოდურ, არამედ სისტემურ ხასიათს მიიღებს:

  • სურსათის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებენ საკონტროლო შესყიდვებს როგორც საცალო ქსელებში, ისე სარესტორნო სექტორში;
  • ფალსიფიცირებული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მისი დაუყოვნებლივი ამოღება ბაზრიდან და კონფისკაცია;
  • მიმდინარე წელს კიდევ უფრო გამკაცრდა ყურძნის შაქრიანობის კონტროლი. დაწესდა მკაფიო კატეგორიები (მაღალი, საშუალო და არაკონდიციური), რაც გამორიცხავს დაბალხარისხიანი ნედლეულის გამოყენებას პრემიუმ კლასის ღვინოების წარმოებაში.

ფალსიფიცირებული ღვინის არსებობა ბაზარზე დარგის განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით აფერხებს:

  1. დაბალხარისხიანი, ფალსიფიცირებული პროდუქტი ახდენს ფასების დემპინგს, რაც აზარალებს იმ კეთილსინდისიერ მწარმოებლებს, რომლებიც ინვესტიციას ხარისხსა და ტექნოლოგიებში დებენ.
  2. ერთი დაბალხარისხიანი პარტიაც კი საკმარისია, რომ ქვეყანამ დაკარგოს ნდობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, რაც ათწლეულების შრომას წყალში ყრის.
  3. როდესაც ხარისხი არ არის პრიორიტეტული, მევენახეს ეკარგება მოტივაცია, მოიყვანოს მაღალი კონდიციის ყურძენი.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს „ხარისხის ვერტიკალის“ შენება. დავით სონღულაშვილის მიერ გაცხადებული ინიციატივა — ანაზღაურება შრომისა და ხარისხის შესაბამისად, არის ერთადერთი სწორი გზა. 17 გრადუსამდე შაქრიანობის ყურძნისთვის მინიმალური ფასის დაწესება (30 თეთრი) მკაფიო სიგნალია ბაზრისთვის, რომ სახელმწიფო აღარ დაასუბსიდირებს უხარისხობას.

ფალსიფიკაციასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიება; ეს არის დარგის გადარჩენის სტრატეგია. სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლი და სისტემური რეფორმები ვენახიდან ბოთლამდე გარანტიაა იმისა, რომ ქართული ღვინო შეინარჩუნებს თავის ადგილს მსოფლიოს საუკეთესო სასმელების ნუსხაში.