რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება?
ყირიმ-კონგოს (CCHF) ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. ტკიპის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ყირიმ-კონგოს შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე და მათ აქტიურობას ხელს უწყობს თბილი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული.
რომელი ცხოველები ავადდებიან ყირიმ-კონგოთი?
ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, თაგვები და სხვ.
რა საფრთხეს წარმოადგენს ყირიმ-კონგო ადამიანისთვის?
ადამიანი ავადდება დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად, დაინფიცირებული ცხოველის სისხლთან და ქსოვილებთან შეხების და ყირიმ კონგოთი ინფიცირებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტის დროს.
ინკუბაციური პერიოდი, ძირითადად, 2-9 დღეა, თუმცა, შესაძლებელია, ორ კვირამდეც გაგრძელდეს. დაავადებას ახასიათებს სწრაფი განვითარება, უეცარი შემცივნება, ტემპერატურის მატება 39-40°С–მდე, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი). თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული, შესაძლებელია შედეგი ლეტალურად დამთავრდეს.
განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ვეტერინარები, მწყემსები, მწველავები, სასაკლაოს მუშაკები და ყირიმ-კონგოთი დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალი.
როგორ ვრცელდება ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება?
ცხოველები დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად ინფიცირდებიან. ვირემია გრძელდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 1-2 კვირის განმავლობაში. თუ ვირემიის პერიოდში დაავადებულ ცხოველს უკბენს ტკიპა, ის დაინფიცირდება, რაც ხელს უწყობს ციკლის ,,ტკიპა-ხერხემლიანი ცხოველი-ტკიპა’’ შენარჩუნებას.
რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) ახასიათებს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას?
ყირიმ-კონგოთი დაინფიცირებულ ცხოველს დაავადების კლინიკური ნიშნები გამოხატული არ აქვს, ცხოველი კლინიკურად ჯანმრთელია და მკურნალობას არ ექვემდებარება.
როგორ მოვიქცეთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დაგვიანებული მკურნალობა შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს!
როგორ ხდება ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზის დადგენა?
ყირიმ-კონგოს დიაგნოზის ლაბორატორიულად დასადასტურებლად ცხოველებიდან იღებენ სისხლის ნიმუშებს, ასევე სწავლობენ ტკიპებში ვირუსის არსებობას.
როგორ მკურნალობენ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას?
ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. ადამიანებში ადრეული მკურნალობა კეთილსაიმედოა.
როგორ ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პრევენცია და კონტროლი?
ყირიმ კონგოს ეპიდაფეთქების კონტროლის ძირითადი საშუალებაა ტრანსმისიული ჯაჭვის დარღვევა ტკიპასა და ხერხემლიან ცხოველს შორის. კერძოდ:
- ხშირად დაამუშავეთ ცხოველები და მათი სადგომები ინსექტოაკარიციდული (ტკიპების საწინააღმდეგო) პრეპარატებით, მათი გამოყენების ინსტრუქციის გათვალისწინებით;
- მინდორში, ეზოებში, ტყეში საველე სამუშაოების, სეირნობის და ნადირობის დროს, მაღალი ბალახის საფარის არსებობის შემთხვევაში, ატარეთ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- სახლში დაბრუნებისას შეამოწმეთ თქვენი სხეული და ტანსაცმელი ტკიპის არსებობაზე;
- ცხოველებს სხეულიდან ტკიპები მოაშორეთ ხელთათმანის და პინცეტის გამოყენებით, მოცილებისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე;
- ცხოველების დაკვლის პროცესში გამოიყენეთ ხელთათმანი, წინსაფარი, სათვალე და ჩექმა;
- მოერიდეთ ყირიმ კონგოთი დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს!
გახსოვდეთ, დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს!
რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო?
სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ ეპიდემიოლოგიურ კერებში მსხვილფეხა საქონლს ინსექტოაკარიციდებით ამუშვებს.