ფუტკრის ოჯახის განვითარება და გამრავლება
ცნობილია, რომ ადრე გაზაფხულიდან ფუტკრის ოჯახი ზომაში იზრდება, უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. ოჯახის მოსახლეობის მატების ასეთი დინამიკა რაციონალურია, მხოლოდ მრავალრიცხოვან ოჯახს შეუძლია გამრავლდეს და ზამთრისთვის საკვები მარაგიც შეიქმნას.
ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ფუტკრის ოჯახის გამრავლება და ოჯახში თაობათა ცვლა, მიუხედავად მათ შორის არსებული მჭიდრო კავშირისა.
გამრავლება ერთი ბიოლოგიური ერთეულიდან ორი ან მეტი ახალი სრულფასოვანი ერთეულის მიღებას, ანუ ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი ოჯახის მიღებას გულისხმობს.
თაობათა ცვლა კი ფუტკრის ოჯახის პოპულაციის თვითგანახლების — რიცხოვნობის შენარჩუნების, კლების ან ზრდის პროცესია.
ფუტკრის ოჯახის გამრავლების პირველი თვალშისაცემი ნიშანი ოჯახში მამალი ფუტკრების აღზრდაა. ფუტკრის ოჯახები ასეთ დროს ჯერ კიდევ არ არიან განვითარების ზენიტში, თუმცა გამრავლებასთან დაკავშირებული მოვლენათა ჯაჭვი საკუთარ განრიგს მიუყვება. ოჯახში ამ დროს გაძლიერებულია ცვილის გამოყოფისა და ფიჭების მშენებლობის პროცესი და სულ უფრო მეტი ადგილი ეთმობა დედა ფუტკარს კვერცხდებისთვის. გარემოში ასეთ დროს მხოლოდ მცირე, მხარდამჭერი ღალიანობაა და მოტანილი ნექტარი მალევე იხარჯება, თუმცა, როგორც წესი, უხვად მოიპოვება ცილოვანი საკვები – ყვავილის მტვერი.
ფიჭების მშენებლობასთან ერთად ოჯახის ბუდე ზომაში მატულობს, დედა ფუტკრის კვერცხდების ინტენსივობა მაქსიმალურ შესაძლებლობას აღწევს და ნარჩუნდება გარკვეული დღეების მანძილზე. ინტენსიურ კვერცხდებას ოჯახში ახალი თაობების მზარდი რაოდენობით გამოჩეკაც მოსდევს და გარკვეულ მომენტში დღე-ღამეში დადებული კვერცხის რაოდენობა იმავე დღეს ოჯახში გამოჩეკილი ზრდასრული მუშა ფუტკრების რაოდენობას უტოლდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე გაზაფხულზე, გრძელი ზამთრის შემდეგ, ფუტკრის ოჯახი შესუსტებულია და ზამთარგამოვლილ მუშა ფუტკრებს დიდი ძალისხმევის გაღება უხდებათ ოჯახის გაახალგაზრდავებისა და ზრდისთვის.
ცნობილია, რომ გამოზამთრებულ ჯანმრთელ მუშა ფუტკარს შეუძლია ძიძობა გაუწიოს დაახლოებით სამ მოზარდ ფუტკარს და ამგვარად უზრუნველყოს ოჯახის ზრდა. როგორც კი ეს დატვირთვა შემსუბუქდება და ახალი თაობის ძიძა ფუტკრებს ნაკლები აღსაზრდელების მოვლა მოუწევთ, ოჯახში განსაკუთრებით საინტერესო მოვლენები ვითარდება:
- მუშა ფუტკრები იწყებენ სადედეების მშენებლობას და დედა ფუტკარი მათში დებს კვერცხს;
- სადედეებში მიმდინარეობს ახალი დედა ფუტკრების აღზრდა;
- ახალი დედა ფუტკრების აღზრდის პარალელურად მუშა ფუტკრები ამცირებენ ძველი დედა ფუტკრის კვების რაციონს, და თავის მხრივ, ისიც ანელებს კვერცხდებას, უმცირდება საკვერცხეების ზომა, უმსუბუქდება სხეულიც, რაც თავისუფლად ფრენის შესაძლებლობას აძლევს;
- უკვე გაზრდილი, მრავალრიცხოვანი ოჯახის ახლადგამოჩეკილი მუშა ფუტკრების დიდი ნაწილი ნაკლებად არის ჩართული სხვადასხვა მოვალეობის შესრულებაში და უქმად არის ყრის მოვლენამდე, რათა უკვე ოჯახის გაყოფის შემდგომ შეძლოს საკუთარი, გამოუყენებელი რესურსების ამოქმედება და ახალი ოჯახის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა;
- სადედეებში ახალი დედა ფუტკრების აღზრდის პარალელურად ფუტკრის ოჯახის ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფუტკრებისგან შემდგარი გუნდი, ძველ დედა ფუტკართან ერთად ტოვებს საკუთარ ბუდეს და ცდილობს დაბინავდეს ახალ ადგილას, ახალ ცარიელ სივრცეში, სადაც მოსახერხებელი იქნება ბუდის მშენებლობა.
ყრიდან რამდენიმე დღეში ძირითად ოჯახში ახალგაზრდა დედა ფუტკრები იჩეკებიან და გამრავლების პროცესი, როგორც წესი, გრძელდება. ოჯახიდან ამ დროს მეორე ნაყარი გადის ერთ ან რამდენიმე ახალგაზრდა დედასთან ერთად. ოჯახში ჯერ კიდევ რჩება სადედეები, საიდანაც მოგვიანებით ახალი დედები გამოიჩეკებიან და მათ შესაძლოა კიდევ რამდენიმე, შედარებით მცირე ზომის, ახალი ოჯახის სიცოცხლეს მისცენ დასაბამი. ამგვარად, ძველი, ძირითადი ოჯახიდან რამდენიმე ახალ ოჯახს ვიღებთ.
საწყისი ოჯახი ამ მოვლენების მიმდინარეობისას შესაძლოა იმდენად დასუსტდეს, რომ თავის დაცვაც კი ვეღარ შეძლოს და სხვადასხვა მტაცებლისა და მავნებლის მსხვერპლად იქცეს. ბუნებაში დაუცველი სუსტი ოჯახი, რომელსაც დაძველებული ფიჭებისგან შემდგარი დიდი ბუდე აქვს, უმეტესად ცვილის ჩრჩილის საკბილო ხდება, ის მთლიანად ანადგურებს დაუცველ ბუდეებს და ოჯახი საბოლოოდ წყვეტს არსებობას.
ოჯახის „დაცლამდე“ ნაყრიანობის მიდრეკილება გამოცდილი მეფუტკრეებისთვის კარგად არის ცნობილი და ისინი ამ მოვლენის კონტროლისთვის დიდ ძალისხმევას იჩენენ.
ფუტკრის ოჯახის გამრავლების ბუნებრივ, მაგრამ დრამატულ მოვლენას, გარდა ოჯახების გამრავლებისა, სხვა დადებითი მხარეც აქვს – ძველი ფიჭებისგან შემდგარი ბუდე, რომელიც გაჯერებულია მრავალი ტიპის ქიმიური დამაბინძურებელი ნარჩენითა და სხვადასხვა დაავადების აღმძვრელით, ცვილ 1 ის ჩრჩილის დახმარებით ბუნებრივად გაუვნებლდება . შემდეგ სეზონზე დაცარიელებული სივრცე ახალი ოჯახის ბინად შეიძლება იქცეს. ნიშანდობლივია, რომ ბუნებაში ოჯა ხების გამრავლების ეს თავისებურება ოჯახის ბუდის ფიჭების ცვლას უზრუნველყოფს და რაციონალური სანიტარიული მოვლენაა.
საფუტკრე მეურნეობაში მყოფ ფუტკრის ოჯახებში ფიჭების განახლება მხოლოდ მეფუტკრის პასუხისმგებლობით მიმდინარე პროცესია. სკების ჩარჩოიანი და მრავალკორპუსიანი სისტემა დაძველებული ფიჭების როტაცია/განახლებას და ცვილად გადამუშავებას საგრძნობლად ამარტივებს.
წყარო: https://www.ifc.org