კოლოში _ ეგზოტიკური მეგრული ვაზი, რომელიც კვლავ ბრუნდება ქართულ მეღვინეობაში
სამეგრელოს დახვეწილი მევენახეობის ტრადიციებს საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ ფერს მატებდა კოლოში, მუქლურჯი, ძლიერი და ხასიათიანი ვაზი.

ნოყიერი მიწის, ნესტის და ზღვის ნიავის უნიკალური კომბინაცია ჯიშს ისეთ მკაფიო იდენტობას აძლევს, რომ მისი აღორძინება უკვე არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ეროვნულ მოვლენად აღიქმება.
დღეს კოლოში კვლავ ბრუნდება მეგრული მთისწინეთის მევენახეობაში და ახალ სიცოცხლეს იძენს, როგორც ხარისხიანი წითელი ღვინის საუკეთესო ჯიში.
კოლოშის ჯიშის ვაზის ახალგაზრდა ყლორტი და ფოთოლი ღია მწვანეა, მოწითალო ელფერით. ყლორტი, იმ მხარეს, საიდანაც მზის სხივი უხვად ხვდება ოდნავ მოწითალო იისფერს იღებს და სქლად არის შებუსული მოთეთრო ნაცრისფეი ბუსუსებით, რაც ჯიშს ვიზუალურადაც ადვილად ამოსაცნობს ხდის.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის, ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული აქვს. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ვიწრო ელიფსური ამონაკვეთით, ზოგჯერ ღიაა, ვიწრო თაღისებური ფორმით და ბრტყელი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით ან სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით.
ფოთლის ქვედა მხარე სქლად შებუსული და ქეჩისებურია, რაც მცენარეს იცავს ზომიერი კლიმატური სტრესებისგან.
კოლოშის ყვავილი ორსქესიანია, ხოლო მტევანი საშუალო ზომის, კუმსი და ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საშუალო წონა 190 გრამს აღწევს. მარცვალი მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერისაა, სქელი კანის მქონე, ხორციანი და შედარებით ნაკლებწვენიანი, თუმცა ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. რბილობს კანი იოლად სცილდება, რაც მას სასუფრე ყურძნის თვისებებსაც სძენს.
კოლოშის ტკბილი გამოირჩევა 17-18%-იანი შაქრიანობითა და 9-9,5 გ/ლ მჟავიანობით.
მოსავლიანობა სტაბილურია: 8,5-9,5 ტ/ჰა.
კოლოში ძირითადად საღვინე ჯიშია და მისგან მაღალი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო მიიღება, ღრმა ფერითა და მსუყე სტრუქტურით.
დამატებით, კოლოში ადგილობრივ ბაზარზეც გამოიყენება, როგორც კარგი მახასიათებლის, ტკბილი და სასიამოვნო სასუფრე ყურძენი.
ვაზი ძლიერი ზრდით გამოირჩევა, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, რადგან ნაცარი ხშირად აზიანებს.
ჯიში განსაკუთრებით პერსპექტიულად ითვლება სამეგრელოს მთისწინა ზონებისთვის, სადაც მის ბუნებრივ ნიშას ნესტიან-თბილი კლიმატი ქმნის.
შეიძლება ითქვას, კოლოშის ხელახალი აღმოჩენა მიმდინარეობს: კერძო კოლექციონერები აქტიურად აშენებენ მცირე ვენახებს, ძირითადად მარტვილისა და ჩხოროწყუს მთისწინა სოფლებში.
მიზანი მარტივია, ადგილობრივი გენეტიკური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მაღალი ხარისხის ტრადიციული მეგრული წითელი ღვინის წარმოება.
კოლოში არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი იშვიათი და ღირებული მონაპოვარია. მისი აღორძინება შესაძლებლობას აჩენს, შევინარჩუნოთ რეგიონული ვაზის მრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ადგილობრივი მეღვინეობა და მომავალ თაობებს გადავცეთ ჩვენი აგრარული კულტურის უძველესი ტრადიციები.

