საფუტკრის ძლიერი ოჯახებით დაკომპლექტება
ფართოდ გავრცელებული მოწოდება, საფუტკრეში მხოლოდ ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახების ყოლის შესახებ, სრულიად მართებულია, თუმცა, მოწოდება უფრო დამაჯერებელიც რომ გახდეს, საფუძვლიანი ახსნა სჭირდება.
საფუტკრე მეურნეობაში ფუტკრის ოჯახების გარკვეულ ნაწილს წლის სხვადასხვა დროს ექმნება გარკვეული პრობლემა, ამა თუ იმ მიზეზით ოჯახი სუსტდება და სათანადო რეაგირების დატოვების შემთხვევაში, იღუპება, დაღუპვამდე და შემდგომ კი შესაძლოა, დაავადების გავრცელების წყაროდაც იქცეს.
რა იგულისხმება სუსტ ოჯახში? როგორც წესი, მოიაზრება მცირე ზომის ოჯახი, რაც ბოლომდე ზუსტი წარმოდგენა არ არის.
ერთ დროს ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახი დეპოპულაციის და შესაბამისად დასუსტების გზას შეიძლება, შემდეგი მიზეზებით დაადგეს:
- საკვების დეფიციტი;
- დედა ფუტკრის ცვეთა (მრავალი მიზეზით), რა დროსაც მის მიერ დადებული კვერცხიდან სულ უფრო და უფრო ნაკლები ფუტკარი აღწევს იმაგო ფორმას;
- ფუტკრის რომელიმე დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა;
- ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთდროული მოქმედება.
ფუტკრის ოჯახში მუშა ფუტკრების პოპულაციის შემცირება შემოდგომის პერიოდში, ხანგრძლივი უღალობისას, ან სხვა არახელსაყრელი პირობების დროს სავსებით ბუნებრივი, შემგუებლური/ადაპტაციური ხასიათის მოვლენაა.
იმის გასარკვევად, ოჯახის ზომაში შემცირება დასუსტებაა თუ ბუნებრივი ადაპტაცია, გასათვალისწინებელია ამინდის თავისებურებები, ასევე ობიექტური დასკვნების გაკეთებაში გვეხმარება საფუტკრეში რამდენიმე ოჯახის დათვალიერება და იმის დადგენა, ოჯახების დასუსტება ზოგადი ტენდენციაა თუ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება. რა თქმა უნდა, ზუსტი დასკვნის გამოტანა მხოლოდ საფუტკრის საფუძვლიანი ვეტერინარულ-სანიტარიული აუდიტით იქნება შესაძლებელი.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გამრავლებისას ხშირად გამოიყენება ე.წ. სასტარტო – მცირე ზომის ოჯახების შედგენის ტაქტიკა. ოჯახი ამ დროს 2-5-ფუტკრიანი ჩარჩოსგან შედგება, თუმცა, თუკი მისი ჩამოყალიბება დროულად – გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის პირველ ნახევარში მოხდა, ოჯახი, არა სუსტ, არამედ უბრალოდ მზარდად ითვლება და შემოდგომის დადგომამდე ნორმალურ ზომას აღწევს.
მეურნეობაში ახალი ოჯახების ერთნაირ სასტარტო პირობებში, ჯგუფურად ჩამოყალიბებას აქვს ერთი დიდი უპირატესობა — მას შემდეგ, რაც მათში ერთი ასაკის დედები დაიწყებენ კვერცხდებას და ოჯახებს განვითარებისთვის თანაბარი პირობები მიეცემათ, 2-3 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია განვითარების პოტენციალის არმქონე ოჯახების გამოვლენა და გამოწუნება. ამ ღონისძიების გადადება გამოიწვევს განუვითარებელ ოჯახებში სხვადასხვა პრობლემის გაღრმავებას და ასეთ შემთხვევაში მათი სხვა ოჯახებთან გაერთიანებაც დაუშვებელი იქნება.
მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება (სახელმძღვანელო)