აგროსიახლეები

მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვა – საქართველოს გამოცდილება COP17-ზე

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითმა ცენტრმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება წარადგინა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებას, გენბანკებისა და ფერმერების თანამშრომლობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელობას.

COP17-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებსა და დისკუსიებში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსი, თესლის გენბანკის მენეჯერი თამარ ჯინჯიხაძე.

ღონისძიებაზე თამარ ჯინჯიხაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე, „მრავალმხრივი თანამშრომლობა მცენარეთა კონსერვაციისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის  მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელება“.

პრეზენტაციაში განხილული იყო საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების სარგებლის განაწილების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შედეგები, მიღებული გამოცდილება და ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მათი მდგრადი გამოყენების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. განხილული საკითხები უკავშირდებოდა კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის (KMGBF) მიზნებს.

თამარ ჯინჯიხაძემ მონაწილეობა მიიღო აგრეთვე პანელურ დისკუსიაში – „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების გამოყენება KMGBF-ის განხორციელების ხელშესაწყობად“. დისკუსიისას მან ხაზი გაუსვა გენბანკებსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ადგილობრივი ჯიშების უშუალოდ მეურნეობებში შენარჩუნებისა და ტრადიციული ცოდნის გამოყენების მნიშვნელობას.

გენეტიკური რესურსები – მდგრადი სოფლის მეურნეობის საფუძველი

მცენარეთა გენეტიკური რესურსები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა. ისინი ქმნის საფუძველს კულტურათა ჯიშური მრავალფეროვნების შენარჩუნების, სელექციური მუშაობის განვითარებისა და გარემო პირობების ცვლილებებთან სოფლის მეურნეობის ადაპტაციისთვის.

ადგილობრივი ჯიშები ხშირად გამოირჩევა კონკრეტული რეგიონის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან შეგუების უნარით და წარმოადგენს მნიშვნელოვან გენეტიკურ მასალას მომავალი თაობების სელექციური მუშაობისთვის. მათი დაკარგვა კი ნიშნავს იმ გენეტიკური შესაძლებლობების შემცირებას, რომელთა გამოყენებაც შესაძლოა მომავალში სასურსათო წარმოების მდგრადობის გასაძლიერებლად გახდეს საჭირო.

გენეტიკური რესურსების დაცვა მხოლოდ გენბანკებში თესლისა და სხვა გენეტიკური მასალის შენახვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჯიშების მოყვანის გაგრძელება ფერმერულ მეურნეობებში, მათი გავრცელების ხელშეწყობა და ტრადიციული ცოდნის შენარჩუნება. სწორედ ამ ორი მიმართულების – ex situ (ბუნებრივი გავრცელების არეალის გარეთ, მაგალითად, გენბანკებში) და in situ (ბუნებრივ გარემოში ან უშუალოდ მეურნეობებში) კონსერვაციის – ერთობლიობა ქმნის მცენარეთა გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვის უფრო სრულყოფილ საფუძველს.

COP17-ზე საქართველოს გამოცდილების წარდგენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მნიშვნელობას არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, არამედ ქვეყნის სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი განვითარების, ადგილობრივი ჯიშების პოტენციალის გამოყენებისა და სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.