კიდევ ერთხელ ქართული ხორბლის როლის შესახებ რბილი ხორბლის ევოლუციაში
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპზე მიღწეულმა დონემ ახალ-ახალი ფაქტებით გაამდიდრა მეცნიერების ყველა სფერო. კეთდება ახალი აღმოჩენები კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურის ხორბლის გენეტიკის შესწავლაში.
მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდებით აღჭურვამ შესაძლებელი გახადა, უფრო სრულყოფილად შევიცნოთ ხორბლის, როგორც მცენარის ევოლუციის ხასიათი. მრავალმა კონცეფციამ ახალი ახსნა შეიძინა.
ცოტა რამ უძველესი ქართული ხორბლის ისტორიიდან
ამიერკავკასიის ფლორის გამოჩენილი მკვლევარი და პირველი სელექციონერი ლეონარდო დეკაპრელევიჩი თავის ნაშრომში _ ,,შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“, აღნიშნავს: საქართველო სხვა ქვეყნებიდან გარკვეულწილად გამოირჩევა ხორბლის კულტურულ სახეობათა რაოდენობრიობის თვალსაზრისით. ამ ფაქტს აღიარებს მრავალი მეცნიერი.
ქართული ხორბლის გამორჩეული მრავალფეროვნება განაპირობა საქართველოს განსაკუთრებულმა ნიადაგურ-აგროკლიმატურმა და გეოგრაფიულმა გარემომ და ამ მცენარის გაადგილებამ ზღვის დონიდან სხვადასხვა ზონაში (ე.წ ,,ვერტიკალურმა ზონალობამ“).
ხორბალმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიარა ევოლუციის ძირითადი ეტაპები: ბუნებრივ-სპონტანური, ხალხური და მეცნიერული სელექციისა, რაც საბედნიეროდ დღესაც გრძელდება.
დეკაპრელევიჩის შრომების ლაიტმოტივი, რომ ,,ხორბლის გვარის ევოლუცია მეტწილად საქართველოში მიმდინარეობდა, გამყარებულია ხორბლის იმ სახეობების და ფორმათა სიმრავლით, რომლებიც ქართულ-ენდემურ კატეგორიათა ნუსხაში არის შესული და ხორბლის ევოლუციის ყველა საფეხურში საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობითაც გამოირჩევა.
ა) დიპლოიდური საფეხურის- Tr.eredvianum (გარდამავალი ველურ და კულტურულ ცალმარცვალას შორის) ველური ცალმარცვალა Tr.spontaneum კულტურული ცალმარცვალა Tr. monococcum2n=14;
ბ) ტეტრაპლოიდური–ჩელტა ზანდური Tr.timopheevi 2n=28 კოლხური ასლი Tr. Paleokolchicum დიკა Tr.cartlhicum;
გ) ჰექსაპლოიდური, ჟუკოვსკი Tr.zhukovski 2n=42, Tr.maxa, თუბალიკუმი, იმერეთიკუმი.
ამასთანავე ყველა აღნიშნული სახეობა წარმოდგენილია სახესხვაობათა სიმრავლით და ქართული ხორბლის სახესხვაობათა რიცხვი 150-ს აჭარბებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ,, ქართული ხორბლის ფენომენის“ ჩამოყალიბება, რომელიც დღითიდღე მსოფლიოს მრავალ მეხორბლე სელექციონერის ინტერესის სფეროში ექცევა, ჩვენი ქვეყნის აგროეკოლოგიურ თავისებურებებთან ერთად განპირობებულია ჩვენი წინაპარი მიწათმოქმედის დამოკიდებულებით ხორბლისადმი, როგორც ადამიანის არსებობისათვის საჭირო საზრდო ფიზიოლოგიური თვალსაზრისით და ასევე, მატერიალურ-ყოფითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორის შეცნობით.
ცნობილია, გზა ხორბლის კულტურის წარმოშობის ადგილმდებარეობის შესახებ. რამდენადაც მცენარეთა გაკულტურებისა და წარმოშობის ადგილად, მათი მონათესავე ველური მცენარეების განსახლების ადგილს მიიჩნევენ. მრავალი მეცნიერის აზრით (ჰარლანი, ნესბილტი, სამუელი, სალამინი და სხვ.) ხორბლის გაკულტურება უნდა მომხდარიყო მხოლოდ განსაზღვრულ ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიულ არეალში. მცირე აზიიდან ირან-ერაყამდე და მეორეს მხრივ პალესტინა, თურქეთი, ამიერკავკასია, თურქმენეთის მთიანეთი.
ჩარლზ დარვინის გამოკვლევამ, რომ ყოველი სახეობა ლოკალიზდება თავდაპირველი ფორმირებული სახით; შტრომერის, ჰუმბოლტის, დეკანდოლისა და სხვათა მიხედვით დადგენილი კულტურულ და ველურ მცენარეთა პარალელური გავრცელების და განსახლების შესახებ გამოკვლევებმა, ნიკოლოზ ვავილოვს საშუალება მისცა, ჩამოეყალიბებინა კონცეფცია კულტურულ მცენარეთა და, კერძოდ, ხორბლის წარმოშობის კერების შესახებ. ამ კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორია „ხორბლის წარმოშობის წინა აზიურ კერაში“ მოხვდა.
აკადემიკოსი ლ.დეკაპრელევიჩი თავისი შრომებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველო არამარტო საკუთრივ ხორბლის წარმოშობის ძირითადი კერათაგანია, არამედ რბილი ხორბლისაც. საქართველოში ჩამოყალიბებულმა სახეობა -,,მახამ“ საქართველოში მიაღწია ევოლუციის უმაღლეს საფეხურს. გვაქვს ამ უძველეს ,,კილიანი“ რბილი ჰექსაპლო–იდური ხორბალ მახას თვალსაჩინო გენოტიპური ნიშნებით გამოკვეთილი 15 ნაირსახეობა
ხალხურმა სელექციამ, რომელსაც ჩვენი წინაპარი მისდევდა, კაცობრიობას მისცა რბილი ხორბლის ისეთი შედევრები, როგორიცაა: ,,დოლი“ , „ხულუგო“ „იფქლი“, ასევე ,,თავთუხები“ _ თეთრი, შავი, წითელი, თუმცა ღვაწლი, რომელიც ხორბლის ევოლუციის ქართულმა გზამ რბილი ხორბლის ჩამოყალიბებაში შეიტანა, ფანტასტიკურია.
რბილი ხორბლის შექმნამ და მასში წყალში უხსნადი წებოგვარა ცილების გამოჩენამ, მათთან ამინის მჟავების უნიკალურმა შეფარდებამ შეცვალა ძველი სამყარო. თუ მანამდე, უძველესი ადამიანი მის თანამედროვე ხორბალს დამბალი მარცვლის სახით, დაცეხვილს ან ფაფის ფორმით მიირთმევდა, უკვე შეძლო ჰაეროვანი და ელასტიკური ცომის მეოხებით, პურის გამოცხობა. ამგვარად ხორბალი გახდა კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი მარცვლეული კულტურა.
დღეს მსოფლიო მოსახლეობა რბილი ხორბლით საზრდოობს.
მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოკვლევებით აიხსნა, რომ რბილი ხორბალი თავის თავში აერთიანებს სამ გენომს _ გენომ A-ს; გენომ B-ს და გენომ D-ს, გენომი D, როგორც ცნობილია, ხორბლის ერთ-ერთი წინარე მცენარის Aegilops taushii-შემადგენლობაშია.
მეცნიერები, მცენარე ეგილოფს გენეტიკურ მრავალფეროვნების და მის შემადგენლობაში გენომ D-ს წარმომავლობით, ხსნიან მიზეზს, რომლითაც ხორბლის მცენარე ადამიანისთვის უსაჭიროეს მარცვლეულ კულტურად ჩამოყალიბდა.
რამდენადაც ბიოლოგიურად ხორბალი გახლავთ თვითმტვერია მცენარე, ჰიბრიდიზაციის ტიპი, რომელმაც მაგარ ხორბლებს მხოლოდ (L2) ხაზიდან ფორმირებული გენომი D შესძინა, ვერ გამოიწვევდა სახეობრივ მრავალფეროვნებას და ამასთანვე ვერ პოვებდა გავრცელების ფართო მასშტაბებს.
