ვაშლის ქეცი
ვაშლის ქეცი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ქეცი აავადებს ვაშლის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით ფოთლებსა და ნაყოფებს.
ფოთლების დაავადება ვეგეტაციის დაწყებიდანვე ვლინდება, დაავადების ნიშნები, როცა ფოთლის ფირფიტა უკვე გადაშლილია, კარგადაა შესამჩნევი.
ფოთლებს თავიდან მოყვითალო ლაქა უჩნდება, რომელიც შემდეგ ხმება და დასაწყისში მუქი წენგოსფერით იფარება, ხოლო შემდეგ — შავი ხავერდოვანი ფიფქით. ლაქების ზომა ცვალებადია, ხშირად ისინი ერთმანეთს უერთდება და ფოთლის ფირფიტის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს, რაც ასიმილაციის პროცესს ამცირებს. დაავადების გავრცელებისთვის ოპტიმალური პირობებია ჰაერის მაღალი სინოტივე და +20— 25°C ტემპერატურა.
ნაყოფების დაავადება უფრო სახიფათოა, რადგან ავადდება როგორც მკვახე, ისე მწიფე ნაყოფები.
მკვახე ნაყოფის დაავადების დროს, ქეცისაგან დაზიანებული ადგილი აღარ იზრდება, ხოლო მოპირდაპირე მხარე ნორმალურად ვითარდება. ასეთი განვითარების შედეგად ნაყოფის ცალმხრივი ზრდა მოსდევს, ნაყოფი სკდება, აღარ იზრდება და თუ დაავადება გაძლიერდა, ცვივა.
რაც უფრო მეტად არის ვაშლი სიმწიფეში შესული, მისი ფორმირება უფრო ძნელდება, ამის მიზეზი ის არის, რომ სოკო ვაშლის ქსოვილის შიგნით კი არ ვრცელდება, არამედ მხოლოდ ეპიდერმისის ახლომდებარე პარენქიმულ ქსოვილებში ჩერდება ლაქება. ასეთი ლაქები ჯერ ხავერდოვანი ფიფქით იფარება, შემდეგ ფიფქი ცვივა და იმ ადგილას ყავისფერი ლაქები რჩება, რომლის ზედაპირიც იქერცლება, ამ დაავადებას „ქეცი” ამიტომაც ეწოდა
როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?
დაავადებასთან ბრძოლა შესაძლებელია როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით, რაშიც უმეტესად
მოაზრება სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება და წამლობა უსაფრთხო და ეფექტური ბიოპრეპარატებით.
აგროტექნიკურ ღონისძიებეში კი შედის ნაკვეთისა და მცენარის მოვლა ისე, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები. ამისათვის კი აუცილებელია:
● შემოდგომის პერიოდში მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან;
● ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება;
● კულტურის დაავადებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).
ტენიან და თბილ გარემოში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც წინა წლის ჩამოცვენილი ფოთლები ბოლომდე გატანილი არ არის, ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და ბაღის ხშირი მონიტორინგია საჭირო.
რაც შეეხება ბრძოლის ძირითად გზებს, საჭიროა, რომ დაავადებასთან საბრძოლველად გამოვყენოთ გოგირდისა და სხვა აქტიური ნივთიერებების შემცველი პრეპარატები. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული პრეპარატი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ასევე ახალი თაობის, რადგან ბაზარზე არსებულ პრეპარატების წინაარმდეგ დაავადებეს უკვე გამომუშავებული აქვთ რეზისტენტობა, ანუ გამძლეობა, რის გამოც პრეპარატის გაზრდილი დოზირებებიც კი არაეფექტურია ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სასურველია თქვენი ბაღის მდგომარეობა შეაფასებინოთ სპეციალისტს და კონსულტაციის შედეგად მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელი პრეპარატები გამოიყენოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“