აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

კიდევ ერთხელ ქვევრ-ღვინოში ოზონის გამოყენების შესახებ

წიგნზე მუშაობის დროს, ჩემი ყურადღება ერთმა ახალგაზრდა მეღვინის მიერ დადებულმა ვიდეომ მიიპყრო, რომელიც წყლით სავსე ქვევრს ოზონით ამუშავებდა და ბევრი იმ კეთილის შესახებ მოუთხრობდა მაყურებელს, რაც ქვევრის სისუფთავის საქმეში ოზონით მის დამუშავებას მოაქვს. რა თქმა უნდა, ამ მონათხრობიდან ნახევარი მაინც სრული ჭეშმარიტებაა და ოზონი, მართლაც შეუცვლელი საშუალებაა ქვევრის და არა მარტო ქვევრის სისუფთავისათვის, ანუ ამ მხრივ ეს ახალგაზრდა, მართლაც სწორ გზაზე დგას და კეთილ საქმეს აკეთებს. ოღონდ, როცა ამ ყველაფერს სხვებსაც უზიარებს, ანუ სხვების მასწავლებლის როლში გამოდიხარ თუ მსოფლიო ლიტერატურაში არა, ამის შესახებ მშობლიურ ლიტერატურაში მაინც კარგად უნდა გაეცნოს ამ საკითხს და ბოლომდე შეისწავლე ის, მერე კი სხვას ასწავლო და მიმდევრები გაიჩინო.
რაში მდგომარეობდა ამ კეთილი კაცის შეცდომა ვიდეოს ჩვენების დროს? იმაში, რომ მას ეს საკითხი კარგად არ აქვს შესწავლილი და მისი გზის განმეორების შემთხვევაში ქვევრი, შეიძლება დეზინფექციის გარეშე დაგრჩეთ.

როგორც აპარატს შევატყვე ის მძლავრი ოზონოგენერატორი არ უნდა იყოს და ასეთი აპარატები შეიძლება მცირე ზომის ქვევრებში გამოგადგეთ, რაც შეეხება დიდი ზომის ქვევრებს მათი დეზინფექციისათვის უფრო მძლავრი აპარატებია საჭირო. საერთოდ კი ქვევრის დეზინფექციის დროს მისი წყლით ავსება, წყლის დაოზონირება და ოზონირებული წყლით ქვევრის დეზინფექცია, სულაც არაა ეფექტიანი, რადგან წყალში გაშვებული ოზონის, მხოლოდ 8-10% იხსნება წყალში დანარჩენი ოზონი კი ჰაერის ბუშტუკებს ამოაქვს წყლის ზედაპირზე და ჰაერს უერთდება, ანუ უსარგებლოდ იკარგება. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ერთ ტონიან ქვევრში გაფრქვეული 10 გრ. ოზონიდან ქვევრში, მხოლოდ ერთი გრამი ოზონი გაიხსნა, რისთვისაც ერთი საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს ოზონოგენერატორმა, რომლის სიმძლავრე 10 გრ/სთ-ია. მაგრამ აქ დგება მეორე პრობლემა, გაფრქვევიდან ოზონი 20-25 წთ-ის შემდეგ დაშლას იწყებს, ანუ გადმოდის ჟანგბადში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ტევადობის ქვევრში ამ სიმძლავრის ოზონოგენერატორით ქვევრში მოთავსებულ წყალში, ოზონის იმ კონცენტრაციას ვერასდროს მიიღებთ, რომ ქვევრში მცხოვრები ბაქტერიები მთლიანად დაიხოცოს, რადგან თუ ახლად გაფრქვეული ოზონი კონცენტრაციას ამატებს, ძველი გაფრქვეულის კონცენტრაცია აკლდება, ანუ ასე შეიძლება ოზონატორი საათობით ამუშაო (რაც ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლება), ქვევრი კი დეზინფექციის გარეშე დაგრჩეს. გამოსავალი? გამოსავალი ისაა, რომ ან ძალიან მძლავრი ოზონატორი უნდა გამოიყენო ან ქვევრი, წყლისგან გაცალო და ცარიელ ქვევრს გაუკეთო ოზონით დეზინფექცია. ამ დროს ოზონატორის შლანგზე წამოცმული მფრქვევანა ქვა, ქვევრის ძირში უნდა ჩადო და ჩართოთ ოზონოგენერატორი. ოზონირებული ჰაერი გაცილებით მძიმეა ჩვეულებრივ ჰაერზე, ამიტომ ის ქვევრიდან ჩვეულებრივ ჰაერს გამოდევნის და ოზონირებული ჰაერით აავსებს ქვევრს. ახლა ვნახოთ არის თუ არა ოზონის დანაკარგი  და რა კონცენტრაციის ოზონირებული ჰაერით ივსება ქვევრი. დანაკარგი საერთოდ არ არსებობს და რამდენი გრამი ოზონიც გაიფრქვა ქვევრში, ყველა ადგილზე რჩება, ანუ 30 წთ-ის შემდეგ 5 გრამი ოზონია ქვევრში, რომელიც საკმარისია ნებისმიერი ზომის ქვევრის მაღალი ხარისხის დეზინფექციისათვის. აქვე ჩნდება მეორე კითხვა: რა ემართება და ამ შემთხვევაში, როგორ ნადგურდება ის მავნე მიკრო-ორგანიზმები, რომლებიც ქვევრის კედლის ფორებშია დამალული? როცა ქვევრის კედელი სველია, ეს იმას ნიშნავს, რომ  ეს ფორები წყლითაა სავსე, რომელ წყალსაც ოზონირებული ჰაერი შეხების დროს მომენტალურად აოზონირებს და ნებისმიერი სახის მავნე მიკროორგანიზმი მომენტალურად იღუპება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ კედელში ფორები სველი იყოს, სულაც არაა საჭირო ქვევრის წყლით ავსება. საკმარისია სველკედლიანი ქვევრი დააოზონიროთ.

