აგროსიახლეები

შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა

ქალაქ ბათუმში შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025–2027 წლების გეგმის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა ჩატარდა.
აღნიშნული გეგმა, სახელმწიფო უწყებებისა და შავი ზღვის ზონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. საჯარო განხილვები კი, ჰაერის ხარისხის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას და საჯარო მმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გეგმის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მომზადებული და სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია.

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში გამართული შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.