ფუტკრის ოჯახის თვითგანახლების უნარი _ თაობათა ცვლა
ოჯახის წევრებს სიცოცხლის განსხვავებული ხანგრძლივობა აქვთ, მაგალითად, დედა ფუტკარი რამდენიმე წელს ცოცხლობს – ხოლო მუშა, გარკვეულ გარემოებებზე დამოკიდებულებით, რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. გაზაფხულსა და ზაფხულში მუშა ფუტკრის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 35 დღეა.
შესაძლოა მეფუტკრისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ გაზაფხულსა და ზაფხულში ფუტკრის ოჯახში დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ასეული მუშა ფუტკარი იღუპება ფიზიოლოგიური (სიბერით, ცვეთით) სიკვდილით. დანაკლისის კომპენსაცია დედა ფუტკრის ინტენსიური კვერცხდებით ხდება. ოჯახის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მუშა ფუტკრები გაძლიერებულად კვებავენ დედა ფუტკარს, რომელიც მიღებული საკვების ულუფის შესატყვისი რაოდენობის კვერცხს დებს ფიჭის უჯრებში.
ოჯახში მუშა ფუტკრების ცვეთის, დაბერებისა და სიკვდილის ინტენსივობას განაპირობებს ის დატვირთვა, რომელიც კონკრეტულ თაობებს უწევთ: ფუტკრის მოზარდი თაობების აღზრდის, ბუდის მშენებლობის, საკვები მარაგების შექმნის და სხვა მოვალეობების შესრულებისას. მაგალითად, ძლიერი ღალიანობისას, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში მუშა ფუტკრებს ათობით კილოგრამი ნექტრის მოტანა და თაფლად გადამუშავება ევალებათ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა 20 დღეზე მეტს არც კი შეადგენდეს და ოჯახში თაობათა ცვლა ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, რომ ოჯახი წევრების ნაადრევი „სიბერით“ არ დაიღუპოს.
ზამთრის მოახლოებისას, როდესაც ღალიანობა შემწყდარია და ოჯახს გარეთ შესასრულებელი საქმეებიც მოლეული აქვს, მუშა ფუტკრების შემოდგომის თაობა მოსვენებულ მდგომარეობაში აგრძელებს ცხოვრებას გვიან გაზაფხულამდე. მისი ამოცანა მხოლოდ ბუდის გათბობა და ოჯახის გადაცივებისგან დაცვაა. ასეთ დროს ოჯახში კვერცხდების პროცესი შემწყდარი ან ძალიან შენელებულია, შესაბამისად, მუშა ფუტკრების ცვეთა ისე სწრაფად არ ხდება; მუშა ფუტკარმა ასეთ ვითარებაში შესაძლოა 6 თვემდეც კი იცოცხლოს და სიცოცხლის ბოლო თვეს მოუწიოს ძიძა ფუტკრის მოვალეობის შესრულება, გაზაფხულზე, როდესაც ბუნებაში კვლავ ჩნდება ნექტრის აქტიური წყარო და ფუტკრის თაობათა ცვლა გარდაუვალი აუცილებლობა ხდება.
ფუტკრის ოჯახში თაობათა ცვლის თავისებურებები წლის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლება. მაგალითად, ზამთარს ოჯახი დაახლოებით 7-10 ათასი მუშა ფუტკრით ხვდება ხოლმე, გაზაფხულზე კი, დედა ფუტკრის ინტენსიური გამოკვების ხარჯზე, ოჯახში კვერცხდების პროცესი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და დედა ფუტკარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა უწევს. შედეგად, ოჯახი იზრდება ზომაში — მასში 40 000-მდე მუშა ფუტკარია ერთდროულად წარმოდგენილი.
იმისთვის, რომ ოჯახმა მრავალრიცხოვნობას მიაღწიოს, რამდენიმე პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული: დედა ფუტკარმა უნდა შეძლოს ინტენსიური კვერცხდება, მუშა ფუტკრებს უნდა შეეძლოთ დედა ფუტკრისა და მის მიერ დადებული კვერცხიდან გამოჩეკილი მოზარდების გამოკვება და მოვლა, რისთვისაც მათ უნდა ჰქონდეთ საკვების საკმარისი მარაგი და ჯანმრთელობა.
გარდა ამისა, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა აგრეთვე დამოკიდებულია ოჯახის ჯანმრთელობაზე, დაავადებული ფუტკრის სიცოცხლე, ჯანმრთელთან შედარებით, ხანმოკლეა.