         ასევე დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ თითქოს ოზონი ყველანაირი ჭუჭყისგან ასუფთავებს ქვევრს. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ქვევრს ჭირდება ორი სახის სისუფთავე, ფიზიკური და ბიოლოგიური. ფიზიკური სისუფთავის პრობლემა, უხეში ჯაგრისით და თბილი წყლით გვარდება, ხოლო ბიოლოგიური, მაღალი დონის დეზინფექციით, ესენი სხვადასხვა მცნებებია და სხვადასხვა საშუალებებით წყდება, ანუ არანაირი მაღალი დონის დეზინფექცია არ ცვლის ქვევრის რეცხვას და ასევე არანაირი მაღალი დონის ფიზიკური სისუფთავე არ ცვლის დეზინფექციას. რომელ დეზინფექციასაც ოზონი, გაცილებით იოლად და ეფექტურად ასრულებს, ვიდრე გოგირდის კვამლი და სხვა შხამები. ოზონი თუნდაც იმიტომაა მისაღები და შეუცვლელი, რომ ის ერთი საათის შემდეგ უკან გადმოდის ჟანგბადში და უკვალოდ ქრება.

          ოზონი, არა მარტო ქვევრების სადეზინფექციოდაა შეუცვლელი საშუალება, არამედ ოზონირებული წყალი ვაზის შესაწამლი შხამებისა და პესტიციდების ალტერნატივაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ინერგება, მათ შორის საქართველოში, რომლის დანერგვას თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ემსახურება. ჩვენი სპეციალისტების მიერ დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ოზონოგენერატორია ამ მიზნით აწყობილი და მუშაობს არა მარტო მევენახეობა-მეღვინეობაში, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, კერძოდ ჩვენს გენერატორებს ფართოდ იყენებენ სასათბურე მეურნეობებში.