ამ მიმართულებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა რომელიც ჩაატარეს ველური ხორბლის კონსორციუმის OWWC ინსტიტუტებმა გამოიკვლიეს რა 80 000 ჯიშის ნიმუში, გამოავლინეს Aegilops taushii-ს განცალკევებული ხაზი, გეოგრაფიულად საქართველოს ტერიტორიაზე. ეგილოპსის სწორედ ეს ხაზი (L 3) შეიცავს გენომს, რომელმაც განაპირობა ცომის და შესაბამისად პურის ის თვისებები, რომლითაც დაინტერესდა მთელი მსოფლიო.
აღნიშნული ინსტიტუტების მიერვე კვლევებით მოპოვებული იქნა Aegilops taushii-ს საწყისი პანგენომი და ჩანასახის პლაზმა, რომელსაც მსოფლიო სელექციონერები და ამ დარგის მკვლევრები წარმატებით იყენებენ, როგორც დაავადებათა საწინააღმდეგო, ასევე კლიმატის გამოწვევებისადმი გამძლე გენების მისაღებად.
აღნიშნული კვლევების ერთ-ერთი წამყვანი პროფესორ საიმონ კარტინგერის აზრით, რბილი ხორბალი პირველად გამოაჩნდა სამხრეთ კასპიის რეგიონში, ხოლო შემდგომ მიგრაციის შედეგად მოხვდა რა საქართველოში, ეგილოფს თაუშის L 3 ხ ჰიბრიდიზაციით, გენეტიკურად და გეოგრაფიულად განსაზღვრულ ნიმუშებთან, წარმოიშვა სრულიად ახალი გენეტიკური მასალა.
ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო სელექციის ცენტრის CIMMYT-ის მდიდარი კოლექციების შესწავლამ და ანალიზმა კი აჩვენა, რომ კავკასიის რეგიონიდან მიღებულ რბილი ხორბლები შეიცავს L3 -ის 7% -ან ინტროგრესიას გენომში, ე.ი 7 ჯერ მეტს ვიდრე ნაყოფიერი ნახევარმთვარის არეალის რბილი ხორბლები.
ჩვენში, ამ კვლევებს წინ უძღოდა შრომები, რომელთა მიზანსაც ხორბლის გვარის ევოლუციის შესწავლა შეადგენდა.
შულავრის და იმირის გორის არქეოლოგიურ გათხრების შედეგად მიღებულ მასალაში დადასტურებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე VI- V-ე საუკუნეებში (ჩვ. წელთაღრიცხვამდე) ზანდურის, ასლის, მახას, მაგარი ხორბლის და ასევე ეგილოფს თაუშის არსებობა, რაც თავისთავად პასუხია იმაზე,თუ როგორ შეიძლებოდა წარმოშობილიყო რბილი ხორბალი საქართველოს გეოგრაფიულ არეალში.
იაპონელი, გერმანელი, უნგრელი, ესტონელი და სხვ. ტრიტიკოლოგების ნაშრომებში ნაჩვენები რბილი ხორბლის წარმოშობის თეორიულ -ექსპერიმენტული მასალა მიუთითებს ქართული ენდემური ხორბლების, ეგილოფს თაუშთან ჰიბრიდიზაციით და ხორბლის სახეობა მახას, მუტაციური გზებით რბილი ხორბლის წარმოშობაზე. დადგენილია ასევე ხორბლის სახეობა სპელტას–მახას ერთ-ერთ ფორმასთან შეჯვარებით რბილი ხორბლის წარმოშობის შესაძლებლობის რეალური გზა.
ქართველი მეხორბლე სელექციონერების მიერ ექსპერიმენტებით დადასტურებულია ჰექსაპლოიდური ხორბლების მახას, სპელტას წარმოშობა (ალ.გორგიძე). მან ამ მიზნით გამოიყენა საქართველოს ენდემური ტეტრაპლოიდური ხორბლები (გეორგიკუმი, პალეოკოლხიკუმი) შეუჯვარა ველურ დიპლოიდს ეგილოფს თაუშს და მიიღო ხორბალი, ხოლო გვაწა-ზანდურის დასხივებით ტეტრაპლოიდი ჩელტა ხორბალი ტიმონოვი.
ქართველ სელექციონერთა ჯგუფთან ერთად ქართული ხორბლის ერთ-ერთმა დიდმა მოამაგემ ე. მენაბდემ ექსპერიმენტული მეთოდებით დაადგინა კულტურული ხორბლის სახეობათა წარმოშობის გზა, ე.წ სახეობათა ხელოვნური რესინთეზი.
მოკლე სტატიაში შევეცადეთ, წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ სივრცეში კაცობრიობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურის ხორბლის და კერძოდ რბილი ხორბლის წარმოშობის შესახებ წარმოდგენა, მისი იმ როლის შესახებ ამ პროცესში, რაც განაპირობა ჩვენმა აგროკლიმატურმა, გეოგრაფიულმა, ადამიანურმა ფაქტორებმა.
მოგეხსენებათ, რომ ფირმა ლომთაგორა ათეული წლებია თანამშრომლობს მარცვლეული კულტურების სელექციის ზემოთ დასახელებულ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრ CIMMYT-თან . აღნიშნული ორგანიზაციიდან მიღებული (მეტწილად ხაზების სახით) პირველადი სელექციური მასალის გარკვეული ნაწილი ჩვენთან გადის სელექციის შემდგომ ეტაპებს. ამ თანამშრომლობის შედეგად 80-დე ჯიშ-ნიმუში საუკეთესო ჯიშად ჩამოყალიბდა, ადვილად განიცადა ადაპტაციის, შეგუების პროცესი ადგილობრივ ეკოლოგიურ გარემოში და საუკეთესო ბიოტექნოლოგიური და მაღალი სამეურნეო მაჩვენებლებით „ლომთაგორას“ სახელის სხვადასხვა ჯიშად დაიმკვიდრა ადგილი.
კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ესოდენ დიდი მნიშვნელობის შედეგები, პასუხი ასეთია: უპირველესად იმ ფაქტმა, რომ ნულოვანი სელექციით მიღებულ ხაზების საფუძველში ქართული ენდემური ხორბლების, ხორბლების ჩვენს გეოგრაფიულ სივრცეში ფორმირებული ველური მცენარეების და ხორბლის ევოლუციის შემდგომი ეტაპების წარმომადგენლებიც მონაწილეობს და ამდენად ისინი ატარებენ ყველა იმ ძვირფას ნიშან-თვისებას, რითაც გამოარჩევენ ჩვენს ხორბლებს სხვა დანარჩენი ხორბლებისაგან.
აქვე აღვნიშნავთ ჩვენი ჯიშების მაღალ სელექციურ ღირებულებებზე და ჩვენი ღრმა რწმენით, მათ უდავო პერსპექტიულობაზე.
მომავალში, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის ტემპი უფრო მეტ ინერციას შეიძენს. მოხდება მრავალ ღირებულებათა გადაფასება, მრავალი კონცეფცია იპოვის ახალ ახსნას, მაგრამ აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო, როგორც გეოგრაფიული არეალი ხორბლის სახეობათა წარმოშობისა და ამასთანავე ერთ-ერთი უმთავრესი კერათაგანი, უფრო განმტკიცდება. ეს გახლავთ დღევანდელი მოცემულობა, განმტკიცებული რეალური მასალით. ამის დასტურია ხორბლის ენდემურ სახეობათა და ხორბლის ველურ წინაპართა სიმრავლე, რომლებიც ჩვენშია აღწერილი, განმტკიცებული უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალით. ამის დასტურია ხორბლის ბიოლოგიურ ბუნებას მორგებული ბუნებრივ-კლიმატურ და ორგანულ-მინერალური ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგთა ერთობლიობა. ასევე
ჩვენი დიდი წინაპრების, როგორც გონიერ მიწათმოქმედთა მიერ დღემდე შემორჩენილი და განმტკიცებული დამოკიდებულება კაცობრიობისათვის ამ უდიდესი ღირებულების მცენარისადმი.
წყარო:
-
-
-
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული. საქ.სახელმწ. აგრარული უნივერსიტეტი ნაწილი I.1997წ.
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული. ნაწილი 11 1997. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი.
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბილისი 2008 ISSN 1512-2743.
- საქართველოს ხორბალი და სელექციური მუშაობა მასზე თბილისი2013 წ.
- методические основы селекции растений 2018 CIMMYT.
- ჟურნალი Nature 2024.
-
-
ირაკლი რეხვიაშვილი,
სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორი, მეხორბლე სელექციონერი