წალკა და სოფელი დაშბაში სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება
წალკის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის შედეგადაც ქალაქ წალკისა და სოფელ დაშბაშის მოსახლეობა უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობისთვის სერიოზულ დაბრკოლებას ქმნიდა. ხშირი იყო წყალმომარაგების შეფერხება, რაც განსაკუთრებით ცხელ ამინდებში და მოსახლეობის სიმჭიდროვის პერიოდში მწვავედ იჩენდა თავს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაშბაშისა და ნარდევანის წყლის სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური, აშენდება 24 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური მილი, 37 კილომეტრამდე განაწილების ქსელი, აგრეთვე ქალაქ წალკისა და სოფელ დაშბაშის წყალმომარაგების ორი რეზერვუარი. სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის დამონტაჟდება მართვისა და მონიტორინგის თანამედროვე SCADA-ს სისტემა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა მუდმივ კონტროლს და ავტომატურ რეგულირებას.
ამ დროისთვის დასრულებულია 13 კილომეტრიანი მაგისტრალური მილის მოწყობა, გაჭრილია 17 კილომეტრი გამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟებულია 357 აღრიცხვის კვანძი, მიმდინარეობს რეზერვუარების მშენებლობა.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოების ეტაპობრივად დასრულება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, 3200-მდე ბენეფიციარს მუდმივად ექნება ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ პირობებს, ჰიგიენურ და ჯანდაცვით მდგომარეობას.