აგროსიახლეები

კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ დასრულდა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ დასრულდა. კონფერენციის მონაწილეებმა – მეცნიერებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა სამი დღის განმავლობაში, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე შეიმუშავეს  სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
როგორც „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის”  კოორდინატორმა,  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  დოქტორმა,  პროფესორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, პროექტის სამომავლო წარმატებისთვის, მსგავსი მასშტაბის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„კონფერენციაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასთან ერთად, წინ მიდის მეცნიერებაც, შესაბამისად, საჭიროა ახალი კვლევები, ახალი მიგნებები, რაც  ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ მიღებულ დასკვნებს კიდევ უფრო გაამყარებს. პერსპექტივები ნამდვილად დიდია და ეს, კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დაადასტურეს. პროექტის ფარგლებში, ქართული ვაზისა და ღვინის შესწავლას, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების  ექსპერტები და მკვლევრები ახორციელებენ.  აღსანიშნავია, რომ გაიზარდა პროექტში ჩართული მეცნიერების რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა პროექტის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა, რაც მომავალში სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში გადაიზრდება და, საბოლოოდ, ისევ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის იმ მრავალფეროვანი საკითხების შესწავლას წაადგება, რითიც ასე მდიდარია ეს დარგი“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.  

აღსანიშნავია, რომ  „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის” ფარგლებში განხორციელებული კვლევების ასეთი მასშტაბური წარდგენა და განხილვა პირველად განხორციელდა.