აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმცენარეთა დაცვა

ვაზის ფესვების ლპობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ვაზის ფესვების დაავადებებს შორის თავისი მავნეობით ლპობა გამოირჩევა, რადგან ამ დაავადების დროს, ხშირ შემთხვევაში, მცენარე ხმება და შესაბამისად, მოსავალი არ მიიღება.
დაავადების გავრცელებასა და განვითარების ინტენსივობაზე გავლენას ახდენს ნიადაგის ისეთი პირობები, როგორიცაა ტენიანობა, ტემპერატურა, pH, სტრუქტურა და ორგანული და მინერალური ნივთიერებების შემცველობა.

მცენარეთა ზრდა-განვითარება უმთავრესად დამოკიდებულია ფესვთა სისტემის მდგომარეობაზე, რომლებიც გაცილებით რთულ ბიოლოგიურ გარემოში იმყოფება, ვიდრე მისი მიწისზედა ორგანოები, რამდენადაც ნიადაგში ჩვეულებრივ არსებობენ დიდი რაოდენობის სოკოები, ბაქტერიები, აქტინომოცეტები, ნემატოდები, მწერები და სხვა ორგანიზმები. ყველა ეს ორგანიზმი მოქმედებს ერთმანეთზე. გარდა ამისა, მათ რიცხოვნობაზე გავლენას ახდენს ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ნიადაგის პირობები, როგორიცაა ტენიანობა, ტემპერატურა, pH, ფიზიკური და ქიმიური სტრუქტურა, ორგანული და მინერალური ნივთიერებების შემცველობა, მნიშვნელოვანწილად საზღვრავენ ფესვების დაავადების ხარისხს. ისინი გავლენას ახდენენ პათოგენებზე, მცენარეზე და მათ ურთიერთქმედებაზე. ასევე, ნიადაგის სხვა მიკროორგანიზმებზე, რომელთა ნაწილს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დაავადების პროცესში, მაგ.: ინფექციის გადამტანები (Tapp, 1975; Гаррет, 1982).

გამოკვლევებით დადგინდა, რომ ვაზის ფესვების ლპობა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა რეგიონში, უფრო მეტად კი – დასავლეთ საქართველოში.

გამოკვლევებით, ასევე დადგინდა, რომ საქართველოში ვაზის ფესვების ლპობას იწვევს სოკოები: Armillaria mellea (Vahl.) Karst და Rosellinia necafrix (Hart.) Berl;

სოკო A.mellea-თი დაავადებისას ფესვის სიდამპლის გარეგნული ნიშნები შეიმჩნევა მხოლოდ მას მერე, რაც ფესვთა სისტემის უდიდესი ნაწილი უკვე დამპალია. ფესვების მცირე ნაწილის დაავადებისას მცენარე იკვებება. ჯერ კიდევ საღად დარჩენილი ვაზი თუმცა იკვებება, მაგრამ მის ზედა ნაწილზე, ფოთლებზე და შტამბზე დაავადება გარეგნულად არ შეიმჩნევა, ვინაიდან ჯერ კიდევ დარჩენილი საღი ფესვები მცენარის ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს. დაავადების პირველი სიმპტომი მაშინ ჩნდება, როცა ფესვთა სისტემის დიდი ნაწილია დამპალი, ან ინფექცია უკვე ფესვის ყელზეა გადასული.

დაავადების ერთ-ერთი ნიშანია წვრილფოთლიანობა და მცენარის ზრდაში ჩამორჩენა. დამპალი ფესვები და ფესვის ყელი დაზიანების შემთხვევაში, მცენარის ქსოვილები, სოკოს მიცელიუმითაა დაფარული, რომელიც კარგად მოჩანს ქერქის ბზარებში. თუ ქერქს ავაცლით, ქერქსა და მერქანს შორის კარგად შესამჩნევია თეთრი აპკივით წარმოქმნილი მიცელიუმი, რომელიც წვერისაკენ მარაოსებურადაა განვითარებული. გარდა მიცელიუმისა, განვითარებულია გრძელი თასმისებრი შავი რიზომორფები, რომლებიც როგორც გამრავლების, ისე მოზამთრეობის ფუნქციას ასრულებს. ფორმით რიზომორფები ორნაირია: ერთი ქერქქვეშა რიზომორფი, რომელიც მცენარის ფესვისა და ფესვის ყელის არეში გვხვდება. იგი ბრტყელია; მეორეა – იგივე რიზომორფი, ოღონდ ნიადაგში გავრცელებული; იგი ცილინდრულია. ეს უკანასკნელი ხშირად ძალიან გრძელი იზრდება, ნიადაგში ვრცელდება და ხშირად მეზობელი მცენარის ფესვთა სისტემას აზიანებს და ამდენად, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ვინაიდან ვაზის ფესვებში ადვილად იჭრება და აავადებს მას, რიზომორფი გარედან საკუთარ გარე ქერქს ივითარებს, რის გამოც გამძლეობა საკმაოდ დიდი აქვს. როგორც მთლიანად, ისე მისი ნაწყვეტები, დაზამთრების შემდეგ ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

გაზაფხულზე, გამხმარი ფესვის ყელზე, სოკო ივითარებს არმილარიის მახასიათებელ, რიცხვით განსაზღვრულ 20-50 სოკოს ნაყოფსხეულს. ნაყოფსხეულები ქუდიანი სოკოებია, რომლებიც ქუდისაგან და მოგრძო ცილინდრული ფეხისაგან შედგება. ქუდი ქოლგისებრია და მისი დიამეტრი 10-18 სმ-ს აღწევს. ფერით მოყავისფროა. ქვედა მხრიდან რადიალურად განწყობილი ფირფიტები აქვს განვითარებული. ფირფიტებზე ბაზიდიუმისაგან შემდგარი ჰიმენიალური შრეა განვითარებული.

ახლად განვითარებული ნაყოფსხეული, უფრო სწორად მისი ქუდის კიდე, ფეხზეა შეზრდილი და დაფარულია საერთო საბურველით. გაზრდის დროს საბურველი იხსნება, ქუდიც იხსნება. საერთო საბურველის ნაწილი ქუდის ზედაპირზეა ქერცლების სახით შერჩენილი, ნაწილი კი ფეხის ფუძესთან. იქ, სადაც ქუდის კიდე ფეხთან იყო მიმაგრებული, კერძოდ, საბურველის ნაწილი, რჩება საყელოს სახით. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ თანდათან წითლდება და ხორცისფერი ხდება.

სოკოს მიცელიუმისა და რიზომორფის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 23-25ºC; ქვედა ზღვრის მინიმუმი 3,2ºC;  ზედა მაქსიმუმი 31ºC. ნიადაგობრივი პირობების მიმართ სოკოს მოთხოვნილება უმნიშვნელოა, ვინაიდან ყოველგვარ ნიადაგზე გვხვდება. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ნატყევარ ნაკვეთებზე ვენახის იმავე წელს გაშენება, რამდენადაც ნაკვეთების გაკაფვის დროს სოკოს რიზომორფები, დაავადებული ფესვის ნაწილები ნიადაგში რჩება და ახლად დარგული ვაზის დაავადებას იწვევს.

სოკო R.necafrix-ით ვაზის დაავადებისას, მცენარე თანდათან სუსტდება, რაც მუხლთაშორისების შემოკლებასა და ფოთლების ზომის შემცირებაში გამოიხატება. ფოთლის ფირფიტა ძლიერ ინაკვთება და ყვითლდება. მცენარეს ემჩნევა ტენდენცია დატოტვისაკენ. ის ახალ ყლორტებს იძლევა, მაგრამ ისეთივე სუსტებს, როგორც მთავარ ტოტებზეა; დაღუპვის წინ ფოთლების გაყვითლება ძლიერდება, სიმწვანე ფოთლებს მარტო ძარღვების გასწვრივ რჩება. ბოლოს ფოთლები მთლიანად ჭკნება. ფესვი იმდენად ლპება, რომ სიდამპლე შტამბის ფუძეზედაც გადადის.