           მეღვინეობა სოფლის მეურნეობის ის დარგია, სადაც განსაკუთრებით აქტუალურია პროდუქციის ბიოლოგიური სისუფთავე, ამასთანავე აქ გამოყენებული საშუალებები თუ თვითლიკვიდურია და ღვინოში ნაშთად არ რჩება, დიდებულია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ის, რაც შეიძლება ნაკლებ ნაშთს უნდა ტოვებდეს ღვინოში. დღემდე ღვინის სამკურნალოდ ძირითადად გოგირდს იყენებენ, რაც არ წარმოადგენს ლიკვიდურ პრეპარატს და არა ნაკლები პრობლემაა ღვინისათვის, ვიდრე თვით დაავადება. სწორედ ამიტომაა რომ საუკუნეებია ქიმიკოსები ეძებენ მის ალტერნატივას. სწორედ ამ ძიებამ აიძულა დიდი ფრანგი ქიმიკოსი და ფიზიოლოგი ლუი პასტერი ბედი ოზონში ეცადა და წარმატებასაც მიაღწია. ეს საკითხი შემდგომ უფრო ღრმად შეისწავლა იტალიელმა ქიმიკოსმა ჯიანეტომ. ყველა ამ სპეციალისტთა დასკვნით ოზონი გოგირდის ალტერნატივაა და ის ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული მეღვინეობაში.

          ვმუშაობთ რა აღნიშნული მეცნიერების მემკვიდრეობაზე ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერები წლებია არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულ ჩვევებს ვამუშავებთ  ოზონის მეღვინეობაში გამოყენებაზე და გვაქვს კარგი მიგნება, კერძოდ: ტკბილი დადუღების შემდეგ, ანუ მაჭარი დაუყოვნებლივ უნდა დაამუშაოთ ოზონით, ამით თქვენ მაჭარში გაანადგურებთ ყველა იმ მავნე მიკროორგანიზმს, რომელიც ყურძენს ვენახიდან მოჰყვება (დამპალი მარცვლების და კრაზანას მიერ გაჭრილ ყურძნის მარცვლებში აქროლად მჟავა-ამაღლებული წვენის სახით), ანუ ამით თქვენ დავარგებაზე დასაყენებელ მაჭარს მაღალი ხარისხის დეზინფექციას უტარებთ, რის შემდეგაც ძალიან ადვილია ღვინის დაცვა ყველა სახის დაავადებებისაგან.

          ერთი რჩევა მინდა მივცე ყველა მას ვისაც ოზონთან უნდა დამეგობრება: დღეს შეიძლება ბერმა შემოგთავაზოთ ქარხნული წესით დამზადებული ოზონოგენერატორი, მაგრამ გახსოვდეთ თუ ის დაგიზიანდათ მასთან დიდი პრობლემები შეგექმნებათ, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება, რადგან საქართველოში დღემდე არცერთ ფირმას არ გაუხსნია სარემონტო პუნქტი. ჩვენი ინსტიტუტის სპეციალისტები კი თავის დამზადებულ ოზონოგენერატორებს თვითონ ემსახურებიან, თუმცა ჩვენი 8 წლიანი გამოცდილებით მათ დღემდე მუშაობის პრობლემა არ შეჰქმნიათ და ჩვენთვის დასახმარებლად არ მოუმართავთ.

           PS. ოზონო ტექნოლოგია მომავლის ტექნოლოგიაა, რომელიც მსოფლიოში ფართოდ ინერგება, რაც შეეხება საქართველოს ისე, როგორც ყველა სხვა სიახლეთა დანერგვის დროს, პრობლემები იქმნება, ანუ საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან ეკრძალვის სიახლის ათვისებას, არადა უმისოდ ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობა არ ხდება. კარგი იქნება თუ ქართველი მეურნე კაცი, დროზე გაათვითცნობიერებს ამას და ქართველ მეცნიერებს საშუალებას მოგვცემს ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება გავუწიოთ მათ.

                            ჟორა  გაბრიჭიძე /თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის

                                                              ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი