აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

ფუტკრის მავნებლის – სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესი

სკის მცირე ხოჭო (Aethina tumida), კლასი – მწერები, რიგი – Coleoptera. ოჯახი: Nitidulidae) მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera)  ევროპული რასებისთვის ეგზოტიკური მავნებელი და მტაცებელია.
მავნებელი ენდემურია აფრიკის კონტინენტისთვის და არ იწვევს მეთაფლია ფუტკრის აფრიკული რასების ოჯახებში მძიმე უარყოფით მოვლენებს. მეთაფლია ფუტკრის ევროპული რასების ოჯახებს არ გააჩნიათ მავნებლის მიმართ     ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები. შესაბამისად, მავნებელი იწვევს მათი ოჯახების ძლიერ დასუსტებასა და განადგურებას და დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მეფუტკრეობის დარგს.

Aethina Tumida 5025048

 მავნებელი იკვებება ფუტკრის ბარტყით, ყვავილის მტვრითა და თაფლით. კვებისას მავნებელი გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოს, ხოლო ლორწოთი დაბინძურებული თაფლის მარაგი განიცდის ფერმენტაციას.

♦ მავნებლის აქტივობა ფუტკრის ოჯახში იწვევს ბუდის სტრუქტურის რღვევას, რის შემდეგაც ფუტკრის იმაგო ფორმები ტოვებენ ბუდეს.

♦ მავნებლის ინვაზიის შედეგად ფუტკრის ოჯახისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე განისაზღვრება ადგილობრივი კლიმატის თავისებურებებით, ფუტკრის ოჯახის სიძლიერითა და სხვა ფაქტორებით. თბილი კლიმატისა და მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში მავნებლის ცხოველმყოფელობისთვის უკეთესი პირობები იქმნება.

♦  მავნებელს ასევე შეუძლია იკვებოს და გამრავლდეს ფუტკრის ოჯახის გარეთ: თაფლის, ფიჭისა და თაფლიანი ფიჭის ანათალის სუბსტრატზე, რომლებიც საწყობში ფუტკრის გარეშე არიან განთავსებული.

♦  მავნებლის კვერცხიდან იმაგო ფორმამდე განვითარებისთვის 3-12 კვირა სჭირდება. ფრენის უნარის მქონე     მავნებელი შეუფერხებლად ახდენს ფუტკრის როგორც ძლიერ ისე სუსტ ოჯახებში შეჭრასა და გამრავლებას.

♦ ფუტკრის ოჯახში მავნებლის ინვაზია საწყის სტადიაზე შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, მოგვიანებით, კი ოჯახის დათვალიერებისას შეიმჩნევა:

ა) 5 მმ-მდე სიგრძისა და 3.3 მმ-მდე სიგანის მქონე, მოყავისფრო-მოშავო ფერის მავნებლის იმაგო ფორმები, რომლებიც დათვალიერებისას გაურბიან სინათლეს და ცდილობენ სკისა და ჩარჩოების კუთხეებში დამალვას;

ბ) მავნებლის კვერცხები ზომით 1.4 × 0.26 მმ შეიძლება ჯგუფებად იყოს განთავსებული სკის ნაწილების ნაპრალებსა და ფსკერზე, ფიჭებზე და ფუტკრის ჭუპრის სარქველების ქვეშ, რაზეც ხშირად სარქველში არსებული ნახვრეტი მიანიშნებს;

გ) მავნებლის ლარვები 1 სმ სიგრძეს აღწევენ, აქვთ მოთეთრო შეფერილობა, გააჩნიათ სამი წყვილი კიდური და დორსალური ფარი, ლარვების ნახვა შესაძლებელია ფიჭაში და სკის ფსკერზე დაგროვილ ნარჩენებში;

დ) სპეციფიკური ლპობის სუნი, რაც უკავშირდება მავნებლის ლარვების მიერ ფუტკრის ბარტყის განადგურებას და მათი სხეულების ხრწნას, აგრეთვე თაფლის მარაგების ფერმენტაციას;

ე) მავნებლის ლარვები სხვადასხვა სუბსტრატის ზედაპირებზე გადაადგილებისას ტოვებენ ლორწოვან, ნაცხისმაგვარ კვალს.

Aethina Tumida

♦ ამ მუხლის მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი ნიშნები ასევე დამახასიათებელია ფუტკრის ოჯახის გარეშე შენახული ფიჭების მავნებლით დაზიანებისას. (ეხება სასაწყობე სივრცეში, ან უფუტკრო სკებში შენახულ ფიჭებს, თაფლის დაწურვისას წარმოქმნილ ანათალს და მსგავსი ტიპის ნარჩენებს).

♦ მავნებლის ლარვა ჭუპრის ფაზას გადის ნიადაგში 1-20 სმ სიღრმეში, ფუტკრის ოჯახიდან უმეტესად 180 სმ-ის რადიუსში.

♦ საველე პირობებში მავნებელზე სავარაუდო დიაგნოზის დასმისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის შედეგები, მავნებლის პოვნის შემთხვევაში მისი მორფოლოგია, მიყენებული ზიანის თვალსაჩინო თავისებურებები და მსგავსი მორფოლოგიის მქონე მწერების არსებობა.

♦ მავნებლის არსებობის დადასტურება ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდირებული მეთოდების გამოყენებით (Manual of Diagnostic Tests and Vaccines for Terrestrial Animals).

♦ მავნებლის ინვაზიასთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევებზე პასუხისმგებელია სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – სმსლ).

 ტერმინთა განმარტება

„ფუტკრის მავნებლის – სკის მცირე ხოჭოსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეპიზოოტიური კერა – კონკრეტული ადგილი ან/და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც არის მავნებლის წყარო და შესაძლებელია ზიანი მიადგეს საფუტკრე მეურნეობას. ეპიზოოტიური კერის საზღვრებს ადგენს სააგენტო;

ბ) რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახები – ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ბინადრობენ ან/და უწევთ გადაადგილება ეპიზოოტიურ კერაში;

გ) მავნებლის არსებობის საეჭვო შემთხვევა – როდესაც ადგილი აქვს მავნებლის და მისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლინას;

დ) მავნებლის არსებობის დადასტურებული შემთხვევა – როდესაც ლაბორატორიული     გამოკვლევის შედეგად დასტურდება მავნებლის არსებობა;

ე) პასუხისმგებელი პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ფუტკრის ოჯახს ან/და პასუხისმგებელია ფუტკრის ოჯახის მოვლა-შენახვაზე;

ვ) ცხოველური პროდუქტი – ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

ზ) მეფუტკრეობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (შემდეგომში – მადპ) (apiculture by-products) – თაფლი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი ან მტვერი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

თ) საფუტკრე მეურნეობა – შემოღობილი ან შემოუღობავი ტერიტორია სკებით, საფუტკრის შენობებითა და აღჭურვილობებით, სადაც ხდება ფუტკრის შენახვა, მოვლა და რომელიც წარმოადგენს ფუტკრის მუდმივ ან დროებით ფიზიკურ ადგილსამყოფელს და რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) სკა – კონსტრუქცია, მათ შორის, ხის მორისაგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია ფუტკრის ოჯახი, ჩვეულებისამებრ აღჭურვილი ჩარჩოებით, საფრენით, დასათბუნებელი მასალით, ხის ან სხვა მასალის საკუჭნაოთი;

კ) ფიჭა  ფუტკრების მიერ აგებული ცვილის ორმხრივი სტრუქტურა ჰექსაგონური ფორმის უჯრებით;

ლ) ასაშენებელი ფიჭა  ფუტკრის ცვილისგან დამზადებული ფურცელი ორმხრივად ამოტვიფრული ჰექსაგონური კონტურებით, განკუთვნილი ფუტკრის ოჯახის მიერ ფიჭების სამშენებლოდ;

