ფუტკრების გუნდის საზამთრედ ბუდის შედგენა
მოზამთრე გუნდის განთავსება ბუდეში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გუნდმა მიიღოს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იკვებოს და შეძლოს საჭირო საარსებო პირობების შენარჩუნება.
ზამთრობისათვის გუნდი ეწყობა ფიჭის ქვედა მხარეზე, საკვებისგან თავისუფალ უჯრედებზე. ამდენად, საკვებით მთლიანად გავსებული ფიჭის გამოყენება არ შეიძლება. ბუდის შუაგულში დგამენ კარგად აშენებულ, ღია ფერის ჩარჩოებს, რადგან ფუტკარი ბარტყის გამოზრდას ამჯობინებს ასეთ ფიჭებში. მოზამთრე გუნდისათვის ბუდეში ტოვებენ იმდენ ჩარჩოს, რამდენსაც იგი ფარავს. ამავე მოსაზრებით გუნდი ზემოდან და საჭიროების შემთხვევაში გვერდიდან უნდა დათბუნდეს საფარი ტილოთი და ბალიშებით. საკვების მომჭირნედ, ეფექტიანად ხარჯვა ის ძირითადი მაჩვენებელია, რაც განსაზღვრავს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას.
მოზამთრე გუნდის მიკროკლიმატი. რეკომენდებული მაჩვენებლების დაცვა ამცირებს საკვების ხარჯვას და ეხმარება ფუტკარს, ზამთრობა ნორმალურად გადაიტანოს.
ოპტიმალურად ითვლება ტემპერატურა -20 +20 С-ის ფარგლებში. ექსტრემალურ (გაძნელებულ) პირობებში, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში შეიძლება სკაში გამათბობელი ბატარეის ჩადგმა, რომ გუნდის გარემომცველ ჰაერში იგი მერყეობდეს ზემოაღნიშნულ ფარგლებში.
ფუტკრის ზამთრობას დიდ სიძნელეებს უქმნის საფუტკრის განთავსება ნესტიან ადგილზე, ჩრდილში, რაც სკაში ტენის დაგროვებას და შესაბამისად ბუდის დანესტიანებას იწვევს. ასეთ პირობებში მარაგი საკვები ტენს შთანთქავს და იწყებს ამჟავებას, რამაც მოზამთრე გუნდის დაღუპვა შეიძლება გამოიწვიოს. ტენის დაგროვებისას სკის კედლებზე, ფიჭებსა და ბალიშებზე ობი ჩნდება, ფუტკარი წუხს და ამის გამო სკაში ტემპერატურა ზევით იწევს, რაც ნოზემატოზის განვითარებისა და ფუტკრის ფაღარათის საფრთხეს წარმოშობს. მდგომარეობის გამოსასწორებლად სკა უნდა გადაიდგას მზიან ადგილზე და მასში შეიქმნას პირობები ბუდის ვენტილაციისათვის.
ზამთრობის მიმდინარეობის ერთ-ერთ მაჩვენებლად გამოიყენეთ გუნდში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაცია. ეს ნივთიერება განაპირობებს გუნდში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობის შემცირებას და შესაბამისად – საკვების ხარჯვისაც.
დამტკიცებულია, რომ რაც მაღალია CO2– ის შემცველობა (3-4%-მდე), მით ზამთრობა უკეთესად მიმდინარეობს. ეს არის მოზამთრე გუნდის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ძლიერ ოჯახებში უფრო მაღალია სუსტებთან შედარებით და ფუტკრის ჩრდილოურ ჯიშებს უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე სამხრეთულს (მკაცრი, ხანგრძლივი ზამთრის გავლენა).
გახსოვდეთ! ზედმეტი ჩარჩოების დატოვება იწვევს ზედმეტი სივრცის გათბობის საჭიროებას და შედეგად საკვების არამწარმოებლურ ხარჯვას, რაც ფუტკრის გაზრდილ ცვეთას და საკვების დანაკლისს იწვევს!
გიორგი მაძღარაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი