ერუშეთის ეროვნული პარკის მდინარე და მისი შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა
„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე და მისი შენაკადები 80 000 ქვირითით დათევზიანდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
ერუშეთის ეროვნული პარკის მდინარის დათევზიანების პროცესში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს.