ქართული ღვინო ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე – ხარისხი, ზრდა და ახალი შესაძლებლობები
ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია ქართული ღვინის ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნე ბაზრად ჩამოყალიბდა. მაღალი ფასის პოლიტიკა, მომხმარებლის მზარდი ინტერესი და ქართული ღვინის უნიკალური პროფილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ექსპორტულ შესაძლებლობებს ქმნის.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა ყველაიძე განმარტავს, ქართული ღვინო დღეს სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უკვე კონკურენტუნარიანი პროდუქტია მსოფლიო ბაზრებზე.
თამთა ყველაიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, რაც განაპირობა სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის იმან, რომ აშშ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში საკუთარ ღვინოს აწარმოებენ, იმპორტირებულ ღვინოსაც დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ჩვენი მიზანია, ამერიკის ბაზარზე მოვხვდეთ პრემიალურ და საშუალო საფასო კატეგორიაში. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის, სადაც ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხზე და მასზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. ქართული ღვინის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტარნდარტებს და ის კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზრებზე.
თამთა ყველაიძემ მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აშშ-ში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები შეაფასა და აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი).
„ჩვენი მარკეტინგული კამპანიის მიზანია, კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე. ჩატარებული გამოფენები წარმატებული იყო, დიდი იყო დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ; გვყავდა უამრავი ვიზიტორი, რომლებიც პირველად გაეცნენ ქართულ ღვინოს. წელს, თებერვლიდან დავიწყეთ მომხამრებელზე ორიენტირებული მარკეტნგული კამპანია; გასულ წლებში უფრო მეტად კომერციული სექტორზე ვიყავით ორიენტირებული. დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მომავალ წელს მარკეტინგული კამპანია აქტიურად უნდა გავაგრძელოთ როგორც კომერციულ სეგმენტში, ისე მომხმარებლებში“, – აღნიშნა მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

