აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფრინველეობაფერმერი ფერმერს

პრაქტიკული რჩევები დამწყებ ფერმერთათვის _ რით ვკვებოთ ფრინველი (ქათამი, ინდაური)

სასოფლო-სამეურნეო ფრინველის კვება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც სამეცნიერო კვლევებსა და გამოცდილებებს ეყრდნობა.
ნორმირებული კვების ძირითადი ამოცანა, საკვების რაციონალური გამოყენების გზით ფრინველის გენეტიკური, პოტენციური პროდუქტიულობის, ჯანმრთელობის და განვითარების მაჩვენებლის, მაქსიმალური უზრუნველყოფაა.

წიწილების გამოზრდა

 ქათმისა და ინდაურისათვის თბილი საფრინველე უნდა მოეწყოს, სადაც  ტემპერატურა 17 გრადუსზე მეტი იქნება. საფრინველის გარეთ, კედლის გასწვრივ იდება საფენი, შემოღობილი სასეირნო მოედნით. კარგია, თუ საფენზე დავყრით ცოტა მარცვალს იმისათვის, რომ ფრინველმა იგი ეძებოს, ქექოს და აქტიურად იმოძრაოს.

წიწილების გამოზრდისას უნდა დავიცავთ სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, უკეთესია, გამოვზარდოთ ღრმა საფენზე. ზამთარში საშუალოდ 1 კვ.მ ფართობზე ყრიან 5კგ საფენს/ნახერხს.

თუ წიწილებს (ფრინველებს) არ შეუძლიათ  მოძრაობა (გალიაში ან მცირე შემოღობილშია), სანაშენე პერიოდის დადგომასთან ერთად რაციონში შეაქვთ გაღვივებული მარცვალი, უმატებენ მინერალურ საკვებს.

საკვების დახასიათება

 ფრინველისთვის გამოყენებული საკვები იყოფა ჯგუფებად, რომელთაც აქვთ საერთო თვისებები:

ცხოველური წარმოშობის საკვები არის ხორცი და თევზი, ხორცის გადამუშავების ნარჩენები, რძე და მისი გადამუშავების პროდუქტები, კვერცხი.

მცენარეული წარმოშობის საკვები შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს _ მოცულობითი, უჯრედანას მაღალი შემცველობით და კონცენტრირებული.

მოცულობითი საკვები წვნიანი საკვებია: ბალახები, ძირხვენები, სილოსი და სენაჟი.

კონცენტრირებულ საკვებში შედის მარცვლოვანი საკვები, ზეთის გადამმუშავებელი და წისქვილის წარმოების ნარჩენები.

მარცვლოვანი კონცენტრირებული საკვები იყოფა ნახშირწყლებიან (მარცვალი, მარცვლოვნები) და ცილოვან (პარკოსანი მარცვალი) საკვებად.

ასევე იყენებენ დამატებით მინერალურ ნივთიერებებს.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი

სიმინდი ძირითადი ენერგეტიკული საკვებია. იგი მდიდარია ცხიმით, E ვიტამინით. ყვითელი სიმინდი შეიცავს კაროტინებს, მაგრამ მისი ცილა ღარიბია ზოგიერთი შეუცვლელი ამინომჟავებით, სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა იწვევს ფრინველის სუქებას, ამიტომ ქათმის კვერცხდების პერიოდში მისი მიცემა დიდი რაოდენობით სასურველი არ არის.

სიმინდი ღარიბია კალციუმით, ექვსი თვის შენახვის შემდეგ სიმინდში ცხიმები იჟანგება. დაჟანგვის პროდუქტები იწვევს ვიტამინების დაშლას, ამიტომ ექვსი თვის შემდეგ სიმინდს საკვებში ამცირებენ ან ქათამს დამატებით ვიტამინებს აძლევენ. სიმინდი ფრინველს ეძლევა დაღერღილი ან მთლიანი მარცვლის სახით, რადგან სიმინდში ცილის შემცველობაც მცირეა (დაახლოებით 8.5-10%), ამიტომ გარდა სიმინდისა, ფრინველს სხვა საკვებიც უნდა მიეცეს. სიმინდი (დაღერღილის სახით) საკვებში 60%-ს იკავებს.

ხორბალი შეიცავს უფრო მეტ შეუცვლელ ამინომჟავას, ვიდრე სიმინდი. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და E ვიტამინით. საკვებში იყენებენ საფურაჟე ხორბალს, რომელიც საერთო საკვები მასის 50%-მდე იკავებს.

ქერი კვებითი ღირებულებით ჩამორჩება სიმინდს და ხორბალს. შეიცავს მეტ უჯრედანას. ის კომბინირებულ საკვებში იკავებს მთლიანი მასის 30%-ს. ქერით ფრინველის კვებისას საჭიროა მისი დაღერღვა, მთლიანი მარცვლის მიღება გამოიწვევს ჩიჩახვის გაღიზიანებას. ქერი ღარიბია A ვიტამინით, მდიდარია სახამებლით. A ვიტამინის შესავსებად ქერთან ერთად ფრინველს შესაძლოა მიეცეს იონჯის ფქვილი. ქერი წიწილებს დაღერღილი სახით უნდა მიეცეს.