მ) ფუტკრის ოჯახი – მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) ერთიანი ჯგუფი, ჩვეულებრივ ერთი დედა ფუტკრით, მუშა ფუტკრებით, სეზონური თავისებურების გათვალისწინებით, მამალი ფუტკრებითა და ფუტკრის ბარტყით ან მათ გარეშე;

ნ) ფუტკრის ბარტყი – განვითარებადი მეთაფლია ფუტკრის ყველა საფეხურის, დაწყებული კვერცხითა და დასრულებული ჭუპრით, კრებსითი სახელი;

ო) ფუტკრის ოჯახის ბუდე – სკის ნაწილი შემდგარი ჩარჩოებისგან, ფიჭებისგან და ფიჭის უჯრებში განთავსებული ფუტკრის ბარტყის, თაფლისა და ჭეოსაგან;

პ) ქურდობა – მუშა ფუტკრების მიერ თაფლისა და საკვები მარაგის აღება (დატაცება) ფუტკრის სხვა ოჯახებიდან.

მუხლი 3. მავნებლის საწინააღმდეგოდ გასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები

მეთაფლია ფუტკრის ოჯახების მოვლა-შენახვისას გამოყენებული უნდა იქნეს კარგი საწარმოო პრაქტიკა, მავნებლის პროფილაქტიკის მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

ა) სკაში ახალი ოჯახების, დედა ფუტკრის, ფიჭის შემოტანა მავნებლის ინვაზიაზე მხოლოდ კეთილსაიმედო საფუტკრე მეურნეობიდან;

ბ) ფუტკრის ოჯახებს გარეთ არსებული თაფლის მარაგის, თაფლიანი ფიჭების, ფიჭის ნაწილების, ფიჭის ნარჩენების, ცვილსა და დამატებითი კვების საშუალებების შენახვას ფუტკრებით დაუსახლებელ სკებში ან სხვა ტიპის სათავსოში ისე, რომ გამოირიცხოს მათთან წვდომა;

გ) საფუტკრე მეურნეობაში მხოლოდ ძლიერი ოჯახების ყოლა.

Pericolo Alveari Parassita Aethina Tumida It 000

მავნებლის ინვაზიის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. საფუტკრე მეურნეობაში მავნებლის არსებობის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევისას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. დაავადების საეჭვო შემთხვევების შეტყობინების ვალდებულებები ეკისრება:

ა) პასუხისმგებელ პირს;

ბ) ნებისმიერ თანმხლებ პირს ფუტკრის ტრანსპორტირებისას/გადაადგილებისას;

გ) ვეტერინარს, რომელიც ჩართულია ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის სერვისში;

დ) სახელმწიფო ვეტერინარს, სმსლ-ს ან კერძო ლაბორატორიებს.

3. სააგენტოსთვის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება ეკისრება სმსლ-ს.

4. სააგენტო ვალდებულია მავნებლის არსებობისას დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს.

 პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ფუტკრის დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) მავნებლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

გ) სააგენტოს მითითებების შესაბამისად:

გ.ა) ფუტკრის ოჯახებთან მუშაობისას დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური პირობები;

გ.ბ) უზრუნველყოს მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახთან სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის სათანადო გაუვნებლობა;

გ.გ) უზრუნველყოს ჯანმრთელი და მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების ცალ-ცალკე დათვალიერება, მავნებლის არსებობის საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი საჭირო     ღონისძიებების გატარება;

გ.დ.) ლაბორატორიული გამოკვლევის  შედეგების მიღებამდე:

გ.დ.ა) არ დაუშვას მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახ(ებ)ის გადაადგილება, რეალიზაცია და ასეთი ოჯახიდან ფიჭების, საკვების მარაგის, დედა ფუტკრის, ბარტყის ან ზრდასრული ფუტკრის მასის სხვა სკაში გადაყვანა ან საფუტკრე მეურნეობის გარეთ გატანა;

გ.დ.ბ) არ დაუშვას ფუტკრის ოჯახ(ებ)ისთვის განკუთვნილი საკვები მარაგების გატანა სასაწყობე სივრციდან;

გ.დ.გ) უზრუნველყოს დაავადებაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, მადპ-ის სათანადო შენახვა იზოლირებულად, არ დაუშვას ამ პროდუქტების, გარდა  მეურნეობაში უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტებისა,   გადატანა და რეალიზაცია;

გ.დ.დ) მეურნეობის ტერიტორიიდან (ან საკარანტინო ზონიდან) უკვე არსებული სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტების გატანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული მეთოდებიდან ერთ-ერთით, მათი გაუვნებლობის შემდგომ.

გ.ე) საკარანტინო პერიოდში უზრუნველყოს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები.

სააგენტოს ვალდებულებები    

1. მავნებლის არსებობის საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე;

ბ) ჩაატაროს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ) განახორციელოს ფუტკრის ოჯახების კლინიკური დათვალიერება და პასუხისმგებელ პირს მისცეს მითითებები კლინიკურად ჯანმრთელი, მავნებლის არსებობაზე საეჭვო ფუტკრის ოჯახების განცალკევებაზე და საფუტკრე მეურნეობაში არსებული ცხოველური პროდუქტების მარაგის, მათ შორის მადპ-ს დადგენაზე/აღწერაზე და მონაცემების შენახვაზე;

დ) აიღოს ნიმუშ(ებ)ი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის და გადააგზავნოს სმსლ-ში;

ე) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები, შეაფასოს ეპიზოოტიური სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ მყოფი ფუტკრის ოჯახებში ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით;

ვ) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე, მისცეს მითითებები პასუხისმგებელ პირს, მავნებლის არსებობაზე საეჭვო საფუტკრე მეურნეობიდან ფუტკრის ოჯახის გადაადგილების, რეალიზაციის და მისგან მიღებული ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციის შეზღუდვაზე.

2. მავნებლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, მავნებლის საფუტკრე მეურნეობაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან დაავადების შეტყობინებამდე;

ბ) საფუტკრე მეურნეობაში მავნებლის შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიცირებას, სადაც დაავადების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახები     შეიძლება დასნებოვნდნენ იმავე წყაროდან;

გ) სხვა დაავადებების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების დაინვაზირების შესაძლო მასშტაბს;

დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების, ცხოველური პროდუქტის, მადპ-ს ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია გამომწვევის გადატანა დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახიდან სხვა ფუტკრის ოჯახში.

4. მავნებლის არსებობაზე დადასტურებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ჩაატაროს შემდეგი ქმედებები:

ა) მოახდინოს ყოველი ახალი კერის აღრიცხვა;

ბ) დაადგინოს ეპიზოოტიური კერის საზღვრები;

გ) შეიმუშაოს პროექტი კარანტინის დაწესებაზე სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

დ) ეპიზოოტიურ კერაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ზედამხედველობა.

სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

1საფუტკრე მეურნეობაში მავნებლის არსებობის დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს ვეტერინარული კარანტინის დროს, მავნებლის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და საკარანტინო ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მავნებლის არსებობაზე გამოსაკვლევი ფუტკრის ოჯახების დათვალიერებისა და ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მასალის აღება

1. ფუტკრის მავნებლის არსებობაზე საეჭვო შემთხვევის დროს:

ა) გამოსაკვლევად ნიმუშების აღებას ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი;

ბ) ნიმუშის ამღები პირი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით და საჭირო ინსტრუმენტებით;

გ) ნიმუშის აღებისას     ფუტკრის ოჯახების დათვალიერება მავნებლის კვერცხის, ლარვებისა და იმაგო ფორმების აღმოჩენის მიზნით უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

გ.ა) სკას ეხსნება სახურავი და ხდება მისი შიდა ზედაპირის დათვალიერება;

გ.ბ) სახურავის დათვალიერების შემდეგ, ვიზუალურად მოწმდება ფიჭიანი ჩარჩოების საფარი მასალის ზედაპირი ორივე მხრიდან;

გ.გ) სახურავისა და საფარი მასალის დათვალიერების შემდეგ, ხდება ფუტკრის ოჯახის ბუდის ჩარჩოების დეტალური შემოწმება ყველა მხრიდან. ამასთან, ყურადღებით უნდა დათვალიერდეს ფიჭის უჯრების შიდა სივრცე. მოცემული პროცედურის ჩატარებისას, სკიდან ამოღებული და დათვალიერებული პირველი ჩარჩო უნდა მოთავსდეს პატარა ზომის ყუთში, რომელიც ჰერმეტულად უნდა დაიხუროს სახურავით. ყოველი მომდევნო შემოწმებული ფიჭა უნდა დაბრუნდეს სკაში, ჩარჩოების დათვალიერების დასრულების შემდგომ, ასევე სკაში უნდა დაბრუნდეს პირველი ჩარჩო, რომელიც დროებით იყო გადატანილი ცარიელ ყუთში;

დ) ჩარჩოების დათვალიერების კვალდაკვალ მოწმდება სკის კედლისა და ფსკერის ზედაპირი, მასზე არსებული ნაპრალები და ნებისმიერი ტიპის ღიობები;

ე) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მანიპულაციები უნდა განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. ყურადღება უნდა მიექცეს ფუტკრის ქურდობის პროვოცირების თავიდან არიდებას, რათა ფუტკრის ოჯახის დათვალიერება და ნიმუშის აღება არ გახდეს მავნებლის გავრცელების მიზეზი;

ვ) ფუტკრის ოჯახების დათვალიერება მავნებლის კვერცხის, ლარვებისა და იმაგო ფორმების აღმოჩენის მიზნით უნდა შეწყდეს ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებულიდან იმ ეტაპზე, რა დროსაც აღმოჩენილი იქნება მავნებლის რომელიმე ფორმა და შესაძლებელი იქნება რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება;

ზ) სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოიკლას ფუტკრის ოჯახში არსებული ფუტკრები და მავნებელი და განხორციელდეს ფუტკრის ოჯახის ბუდის დეტალური დათვალიერება.

2. მავნებლის არსებობაზე ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით შეიძლება შემდეგი ტიპის ნიმუშების აღება:

ა) ფუტკრის ოჯახიდან, რომელშიც ვლინდება მავნებელი, შეიძლება აღებული იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ტიპის ნიმუში:     მავნებლის კვერცხი, ლარვები და იმაგო ფორმები. ნიმუში, შეძლებისდაგვარად, მექანიკური დაზიანების გარეშე უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის კონტეინერში, რომელშიც ჩასხმულია მოლეკულურ ბიოლოგიაში გამოსაყენებლად ვარგისი ეთანოლის 96% ხსნარი;

ბ) მავნებლის ინვაზიის ნიშნების არმქონე ოჯახებიდან სადიაგნოსტიკო მიზნით ხდება ფუტკრის ოჯახის სკის ფსკერზე დაგროვილი ნარჩენების ნიმუშის აღება, რომელიც უნდა განთავსდეს პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში.

3. გამოსაკვლევი მასალის აღების შემდგომ ერთჯერადი სპეციალური ტანსაცმელი, გარდა სათვალეებისა, უნდა მოთავსდეს ბიოუსაფრთხოების პარკში და შეიკრას. ბიოუსაფრთხოების პარკების დაწვა უნდა მოხდეს ინსენერატორში. სათვალეები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით. ხელები უნდა დამუშავდეს 70%-იანი სპირტით ან სადეზინფექციო ჟელეთი და შემდგომ დაბანილი უნდა იქნას წყლით. სინჯის აღების დროს გამოყენებული მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარი უნდა დამუშავდეს შესაბამისი დეზინფექტანტით.

მავნებლის გამოსაკვლევი მასალის სინჯის/ნიმუშის შეფუთვა-ტრანსპორტირება

1. ლაბორატორიული გამოცდისთვის აღებული ნიმუშები ტრანსპოტირებამდე უნდა მოთავსდეს პლასტმასის ჰერმეტულ თავსახურიან სტერილურ კონტეინერში. ნიმუშების მეორადი შეფუთვა უნდა მოხდეს პოლიეთილენის     პაკეტში.

2. იმ ნიმუშების შენახვა და ტრანსპორტირება, რომლებიც არ ინახება 96%-იანი ეთანოლის ხსნარში, უნდა მოხდეს ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

3. დაუშვებელია მინის კონტეინერის გამოყენება ნიმუშის პირველადი ან შემდგომი შეფუთვისას.

4. გამოსაკვლევად გასაგზავნ პათოლოგიურ მასალას, გარედან კონტეინერზე მითითებული უნდა ჰქონდეს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და სკაზე დატანილი ფუტკრის ჯგუფური საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. პათოლოგიური მასალა აღებიდან დაუყოვნებლივ, არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში, სათანადო პირობების დაცვით უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

მავნებლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებები

1. მავნებლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ეპიზოოტიური კერა და მის ირგვლივ არანაკლებ 3 კმ რადიუსი ცხადდება საკარანტინო ზონად.

2. სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევა, რომ განისაზღვროს მავნებლის ინტროდუცირების მიზეზი და დადგინდეს, მოხდა თუ არა დაინვაზირებული საფუტრკიდან მავნებლის გადაცემა ფუტკრების, ბარტყის, ფიჭების, ფიჭის ნაწილების, ცვილისა და საკვების საშუალებით.

3. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) მოკვლევის შედეგების შესწავლის საფუძველზე, მავნებლის აღმოფხვრის შესაძლებელი გზების შეფასებით განისაზღვრება მისი მართვის სტრატეგია, რაც გულისხმობს:

ა) მავნებლის აღმოფხვრის რადიკალურ/მყისიერ სტრატეგიას: ფუტკრის ყველა ოჯახის მოკვლას საფუტკრე მეურნეობაში, რომელშიც დადასტურდა მავნებლის არსებობა და თაფლისა და დაავადებულ ფუტკრის ოჯახთან შეხებაში მყოფი ყველა საგნის გაუვნებლობას ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ბ) მავნებლის აღმოფხვრის გრძელვადიან სტრატეგიას – საფუტკრე მეურნეობაში ფუტკრის ყველა ოჯახის დამუშავებას შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატით სკის მცირე ხოჭოს წინააღმდეგ და სკის, ასაშენებელი ფიჭის ფურცლების, ფიჭების, ფიჭის ნაწილებისა და ნარჩენების, ცვილის, საკვები მარაგების, მადპ-ის და ინვენტარის გაუვნებლობას;

გ) იმ ღონისძიებების გატარებას, რომელსაც სააგენტო საჭიროდ მიიჩნევს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლის საფუძველზე.

მავნებელთან ბრძოლის საკარანტინო ღონისძიებები

1.  ეპიზოოტიური კერაში იკრძალება:

ა) ფუტკრის ოჯახების შეყვანა     და გამოყვანა;

ბ) მავნებლით დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახებიდან ცოცხალი ან მკვდარი ფუტკრების, ჩარჩოების, ფიჭის, ფიჭის ნაწილების, დაუმუშავებელი ცვილის, მადპ-ისა და საკვები მარაგის გადაადგილება სხვა ოჯახებში, აგრეთვე, გატანა საფუტკრე მეურნეობიდან;

გ)  საფუტკრე მეურნეობაში გამოყენებული ინვენტარისა და ხელსაწყოების გატანა;

დ) ინვაზირებული და დაავდებული ოჯახებიდან ცხოველური პროდუქტების მიღება;

ე) ფუტკრის ოჯახებისგან მოცილებული, ცალკე მარაგის სახით არსებული თაფლის, ჭეოს, გამოყენება ფუტკრის საკვებად.

2. საფუტკრე მეურნეობაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, ვეტერინარ(ებ)ს.

3. მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა უნდა მოხდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილების  შესაბამისად.

