აგროსიახლეები

აჭარაში ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვაზის ნერგების რეალიზაცია ოფიციალურად დაიწყო. სანერგეში წელს ვაზის 5 ჯიშის (სამი საღვინე – ცოლიკაური, ოჯალეში, ჩხავერი და ორი სასუფრე – იტალია, პრიმა) დაახლოებით 20 000 ძირი ნერგი იქნა წარმოებული.
ნერგების რეალიზაციის დაწყებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე და ირმა აფხაზავა, აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და ცენტრის დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე დაესწრნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ვაზის ნერგების წარმოება და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობა მევენახეობის განვითარებას ისახავს მიზნად. ინიციატივა რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებას და ადგილობრივი ფერმერების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს დაბა ჩაქვში მდებარე ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაც, სადაც 0.5 ჰექტარზე 250 ძირი ლიმონის სადედე ნაკვეთის გაშენების პროცესს დაესწრნენ.

აღნიშნული აქტივობები აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე მრავალმხრივი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც რეგიონს არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ეკოლოგიურადაც მდგრად მომავალს სთავაზობს.