დაავადების ხელშემწყობ პირობად ითვლება ტენიანი, თიხნარი ნიადაგები. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც მოუვლელია და ამონაყარებითაა განახლებული.

გამოკვლევებით დადგინდა, რომ ორივე სოკოთი (A.mellea და R.necafrix) დაავადების შემთხვევაში, საბოლოოდ ხდება ვაზის ხმობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით:

  1. დაავადების გამომწვევი ორივე სოკო გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა ფუზარინის მჟავა, ლიკომარზამინი, ვაზინფუსკარინი, ფიტონივიენი და სხვა, რომლებიც გადაიტანება მცენარეში ქვევიდან ზევით ტრანსპირაციული დენით. აღნიშნული ტოქსიკური ნივთიერებები იწვევენ მცენარეთა მოწამვლას. გარდა ამისა, მაღალმოლეკულურ ნივთიერებებს (გლუკოზანები, პოლისაქარიდები და სხვა), რომლებიც წარმოიქმნება დაავადების პროცესში, შეუძლიათ ქსილემის ჭურჭლებში წყლის გადამოძრაობა შეზღუდონ და მცენარის ხმობა გამოიწვიონ.
  2. ხმობა შეიძლება გამოწვეული იყოს ჭურჭლების კედლიდან გამოყოფილი წებოვანი (პექტინის მსგავსი) პროდუქტების მიერ ჭურჭლების დაცობით. ჭურჭლების უჯრედების კედლების დაშლას კი იწვევენ პათოგენების მიერ გამოყოფილი პექტოლიტური და ცელულოზოლიტური ფერმენტები. ჭურჭლის ქსოვილების გამუქება კი ხდება ფენოლურ ნაერთთა ცვლილებების შედეგად.
  3. ვაზის ხმობა შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადების შედეგად წარმოქმნილი თილენებით და გუმისმაგვარი ნივთიერებებით, რომლებიც იწვევენ გამტარი ჭურჭლების დაცობას, წყლის გადამოძრავების შეწყვეტას და მცენარის ხმობას.

ვაზის ფესვების სიდამპლის წინააღმდეგ ბრძოლა მეტად რთულია. პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნას ბრძოლის ისეთი მეთოდები, რომლებიც იწვევენ პათოგენების საინფექციო მარაგის შემცირებას და დაავადების გავრცელების შეზღუდვას.

ინფექციის მარაგის შემცირებისა და მისი განადგურებისათვის საჭიროა დაავადებული მცენარის ფესვებიანად ამოღება, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა. რამდენადაც დაავადების გავრცელებაზე ძლიერ გავლენას ახდენს ნიადაგური პირობები, მის წინააღმდეგ ბრძოლა მჭიდროდაა დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებებთან. კერძოდ, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდასთან, რომელიც უზრუნვლყოფს მცენარის კარგად ზრდას და განვითარებას. ნიადაგის ნაყოფირების გაზრდა კი შესაძლებელია ორგანული და მინერალური სასუქების შეტანით და მისი მჟავიანობის ცვლილებით.

დაავადებასთან ბრძოლის მიზნით, აუცილებელია სარეველების განადგურება, რომლებიც შესაძლებელია იყოს დაავადების გამომწვევის მკვებავი მცენარე. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია მოცემული პათოგენის მკვებავ მცენარეთა წრის ცოდნა. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე ფესვების დაცვა ნემატოდებისა და მწერებისაგან, რომლებიც როგორც ცნობილია, აადვილებენ პათოგენების შეჭრას ფესვებში.

ვაზის ფესვების სიდამპლის წინააღმდეგ წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადგილი აქვს ინოკულუმის რაოდენობის შემცირებას და პათოგენის აქტივობის დაქვეითებას.