4. ეპიზოოტიურ კერაში უნდა ჩატარდეს საფუტკრე მეურნეობის დასუფთავება და გაუვნებლობა ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

დასუფთავება და გაუვნებლობა

1. დასუფთავებამდე და გაუვნებლობამდე უნდა მოხდეს ფუტკრის ოჯახის ჩაკეტვა საღამოს ფუტკრების ფრენის შეწყვეტის შემდგომ ან დილით ფრენის განახლებამდე და ფუტკრებისა და მავნებლის მოკვლა გოგირდის დიოქსიდის საშუალებით.

2. სკა, გარდა ნამჯისგან დამზადებულისა, გეჯებისა და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული საცხოვრებლებისა, გაუვნებლობამდე უნდა დასუფთავდეს ზედაპირების ჩამოფხეკით. ყურადღება უნდა მიექცეს სკის კონსტრუქციაში არსებული კუთხეებიდან, ბზარებიდან და წარმოქმნილი ღრუებიდან სხვადასხვა ნარჩენების მოცილებას. აღნიშნული ნარჩენები უნდა დაიწვას.

3. ხისგან დამზადებული სკა, მისი ნაწილებიანად და ხის აღჭურვილობა (ჩარჩოები, თამასები, საკვებურები) დასუფთავების შემდგომ გაუვნებელყოფილი უნდა იქნეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა) ზედაპირებზე ცეცხლის ალის შემოტარებით. ცეცხლის ალით გამოწვა უნდა გაგრძელდეს ხის ზედაპირის ფერის ცვლილებამდე;

ბ) 160°C ტემპერატურის მქონე გამდნარ პარაფინში ჩატვირთვით სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში;

გ) სპეციალურ კამერაში გასაუვნებელი მასალის ცენტრში არანაკლებ 50°C ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

დ) გასაუვნებელი მასალის ცენტრში გაყინვით არა უმეტეს -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.

4. პლასტმასისგან დამზადებული სკები უნდა გაუვნებლდეს სპეციალურ კამერაში გასაუვნებელი მასალის ყველა შრის გახურებით  50°C ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით ან გასაუვნებელი მასალის ყველა შრის გაყინვით -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით.

5. ნამჯისგან დამზადებული სკა, გეჯები და ფუღუროს ტიპის არასტანდარტული ფუტკრის სცხოვრებელი უნდა დაიწვას.

6. ფუტკრის ოჯახებიდან გამოწუნებული საკვები მარაგის შემცველი, ბარტყიანი და ცარიელი ფიჭები, მათი ნაწილები და ნარჩენები უნდა გაუვნებელყოფილ იქნეს ან განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

7. საფარი ტილოები უნდა განადგურდეს დაწვით.

8. მავნებლის ჭუპრის წინააღმდეგ, სკის ქვეშ და ირგვლივ ნიადაგი უნდა დამუშავდეს 2 მ-ის რადიუსში ავტორიზებული ინსექტიციდის შემცველი რეკომენდებული ბიოციდური საშუალების შესხურებით, რის შემდეგაც მიწა უნდა გადაიბაროს 20 სმ-ის სიღრმეზე.

9. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი თაფლის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

ა)  თაფლის გაყინვით -12°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე, არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით;

ბ) თაფლის  გახურებით 50°C ტემპერატურამდე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24-საათის დაყოვნებით;

ბ) თაფლის დაყოვნებით, სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, იმგვარად, რომ გამოირიცხოს მასთან ფუტკრების კონტაქტი;

გ) 400 გრეი გამა სხივებით ირადიაციის გამოყენებით;

დ) გაფილტვრით არა უმეტეს 0.42  მმ ზომის უჯრების მქონე ფილტრში;

ე) სააგენტოს მიერ მოწოდებული სხვა ეფექტიანი მეთოდით.

10. ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ფუტკრის მიერ შეგროვებული ყვავილის მტვრისა (ფეხგუნდა) და ფუტკრის რძის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

ა)  გასაუვნებელი სუბსტრატის ყველა შრის გაყინვით -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით.

ბ) სუბლიმაციური შრობის ან იდენტური ტექნოლოგიის გამოყენებით.;

გ) 400 გრეი გამა სხივებით ირადიაციის გამოყენებით;

დ) სააგენტოს მიერ მოწოდებული სხვა ეფექტიანი მეთოდით.

