ყაზახური თეთრთავა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (Kazakh Whiteheaded Cattle)
ყაზახური თეთრთავა მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიში გამოყვანილია ყაზახეთსა და რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში.
მისი ფორმირება 1930-იან წლებში დაიწყო, როდესაც ადგილობრივ ყაზახურ და კალმიკურ ჯიშებთან ჰერეფორდული ჯიშის შეაწყვილება დაიწყწს. შედეგად მიღებულმა ახალმა ხაზმა მემკვიდრეობით, ჰერეფორდული ჯიშის ხორცის მაღალი ხარისხი და ადგილობრივი ცხოველების გამძლეობა, კლიმატური ადაპტაცია და მარტივად გამოკვების უნარი შეიძინა.
ყაზახურ თეთრთავას, სხვადასხვა ტონალობით, წითელი შეფერილობა ახასიათებს, ხოლო თავი, გულმკერდის ქვედა ნაწილი, მუცელი, ფეხების ქვედა ნაწილები და კუდის ბოლო თეთრი აქვს.
ზაფხულში ბალანი მოკლე და პრიალა უხდება, ზამთარში კი ცხოველები სქელი და ხშირი ბალნით იფარებიან, ზოგიერთს ოდნავ ხუჭუჭი ბალანიც ახასიათებს, რაც მათ ყინვისა და ქარისგან იცავს.
წონა და პროდუქტიულობა
- ახალშობილი ხბო იწონის – 27-30 კგ.;
- 8 თვის ასაკში – 220-270 კგ. (დედის რძეზე გაზრდილი);
- ზრდასრული ძროხა – 540-580 კგ. (იშვიათად 700 კგ-მდე);
- ხარი – 900-950 კგ. (ელიტური — 1000 კგ.-მდე);
- საშუალო დღიური ნამატი – 1,2-1,6 კგ.;
- ხორცის გამოსავალი – 53-55 %, ხოლო კარგად გამოკვებულ ხარებში – 60-65 %;
- ხორცი – წვნიანი, მარმარილოსებრი სტრუქტურითა და მსუბუქი ცხიმიანობით, რაც მაღალ გემოვნურ თვისებებს უზრუნველყოფს.
კლიმატური გამძლეობა და უპირატესობები
ყაზახური თეთრთავა გამოირჩევა:
♦ შესანიშნავი ადაპტაციით როგორც ცხლე კლიმატში, ისე ძლიერ ყინვაში;
♦ ძლიერი იმუნიტეტითა და დაავადებებისადმი გამძლეობით;
♦ ბუნებრივ საძოვრებზე სწრაფი „მოსუქების” უნარით;
♦ ცუდი საკვები ბაზის პირობებში შორ მანძილზე გადაადგილების ამტანობით.
რძის პროდუქტიულობა
იმის მიუხედავად, რომ ეს ჯიში არის მეხორცული მიმართულების, მას შედარებით კარგი მერძეულობა ახასიათებს:
- რძის წლიური პროდუქტიულობა: 1000-1500 კგ;
- ცხიმიანობა: საშუალოდ 3,8-4 %, ზოგჯერ 4,8 %-მდეც.
რძე ძირითადად გამოიყენება ხბოების გამოსაკვებად, რაც ზრდის მათ სიცოცხლისუნარიანობას.
პერსპექტივა საქართველოს პირობებში
ყაზახური თეთრთავა ჯიში განსაკუთრებით პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს (კახეთი, შიდა ქართლი) პირობებში, სადაც ზაფხულში მაღალი ტემპერატურა, ხოლო ზამთარში ძლიერი სიცივეები აღინიშნება.
ეს ჯიში ადვილად ეგუება საძოვრებზე თავისუფალ ძოვებას, კარგად იყენებს დაბალხარისხიან საძოვარს და ბუნებრივ პირობებშიც სწრაფად იმატებს წონაში, რაც ეკონომიკურად მომგებიანი არჩევანია ფერმერებისთვის, რომლებსაც მეხორცული მიმართულების ფერმის განვითარება სურთ.

