დარგებიმემცენარეობა

ფითრი მკურნალი

ფითრი (Viscum album) მარადმწვანე, პატარა ბუჩქოვანი მცენარეა, ფითრისებრთა ოჯახიდან, რომელიც დატოტვილი, ბურთისებრი ფორმისაა. ნახევრად-პარაზიტია და დიდ ზიანს აყენებს მცენარეს, რომელზეც სახლდება, მას არ გააჩნია ფესვები, მასპინძელ ხეზეა მიმაგრებული და საზრდოობს მცენარის სასიცოცხლო წვენით.

ამ მცენარის მასპინძელი ხეებია: იფანი, მუხა, ცაცხვი, კუნელი, ვაშლი, მსხალი, ფიჭვი, ტირიფი, ალვისა და არყის ხე. ყველაზე სასარგებლოა ფიჭვის, არყისა და მუხის ხეებზე მკვიდრი ფითრი. ნაყოფი მოყვითალო, მრგვალი, თესლიანი ცრუ კენკრაა, რომელიც გარედან წებოვანი გარსითაა დაფარული. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, როგორც დაბლობში, ისე მთაში. ფითრი ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. იგი ცნობილია არა მხოლოდ პარაზიტობით, არამედ ფართო სპექტრის სამკურნალო თვისებებით. სამკურნალოდ გამოიყენება მისი თეთრი ფერის კენკრა, ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები. მსოფლიოში ბუნებრივად 70-მდე სახეობაა გავრცელებული. საქართველოში მხოლოდ ერთი გვხვდება — თეთრი ფითრი. ამ მცენარეს უძველესი დროიდან მრავალი ლეგენდა უკავშირდება. მას ბუნების მაგიურ საჩუქრად მიიჩნევდნენ და დიდად აფასებდნენ. ანტიკურ თქმულებებში ფითრს „ოქროს რტოს” უწოდებდნენ. ფითრის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი.

ფითრი სხვადასხვა ფორმით გამოიყენება კიბოს, ეპილეფსიის, უნაყოფობის, ნერვული დაძაბულობის, ნეფრიტის, ტუპერკულოზის, შაქრიანი დიაბეტის, ნევრალგიის, რევმატიზმის, კრუნჩხვების, სისხლდენის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევების, ასთმის, ჰიპერტენზიის, თავის ტკივილის, დერმატიტის სამკურნალოდ, ყველაზე საყურადღებოა მისი წარმატებული გამოყენება ონკოლოგიური დაავადებების სალიკვიდაციოდ. ფითრით თერაპია უხდება თითქმის ყველა სიმსივნურ დაავადებას. იგი არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სასარგებლოა შუა ხნის ასაკის ადამიანებისთვის.

ჰიპერტონიის დროს 5 ჩაის კოვზ ფითრის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. გაწურეთ და დალიეთ 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

წყლულების, ჩირქოვანი იარების დროს: 60 გრამ ფითრის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 5 წუთი, 20 წუთი გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ.

ფითრის ნახარშის საფენები შეუცვლელია ჭრილობების, წყლულების პრობლემების დროს.
ფითრის ყლორტების ნახარშს წარმატებით იყენებენ ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების დროს, ის ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების ზრდას და მეტასტაზების წარმოქმნას.

ნაყენის მოსამზადებლად 100 გრ. ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1.5 ლიტრი მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ დღეში 2 ჯერ ჭამამდე.

ფითრის ყლორტი დააქუცმაცეთ და 1-1.5 ჩაის კოვზს დაასხით ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში, გამზადებული ჩაი შეიძლება მიირთვათ როგორც ცივ ასევე თბილ მდგომარეობაში.

წყარო: „ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს;