ბრაზილია – სოიის გლობალური ლიდერი და მსოფლიო აგროექსპორტის ახალი სტრატეგია
ბრაზილია დღეს სოიის მსოფლიოში მხოლოდ უმსხვილესი მწარმოებელი კი არა, არამედ ეკონომიკური სტრატეგიის შთამბეჭდავ მაგალითსაც იძლევა.
თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა წარმოებამ, ინფრასტრუქტურულმა რეფორმებმა და აზიური ბაზრების მიმართ გააზრებულმა მიდგომამ, ქვეყანა სოიის საერთაშორისო ფასებისა და მიწოდების მთავარი მარეგულირებელი გახადა.
სოია ბრაზილიისთვის სტრატეგიული კულტურაა, რომელიც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის, დაახლოებით, 16%-ს შეადგენს.
2025 წელს ქვეყანამ 170 მილიონ ტონამდე სოია მოიწია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, ბრაზილია დღეს იმყოფება იმ პოზიციაში, საიდანაც თავად აბალანსებს გლობალურ ბაზრებზე სოიას მიწოდებას.
ჩინეთის სოიის იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ ბრაზილიიდან მოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკურ გავლენას მნიშვნელოვნად ზრდის. აშშ-ის წილი ამ ბაზარზე ბოლო ხუთ წელიწადში თითქმის განახევრდა. დღეს ამერიკის ხელისუფლება ცდილობს ჩინეთთან პრობლემების მოგვარებას, მაგრამ პრობლემა ბოლომდე მაინც მოუგვარებელი რჩება, რადგან ჩინელი პარტნიორები უფრო ბაზრის დივერსიფიკაციისკენ იხრებიან და სწორადაც.
ბრაზილიის აგროექსპორტის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ბირთვია ტექნოლოგიური ინოვაცია.
EMBRAPA-ს, ქვეყნის აგრარული კვლევითი სააგენტოს, პროგრამები მოიცავს მაღალმოსავლიანი და კლიმატგამძლე სოიის ჯიშების შექმნას, ხოლო სმარტ-მონიტორინგის სისტემები, მოსავლიანობის პროგნოზირებასა და ნიადაგის მდგომარეობის ანალიზს.
ასეთი მიდგომა ფერმერებს საშუალებას აძლევს შეამცირონ წარმოების ხარჯები და გაზარდონ მოსავალიანობა, რის შედეგადაც ბრაზილიური სოია მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან ფასად იყიდება.
ბოლო წლებში ბრაზილიამ მკვეთრად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა.
“North–South Railway Corridor”-ის ამოქმედებამ და პორტების (სანტოსი, პარა) მოდერნიზაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტრანსპორტირების დრო და ხარჯები.
ამასთან, პროგრამა „Soybean Route”, რომელიც სოფლის გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, უზრუნველყოფს სოიის სწრაფ ტრანსპორტირებას ჩრდილოეთის საექსპორტო ჰაბებამდე.
შედეგად, ბრაზილიამ შეძლო პროდუქციის გადაზიდვის სისწრაფისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც მის კონკურენტულ უპირატესობას კიდევ უფრო აძლიერებს.
ბრაზილიის აგროექსპორტის სტრატეგია მჭიდროდ არის დაკავშირებული დიპლომატიასთან. ქვეყანა იყენებს რეგიონულ პლატფორმებს — MERCOSUR და BRICS გლობალური გავლენის გასაძლიერებლად.
ჩინეთთან მრავალწლიანი შეთანხმებები (2024–2028) უზრუნველყოფს მიწოდების სტაბილურობას და ქმნის ფასთა „დაცულ დერეფანს“, რომელიც აზიურ ბაზრებზე აშშ-ის კონკურენციას პრაქტიკულად გამორიცხავს.
ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით 2030 წლისთვის:
- სოიის ექსპორტი მიაღწევს 120 მილიონ ტონას;
- ახალი სელექციური, ჰიბრიდული ჯიშები უკეთ ეგუებიან კლიმატის ცვლილებას, რაც მოსავლიანობის სტაბილურიობის წიანპირბაა ;
- სოიაზე დაფუძნებული იაფი ბიოდიზელის წარმოება ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში გაორმაგდება, რაც კიდევ უფრო გააიაფებს სოიას წრმოებას.
ეს სტრატეგია ბრაზილიას მარტო კონკურენტლ აგრარულ კი არა, ენერგეტიკულად მძლავრ ქვეყანად აქცევს, რომელიც სურსათის, ენერგიისა და აგროტექნოლოგიის სექტორებს ერთიანად აკონტროლებს.
ბრაზილია დღეს სოაის მსოფლიო ბაზრის მთავარი მოთამაშეა.
მისმა მაგალითმა აჩვენა, რომ გრძელვადიანი სტრატეგია, კვლევასა და ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული პოლიტიკა, აგრეთვე ფერმერთა და სახელმწიფოს თანმიმდევრული თანამშრომლობა, შეიძლება არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ გლობალური გავლენის ბერკეტად იქცეს.
ბრაზილია დღეს უბრალოდ მარტო სოიას კი არ აწარმოებს, არამედ მართავს კიდეც სოიას მსოფლიო ბაზარს.