შვრია კარგია სანაშენო ფრინველისთვის. საკვებში შეიძლება მარცვლოვანი მასის 20%-მდე დამატება. ის ფრინველს უნდა მიეცეს დაღერღილი, კანგაცლილი ან გაცრილი სახით. ძნელი მოსანელებელია. შვრია კარგად მოქმედებს კვერცხმდებლობაზე. შვრიის მარცვალი შეიძლება მოიხარშოს 15 წუთი წყალში, შემდეგ გადაიწუროს, გაცივდეს და გამოშრეს. შვრიის ბურღული ფრინველს ეძლევა ნებისმიერ ასაკში. მასში ბევრი მიკროელემენტია (მანგანუმი, რკინა და სხვა), ასევე, არის B ჯგუფის ვიტამინები. შვრიით კვება კარგია ბუმბულის ზრდისთვის, ამცირებს ფრინველში კანიბალიზმის (ფრინველები ერთმანეთს კორტნიან) წარმოშობის საფრთხეს.

ქატო ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, თუმცა, მისი ხარისხი დაფქვის წესზეც არის დამოკიდებული. იგი კარგ  საკვებად ითვლება, როგორც მოზრდილი, ისე მოზარდი ფრინველებისთვის, მასში ბევრია ფოსფორი.

ძირხვენები და ბოლქვოვანები უჯრედანით და ცხიმებით ღარიბია, შეიცავენ ბევრ წყალს, სახამებელს, შაქარს. კარგად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის მუშობაზე.

წვნიანი საკვებიდან ფრინველისთვის გამოიყენება კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო.

საკვები ჭარხალი კარგია ზამთარში (ჭარხლის და კარტოფილის ერთად მიცემა არ არის სასურველი), როდესაც მწვანე საკვების ნაკლებობაა, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ადვილი მოსანელებელია. ჭარხალი ფრინველს ეძლევა მთლიანად ან დაჭრილი, ფრინველი მას  კარგად კენკავს. 1000 კვ.მ-ზე მოსავალი 300-400 ფრთა ფრინველს ყოფნის.

კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, კარგია ზრდასრული ფრინველისთვის. ის კარგად მოქმედებს კუჭის აშლილობის დროს. ძალიან კარგია ინდაურის ჭუკების გამოსაზრდელად.

ჭუკები რბილ საკვებს ეტანებიან, კარტოფილი მათ მოხარშული უნდა მიეცეს. ის კარგია ფრინველის გასასუქებლად. ინდაურისთვის, ბატისთვის და იხვისთვის კარგ საკვებად ითვლება. უნდა მივცეთ ქატოსთან ერთად.

მწვანე საკვები იონჯა და სამყურა მდიდარია საყუათო ნივთიერებებით-პროტეინით და  კალციუმისა და ფოსფორის მარილებით. მათი სარგებლიანობა მაღალია ყვავილობის პერიოდში. უმჯობესია თეთრყვავილიანი სამყურა, მწვანე საკვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ფრინველისთვის კარგია მინდვრის ფხალი (ჭინჭარი, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა, მატიტელა და სხვა.) ეს მცენარეები მდიდარია პროტეინით, ვიტამინებით, კალციუმით, ფოსფორით, რკინის მარილებით. ინდაურისთვის მცენარეული საკვები შეუცვლელია. ფრინველს ეს მხალი 4-5 თვემდე, ფქვილთან ერთად შეგვიძლია მივცეთ.

საკვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ თუთის, აკაციის ხის, სოიასა და ლობიოს ფოთლები. მათ კარგად ჭამენ ინდაურები, ბატები, იხვები.

საკვებად გამოიყენება ტყის მცენარის ნაყოფიც (წიფლის ნაყოფი, რკო და ა.შ.). უმჯობესია ისინი კანგაცლილი მივცეთ ფრინველს.

გამხმარი იონჯის და ჭინჭრის ფქვილი შეიძლება გამოვიყენოთ ზამთარში. ისინი მწვანე საკვებს შეგვიცვლის. მათში ბევრია ცილა, ვიტამინები, მინერალური მარილები, რაც კარგად მოქმედებს კვერცხმდებლობასა და მოზარდის განვითარებაზე.

ცხოველური საკვები მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით.

ფრინველის ნორმალური განვითარებისთვის ცხოველური საკვები აუცილებელია. საკარმიდამო ნაკვეთში ფრინველი თავად პოულობს ცხოველურ საკვებს (მწერები, ჭიაღუები, ლოკოკინები და ხვა).

ფრინველისთვის საკვებად გამოიყენება რძის წარმოების პროდუქტები: მოხდილი რძე, ხაჭო, დო, მაწონი, შრატი. ისინი საკვებად განსაკუთრებით კარგია, პირველი თვის განმავლობაში.