11. საფუტკრე მეურნეობაში მარაგის სახით არსებული დინდგელისა (პროპოლისი) და ცვილის გაუვნებლობა უნდა მოხდეს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

ა)  გასაუვნებელი სუბსტრატის ყველა შრის გაყინვით -12°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და აღნიშნულ ტემპერატურაზე არანაკლებ 24 საათის დაყოვნებით;

ბ) გადადნობით არანაკლებ 100°C ტემპერატურაზე;

გ) 400 გრეი გამა სხივებით ირადიაციის გამოყენებით;

დ) სააგენტოს მიერ მოწოდებული სხვა ეფექტიანი მეთოდით.

 კარანტინის მოხსნა

1. კარანტინი იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ამ წესის მე-10-მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებიდან სულ მცირე 3 კვირის შემდეგ ჩატარებული საველე და ლაბორატორიული გამოკვლევისას არ დადგინდა მავნებლის არსებობა;

ბ) მკვდარი ფუტკრისა და მადპ-ის განკარგვა განხორციელდა ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

2. კარანტინი იხსნება:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

მადპ-თან, ფუტკართან და მეფუტკრეობის სასურსათო პროდუქტებთან  დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები

1. მადპ, რომელიც გამიზნულია ექსკლუზიურად მეფუტკრეობისათვის არ უნდა იყოს გატანილი ტერიტორიიდან, რომელიც ექვემდებარება მავნებელზე აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულ იქნა ყველა სხვა საჭირო ზომა, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

2. ფუტკარი შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) გადაადგილებას (მათ შორის მთაბარობას) თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება მავნებელზე შეზღუდვას ან ამ არეალში მოხსნილია კარანტინი;

ბ) ბაზარზე განთავსებას  კარანტინის მოხსნიდან 30 დღის შემდეგ ან თუ წარმოშობით არის ისეთი არეალიდან, რომელიც არ ექვემდებარება მავნებელზე შეზღუდვას.

3. საფუტკრე მეურნეობიდან და მასთან არსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმოდან ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილ სასურსათო დანიშნულების მეფუტკრეობის პროდუქტების  გატანაზე და ბაზარზე განთავსებაზე შეზღუდვა იხსნება ამ წესის მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების ერთ – ერთი შესაბამისი მეთოდით აღნიშნული პროდუქტების გაუვნებლობის შემდეგ.

4. აკრძალულია ცვილის ფიჭის სახით იმპორტი და ტრანზიტი.

 საგანგებო გეგმა

1. სააგენტო ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ) რეგიონებში დაავადების ამთვისებელი ფუტკრის ოჯახების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტიანი ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;

დ) ეპიზოოტიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების   კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა;

ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტიანი კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;

ვ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სკის მცირე ხოჭოს ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა.

2. ვეტერინარებმა და მეფუტკრე ფერმერებმა რეგულარულად უნდა გაიარონ სწავლებები სკის მცირე ხოჭოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა.

კომპენსაცია

1. საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის მავნებლის არსებობისას, მავნებლის აღმოფხვრის მიზნით ფუტკრის ოჯახების მოკვლის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და კომპენსაციის ოდენობის საკითხს ადგენს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პასუხისმგებელ პირზე კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ადგილი აქვს ამ წესის შესაბამისად საფუტკრე მეურნეობაში მეთაფლია ფუტკრის მავნებლის არსებობის შემთხვევას და სააგენტოს მიერ განხორციელებულია ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება, რაც გულისხმობს გარკვეული ღირებულების ქონების განადგურებას (სკები, ჩარჩოები, ინვენტარი და ა.შ.);

ბ) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის N483 დადგენილების შესაბამისად:

ბ.ა) საფუტკრე მეურნეობა რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ბ.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ბ.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 7 დღით ადრე;

გ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

წყარო: საქართველოს მთავრობის დადგენილება №586, 2022 წლის 21 დეკემბერი,

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა

განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე