დარგებიმეცხოველეობა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველის ჯიში და ჯილაგი, რა განსხვავებაა მათ შორის

 დღეს მსოფლიოში აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისა და ფრინველების 3900-მდე ჯიში, მათ შორის: ძროხის −1028, ღორის − 215-მდე, ცხვრის − 200-მდე, თხის − 21, ცხენის − 250, ყველა სახეობის ფრინველის − 232, ბოცვერის − 60-ზე მეტი, ძაღლის − 400 და სხვ.
ჯიში არის ადამიანის მიზანმიმართული შრომით ჩამოყალიბებული, ერთი სახეობის, ერთიანი წარმოშობის ცხოველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ერთმანეთის მსგავსი და  მემკვიდრეობით განმტკიცებული ნიშან-თვისებებით.

გარეულ ცხოველთა სახეობებში ჯიშები არ არის. ზოოლოგიაში ცხოველთა სისტემატიკის ძირითადი ტაქსონომიური ერთეულებია სახეობა და სახესხვაობა, ჯიშებად კი ყოფენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს.

ცხოველის/ფრინველის ამა თუ იმ ჯიშზე მისაკუთვნებლად აუცილებელია: წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა. ამასთან ერთად, ჯიში უნდა ხასიათდებოდეს ჩამოყალიბების ზონის სამეურნეო და ეკოლოგიური პირობებისადმი შეგუების უნარით, მსგავსი სამეურნეო-სასარგებლო ნიშან-თვისებებით და მათი მემკვიდრეობის სტაბილურობით (მაღალი განმეორებადობითა და გარკვეულ ფარგლებში ცვალებადობით). ასევე, ცხოველთა ჯგუფის ჯიშად აღიარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა სულადობის მინიმალური მაჩვენებელი, რომელზეც მკვლევარების მოსაზრება საკმაოდ განსხვავებულია. მაგალითად, მეცნიერების ერთი ჯგუფის აზრით ჯიშში უნდა იყოს მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათასი სული ან ფრთა და განსაკუთრებულად ღირებული ინდივიდების საკმარისი რაოდენობა; ზოგიერთი მკვლევარი კი აკონკრეტებს, რომ: ჯიშში უნდა იყოს არა ნაკლებ 4500 სული პირუტყვი და 150 მწარმოებელი, ხოლო ახლად გამოყვანილ ჯიშში უნდა იყოს 10-15 ხაზი.

ადამიანის ჩაურევლად, ანუ მიზანმიმართული სასელექციო პროცესის გარეშე ჯიში გადაგვარდება.

ჯიში არ არის რაიმე სტაბილური, ცხოველთა უცვლელი ჯგუფი. ნებისმიერ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ის განიცდის ცვლილებებს. ამასთან, მიზანმიმართული სასელექციო მუშაობის პროცესში ის მრავლდება და ვითარდება სელექციონერის მიერ გატარებულ ღონისძიებებში დასახული მიმართულებით; კერძოდ უმჯობესდება მისი პროდუქტიულობა, მალმწიფადობა, გარემოსადმი შეგუების უნარი და სხვ.

სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ჯიშების კლასიფიკაცია, დაყოფა ხდება გავრცელების, წარმოშობის, სანაშენე მუშაობის დონის, პროდუქტიული მიმართულების და ზოგიერთი სხვა ნიშან-თვისების მიხედვით (მაგალითად: ძროხაში, თავის ქალის ფორმის, ცხვარში კუდის ზომისა და ფორმის, ღორების თავის ფორმისა და ყურების ზომის და სხვ.).

გავრცელების მიხედვით, განასხვავებენ ლოკალური და გლობალური მნიშვნელობის ჯიშებს; სანაშენე მუშაობის დონის, ანუ ჯიშის გამოყვანასა ან/და სრულყოფაზე ადამიანის მიერ დახარჯული შრომის გათვალისწინებით კი ჯიშები იყოფა 3 ჯგუფად:

პრიმიტიული ჯიშები, რომელშიც შედის ხალხური სელექციით ჩამოყალიბებული ლოკალური მნიშვნელობის აბორიგენული, შედარებით დაბალპროდუქტიული და გვიანმწიფადი ჯიშები; კულტურული ჯიშები.

აქ შედის გენეტიკისა და სელექციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩამოყალიბებული ჯიშები, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან პროდუქტიული მიმართულების მიხედვით, ხასიათდებიან მალმწიფადობით და მაღალი პროდუქტიულობით;

გარდამავალი ჯიშები, ანუ ის ჯიშები, რომლებშიც სასელექციო პროცესს სისტემატიური და მიზანმიმართული ხასიათი არ აქვს.

 კულტურული ჯიშები ხასიათდებიან საკმაოდ რთული სტრუქტურით. მათში გვხვდება ჯილაგები, სამომშენებლო და ეკოლოგიური ტიპები, ხაზები და ოჯახები. ყველა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულებისათვის ჯიშის ძირითადი (საბაზისო) ნიშან-თვისებები მსგავსია და, იმავდროულად, ისინი ხასიათდებიან გარკვეული თვისობრივი განსხვავებებით, რომლებიც ჯდება ჯიშისათვის დამახასიათებელ ჩარჩოებში.

ჯილაგი

ჯიშის ის ნაწილია, რომელიც შეგუებულია მოშენების კონკრეტულ ზონალურ პირობებს. ანუ, ის ყალიბდება ჯიშის ეკოლოგიურად დაყოფის შედეგად. მაგალითად, კავკასიურ წაბლა ჯიშში გვხვდება ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და დაღესტნური ჯილაგები.

ჯიშის ტიპი

ძირითადად, გვხვდება კულტურული, ე.წ. სამომშენებლო ჯიშებში. განასხვავებენ ზონალურ და ეკოლოგიურ ტიპებს. მათ, ჯიშისათვის დამახასიათებელ საერთო თვისებებთან ერთად, აქვთ კონკრეტული რეგიონის პირობებისადმი შეგუების უნარი, ზოგიერთი დაავადებისადმი მდგრადობა და სხვ. მაგალითად, ჰოლშტინურ ჯიშში განასხვავებენ აშშ-ს, კანადის, ისრაელის, ავსტრალიის და სხვ. ჯიშშიგნითა ტიპის ცხოველებს. მათგან, ვთქვათ ისრაელის ჰოლშტინური ჯიშის ცხოველები კარგად ეგუებიან ამ ქვეყნის ცხელ კლიმატურ პირობებს და იმავდროულად, ავლენენ მეტად მაღალ სარძეო პროდუქტიულობას.