აგროსიახლეები

საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის პრეზენტაციას და პროფესიულ დეგუსტაციას  ფრანგი ღვინის ექსპერტი კლემანს ჟირო (Clemence Giraud) უძღვებოდა.
ნუი-სენ-ჟორჟის (Nuits-Saint-Georges) მხარეში გამართულ ღონისძებას 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ HoReCa და ღვინის ტურიზმის სექტორების წარმომადგენლები, სომელიეები, ბაიერები, ღვინის მწარმოებლები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ჟურნალისტები.

ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთში მოღვაწე მეცნიერის, ნატო მამუკაშვილის ახალი წიგნის „ბურგუნდიის ტერუარები და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციული მეთოდს UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია ბურგუნდიის ტერუარებიც.

ღონისძიების სტურებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის აკვანი” ჩვენება; დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო  ბურგუნდიულ სამზარეულოსთან შეხამებით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მზარდი მოთხოვნაა.