აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ 2023 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა
მიმდინარე წელს აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 6 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება – შენახვა რეალიზაციის მიმართულებით.
წარმატებით განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 1500-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით, ექსტენციის ქსელის უფასო კონსულტაცია სხვადასხვა დარგის მიმართულებით 5 000-მდე ფერმერს ჩაუტარდა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდა, უსასყიდლოდ დამუშავებული იქნა 2 200 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობები.
აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია – 17,865 000 აშშ დოლარის 26 675 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს მიღებული და გადამუშავებულია 4,760 ტონა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება 25 თეთრია. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 30 თეთრია.
2023 წელს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, ქ. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტირების, ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელლდა მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება. სანაპიროზე შეტანილი იქნა – 412 960 კუბ. მეტრი პლაჟწარმომქმნელი ქვიშა-ხრეშოვანი მასალა და ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლის შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობა.
შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტზე, მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 3 273 628 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა – 32 014 578 ლარით. რომელიც მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.
შეხვედრის ბოლოს, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეწარმეები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.