ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Copenhagen” მონაწილეობდა
გამოფენაზე „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ახმეტას ღვინის სახლი“, „ანდრიას ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „მათიაშვილის ღვინის მარანი“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“ ღვინოები.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. კოპენჰაგენში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე წარმოდგენილი იყვნენ RAW Wine-ის გამოფენებზე შანხაიში, პარიზში, ვერონაში და ტოკიოში.
ქართული ღვინის წარდგენა დანიაში მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნებში ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, რის შედეგადაც, აღნიშნულ ქვეყნებში ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება გამოიკვეთა.