მინერალური საკვები ფრინველი სხვა საყუათო საკვებთან ერთად საჭიროებს მინერალურ საკვებსაც. ფრინველისათვის აუცილებელი მინერალური საკვებია: კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი და ქლორი. ფრინველს სწრაფი ზრდისთვის ეს ნივთიერებები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ისინი საკვებშია წარმოდგენილი. მინერალური საკვების ნაკლებობისას ძვლები სუსტად ვითარდება.

ფრინველს აძლევენ ჩამქრალ კირს (მიიღება კირსა და ცარცზე დიდი რაოდენობით წყლის დასხმისას, შემდეგ აშრობენ).

ძვლის ფქვილი მზადდება ნარჩენი ძვლებისგან. ნიჟარები ფრინველისათვის საუკეთესო საკვებია, უნდა მივცეთ დაფქული სახით.

საუკეთესო მინერალური საკვებია კვერცხის ნაჭუჭი. ის უმჯობესია, მივცეთ მოზარდს. აუცილებელია მარილის მიცემა, რომელიც ორივე მინერალს შეიცავს. საჭმელი მარილი უნდა იყოს მთელი დღიური ულუფის 0,4-0,5%. თანაბრად გადანაწილების მიზნით ის წყალში გავხსნათ და ისე შეურიოთ საკვებში. დავიმახსოვროთ: მარილი დოზით – 5.5გრ/კგ ცოცხალ წონაზე ქათმისთვის მომწამვლელი დოზაა.

ფრინველისთვის კარგია ხის ნახშირი 1% ოდენობით (ნახშირი შეიცავს კალციუმს, კალიუმს, რკინას და ა.შ.)

კვების რეჟიმი

მოზრდილ ქათმებს საკვები უნდა მივცეთ დღეში 2-ჯერ. ზამთარში აუცილებელია  მივცეთ მარცვალი საღამოს, რათა ფრინველმა ის ნელა გადაამუშაოს.

ფრინველის კვების ძირითადი ჰიგიენური წესები შემდეგია:

  1. მარცვალი მშრალი სახით მივცეთ, სხვა საკვებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ქათმები ირჩევენ მათ ნარევიდან და დანარჩენ საკვებს ტოვებენ;
  2. საკვები უნდა იყოს ახალი;
  3. როდესაც ფრინველს ვკვებავთ მოხარშული, რბილი საკვებით, ის უნდა იყოს გაწმენდილი და გარეცხილი ნარჩენებისგან;
  4. უმჯობესია რბილი საკვები (ფქვილის ნარევი, მოხარშული კარტოფილი, საკვები ჭარხალი) მივცეთ დილით, საღამოს-მარცვლეული;
  5. კარგი იქნება, თუ რბილ საკვებს დავამატებთ მინერალურ საკვებს (კვერცხის ნაჭუჭი, ნიჟარა, ცარცი და ა.შ.);
  6. სასურველია, თუ საფრინველეს ახლოს გვექნება სპეციალური ყუთები წვრილი ქვიშით და სილით;
  7. მწვანე საკვებისთვის საკვებურად უნდა გავაკეთოთ უჯრებიანი ყუთი, რათა ფრინველს გაუადვილდეს საკვების აკენკვა;
  8. ცხოველური საკვები, რომელსაც არ გაუვლია თერმული დამუშავება, კვების წინ აუცილებლად უნდა მოვხარშოთ;
  9. შესაძლოა მსხვილი ძირხვენების ფრინველის ბუდესთან მიმაგრება;
  10. ფრინველის ერთ-ერთ  ბიოლოგიურ თვისებად ითვლება საკუთარი ნაკელის კენკვა, ამიტომ კარგი იქნება თუ ნაკელი შეერევა ქვეშსაფენთან (ნამჯა, ჩალა, ტორფი).

ქათმის ულუფები შემუშავებულია ასაკის მიხედვით. წიწილებისთვის 1-დან 30 დღემდე, მოზარდისთვის 31-დან-60 დღემდე, მოზრდილისთვის 61-დან 120 დღემდე.

 დაიმახსოვრეთ!

♦ ქათმების კვების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმი: ფრინველები ერთდროულად უნდა იკვებებოდნენ;

♦ ქათმებს ყოველთვის უნდა ჰქონდეს წყალი (სასურველია ოთახის ტემპერატურის);

♦ ისეთ საკვები, როგორიცაა უცხიმო რძე, ხაჭო და სხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტების შენახვა არ შეიძლება გალვანიზებული ჭურჭელში-არსებობს ქათმების თუთიის ოქსიდით მოწამვლის შესაძლებლობა;

♦ ზამთარში ქათამს მარცვლეულის გარდა შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა პარკოსნების დამატება;

საკვები, რომლის მიცემაც არ არის რეკომენდებული ქათმებისთვის!

♦ მჟავე საკვებმა, როგორიცაა ვაშლი ან სხვა ხილი, დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების განვითარებას.

♦ საკვები ნარჩენები, რომელიც შეიცავს ზედმეტ მარილს, შაქარს ან საფუარს, ქათმებისთვის არ არის უსაფრთხო და შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები.

 აგრო ექსპერტთა ასოციაცია,

მიხეილ ჭიჭაყუა, ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის  დოქტორი