საერთოდ, დაავადებისაგან მცენარეთა ბიოლოგიური საშუალებებით დაცვა მიმართულია პათოგენის ზრდის დაქვეითებისა და პატრონ-მცენარის არ არსებობის შემთხვევაში, პათოგენის მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი სტრუქტურის გაღივების პროვოცირებაზე. ასევე, ჯვარედინი დაცვის გზით, პატრონ-მცენარის გამძლეობის გაზრდაზე (Канчавели, 2014)

ბიოლოგიური მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ანტაგონისტური შტამების, ასევე მასზე დამზადებული ბიოპრეპარატების სახით.

ვაზის ფესვების ლპობის გამომწვევის წინააღმდეგ გამოიყენება სოკო Trichoderma-ს გვარის სოკოების (Trichoderma viride, T.harzianum და T.koningi) ანტაგონისტური შტამები.

კვლევებით დადგენილია, რომ სოკო ტრიქოდერმა ივითარებს ანტიბიოტიკებს, რომლებიც ტოქსიკურად მოქმედებს ფიტოპათოგენურ სოკოებზე. ასევე, წარმოქმნის ფერმენტებს. ეს უკანასკნელი იწვევს პათოგენი სოკოების უჯრედული სტრუქტურის ჰიდროლიზს; ტრიქოდერმას ასევე, აქვს პათოგენზე პირდაპირი პარაზიტიზმის უნარი.

ანტაგონისტის კულტურას ზრდიან განსაზღვრულ საკვებ არეზე და მასთან ერთად შეაქვთ ნიადაგის რიზოსფეროში.

ვაზის ფესვების სიდამპლის წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ანტაგონისტ ტრიქოდერმაზე დამზადებული პრეპარატი – “ბიოკატენა”, რომლის 2%-იანი სამუშაო ხსნარი უნდა შევიტანოთ ნიადაგში ფესვთა სისტემის არეში, თითოეულ მცენარეზე 10-15 ლიტრი.

ვაზის ფესვების სიდამპლის წინააღმდეგ ერთ-ერთი რადიკალური ღონისძიებაა დაავადებისადმი გამძლე ჯიშების შერჩევა და გამოყენება. ზოგჯერ მცენარეთა გამძლეობა განპირობებულია გენების მცირე რაოდენობით. ზოგ შემთხვევაში კი, ასეთი გენების რაოდენობა მრავალია. გამძლე მცენარეთა ჯიშების ფესვებისათვის დამახასიათებელია დაცვითი რეაქციები, როგორიცაა დეტოქსიკაცია, ჰისტოლოგიური და ქიმიური ბარიერები.

სავენახე ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ყამირი ან ისეთი სავარგულებიდან, რომლებზედაც წინა წლებში ბოსტნეული კულტურა არ ეთესა. ნატყევარი ადგილის გამოყოფის დროს, საჭიროა ნაკვეთზე 5 წლის განმავლობაში ითესებოდეს სათოხნი კულტურები. თოხნის შედეგად ნიადაგი ნიავდება და სოკოს რიზომორფი და მიცელიუმი იღუპება.

ლიტერატურა:

ყანჩაველი ლ.ა. სასოფლო-სამეურნეო ფიტოპათოლოგია. თბილისი, განათლება 1987, 599 გვ. Гаррет С.Д. Биология и экология грыбов, вызывающих заболевании корней. Вкн.: Проблемы и достижения фитопатологии. М.: Сельхозиздат, 1982, с.365-376. Тарр С. Основы патологии растении. Москва “Мир”, 1975, 587 с. Канчавели Ш.С. Биологический метод защиты растении от корневых гнилей. Georgian Engineering News. 2014, #4, p.80-83.

ყანჩაველი შ.ს., კიკორია კ.მ., ჩაჩხიანი-ანასაშვილი ნ.რ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,

შპს „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი