აგროსიახლეები

რატომ უნდა დავამუშაოთ ცხოველები და ფრინველები ჭიების თუ სხვა პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით

ცხოველთა და ფრინველთა ჯანმრთელობა რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავზარდოთ პროდუქტიულობა, რაც ადამიანის ჯანმრთელობის წინაპირობაც არის, აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგების განვითარებისათვის ვეტერინარული ღონისძიებების დროული გატარება, რაც მოიცავს ინფექციურ, ინვაზიურ და არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლას და მათ პროფილაქტიკას, უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამჯერად ყურადღებას ინვაზიურ, კერძოდ ჰელმინთების (ჭიების) მიერ გამოწვეულ ზიანზე გავამახვილებთ.

სავეტერინარო ჰელმინთოლოგია ფართო მცნებაა, რადგან სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ორგანიზმზე პათოგენურ ზეგავლენას ორი ათასზე მეტი პარაზიტი ჭიის სახეობა ახდენს.

ცხოველის დაინვაზირება პარაზიტთა კვერცხებით, ან მათი ჭიებით ძირითადად საძოვრებრზე ხდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ინვაზიები თბილ სეზონზე აქტიურდებიან და საძოვარზე მყოფი ცხოველები მათი პირველი სამიზნეები არიან.

გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა პარაზიტი შეიძლება მხოლოდ ერთ რეგიონში შეგხვდეს და სხვაგან საერთოდ არ არსებობდეს.

პარაზიტების უმრავლესობა, ცხოველის ორგანიზმში, მხოლოდ ერთ თაობას იძლევა, მაგრამ თუ სასურველი პირობები დახვდათ, ცხოველის ორგანიზმში შესაძლოა, წლობითაც იცხოვრონ.

როგორ ხვდება პარაზიტი ცხოველში?

პარაზიტი ცხოველის ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას კანიდან, საჭმლის მომნელებელი გზით და სასუნთქი სისტემის მეშვეობით. მათ გააჩნიათ კაუჭები, მისაწოვრები, მჭრელი ფირფიტები, რომელთა მეშვეობით ნაწლავების ლორწოვან გარსზე, ან სხვადასხვა ქსოვილებს ეჭიდებიან, მექანიკურად აზიანებენ ქსოვილის გარსს, იწვევენ მექანიკურ დაზიანებას, გაღიზიანებას, რასაც მოსდევს ანთებითი რეაქცია.

ჭიები პარაზიტობენ მასპინძლის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში. ზიანი გამოიხატება როგორც მექანიკური და ტოქსიკური ზეგავლენით, ისე პათოგენური მიკროორგანიზმების ინოკულაციით და აქტივიზაციით.

ღვიძლში, ფილტვებში, ელენთაში, თირკმელებში, ტვინში, კუნთებში, სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში ჭიების ლოკალიზაციის შედეგად ხდება მათი ატროფია. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნემატოდებისა და ცესტოდების მასობრივმა დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სანათურის დაცობა, ნაწლავის კედლის გასკდომა, რის შედეგად პერიტონიტი ვითარდება.

ჰელმინთები თავიანთი ცხოველმოქმედების პროცესში გამოყოფენ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს, ჯირკვლების სეკრეტებს, ტოქსინებს, რომლებიც ორგანიზმს შხამავენ, რომლის შედეგად ორგანოებსა და ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება.

ტოქსინების ზემოქმედებით მასპინძლის ორგანიზმში შეიძლება დაირღვეს ნივთიერებათა ცვლის, სუნთქვის, გულსისხლძარღვთა სისტემის, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ფუნქციები, გამოიწვიოს ალერგიული დაავადებები.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს ადამიანისა და ცხოველის საერთო პარაზიტი ჭიები და რომელთა მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები ერთმანეთის იდენტურია.

თუ  გვინდა,  რომ დავიცვათ  ცხოველთა და ფრინველთა ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ და გავზარდოთ პროდუქტიულობა, აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

ამისთვის საჭიროა ჰელმინთებთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ერთ-ერთია ქიმიოპროფილაქტიკა, ანუ ანტიჰელმინთური საშუალებებით ცხოველთა და ფრინველთა დამუშავება.

აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით (ძირითადად გაზაფხული, შემოდგომა), პროფილაქტიკის მიზნით ცხოველები ჰელმინთების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავდეს, რათა არ მოხდეს ჯანმრთელობის დარღვევა და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები ავირიდოთ თავიდან.

ანტიჰელმინთური ღონისძიებების დროული გატარება ნიშნავს ინფექციებისგან და პარაზიტებისგან დაცულ პირუტყვს, ეს კი ადამიანებისათვის უვნებელი საკვებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

ლევან ბზიშვილი,

საჰიბ კაჯიევი,

ლიკა ჩახაია