აგროსიახლეები

იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში გაუძღვება

2025 წელს, იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge” განახორციელებს, რომელსაც  იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს და რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

ღვინის მაგისტრის, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, მოეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში.

იაპონია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია აზიაში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, „Wine and Gourmet Japan“, „RAW Wine Tokyo”, „ProWein Tokyo”, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.