ბლოგიმედიარუბრიკებისტატიები

ვინ აკონტროლებს სურსათის ფასს და რატომ ზარალდება ფერმერი?

სურსათის ფასების ზრდა დღეს მხოლოდ მომხმარებლის პრობლემა აღარ არის, ეს უკვე ფერმერის არსებობის საკითხიცაა, რადგან მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება პურის, რძის, ხორცის, ბოსტნეულისა და სხვა აუცილებელი პროდუქტების გაძვირების პრობლემას, მეორე მხრივ კი ფერმერი ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც შრომისა და დანახარჯების რეალურ ღირებულებას ასახავს.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ სურსათი ძვირდება, რატომ ზარალდება მისი მწარმოებელი?

ამ სტატიაში შევეცდებით ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: ვინ აკონტროლებს სურსათის ფასს საქართველოში, რა მექანიზმებით ყალიბდება ფასი „მინდვრიდან სუფრამდე“, რატომ რჩება ფერმერი ამ ჯაჭვის ყველაზე სუსტ რგოლად?!

მინდვრიდან მაღაზიამდე – სად ეკარგება ფერმერის წარმოებული პროდუქტს ფასი?!

სურსათის ფასი რამდენიმე ეტაპზე ყალიბდება: წარმოება, შესყიდვა, გადამუშავება, ტრანსპორტირება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია. თეორიულად, ეს ჯაჭვი უნდა იყოს გამჭვირვალე და კონკურენტული, თუმცა ჩვენს პრაქტიკაში სხვაგვარად ხდება. დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი ფერმერს კი არა, შუამავლებსა და მსხვილ საქმოსნებს რჩებათ.

მაგალითად, რძის სექტორში ფერმერი ნედლ რძეს ხშირად თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასად აბარებს გადამმუშვებელ წარმოებას, მაშინ როდესაც მაღაზიაში რძისა და რძის პროდუქტები ზოგჯერ ათმაგად იყიდება, თანაც ფასი წლიდან წლამდე იმატებს, ხოლო ფერმერის ნაწარმი, პირვლადი ნდლეულს, ჩასაბარებელი ფასი, თითქმის არ იზრდება. მსგავსი ვითარებაა ხორცის, მარცვლეულისა და ბოსტნეულის ბაზრებზეც.

ბაზრის კონცენტრაცია დადახურული წრეები

ბოლო წლებში საქართველოში რიგ სასურსათო მიმართულებებში ბაზრის მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება. ეს ნიშნავს, რომ შესყიდვას, გადამუშავებას ან იმპორტს მოთამაშეთა შეზღუდული ჯგუფი აკონტროლებს. ასეთ პირობებში ფასი ხშირად ყალიბდება არა თავისუფალი კონკურენციის, არამედ არაფორმალური შეთანხმებების საფუძველზე.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მარცვლეულის, ფქვილისა და პურის სექტორში, სადაც იმპორტზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ხოლო ადგილობრივ მწარმოებელს ბაზარზე შესვლის შეზღუდული (ხელოვნურად  შექმილი) შესაძლებლობა აქვს. შედეგად, ქვეყანა ერთდროულად იღებს ძვირ საკვებსა და განუვითარებელ ადგილობრივ წარმოებას.

იმპორტი, როგორც ფასის ბერკეტი

იმპორტი თავისთავად პრობლემა არ არის, თუმცა, როდესაც ის ადგილობრივი წარმოების ჩასანაცვლებლად, დასასუსტებლად, გასაჩერებლად გამოიყენება, ბაზარი დეფორმირდება. ამ დროს იმპორტირებული პროდუქტი ხშირად ფასის დიქტატის ინსტრუმენტად იქცევა, როდესაც ადგილობრივი ფერმერი, ბიზნესი ცდილობს წარმოების გაფართოებას, ბაზარი იმპორტით ივსება და სამამულო პროდუქციაც კონკურენტუნარიანობას კარგავს.

ეს ქმნის მოჯადოებულ წრეს: ადგილობრივი წარმოება სუსტდება, იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება, ხოლო ფასები საბოლოოდ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ფერმერს?!

ფორმალურად სახელმწიფოს კონკურენციის დაცვის, ფასების მონიტორინგისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების მექანიზმები აქვს, თუმცა პრაქტიკაში ეს ინსტრუმენტები სუსტად მუშაობს. კონტროლი ხშირ შემთხვევაში ცალკეულ ფაქტებზე რეაგირებისთვის გამოიყენება და არა პრევენციული მიზნით, ამიტომ ეფექტიც ნულის ტოლია.

ამას გარდა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ძირითადად მოკლევადიან სუბსიდიებზეა ორიენტირებული, რაც ვერ ცვლის ბაზრის სტრუქტურას. ფერმერი შეიძლება რაღაც ეტაპზე გარკვულ დახმარებას იღებს, მაგრამ ბაზარზე მოსახვედრად მომლაპარაკებლებთან, უუფლებოდ, ძალზე სუსტ პოზიციაში ექცევა.

ჯაჭვის ყველაზე დაუცველი რგოლი ფერმერია 

ქართველ ფერმერს ფასის დადგენის ბერკეტი სრულიად გამოცლილი აქვს ხელიდან. პირიქით, მუდმივი „შანტაჟის“ პირობებში უწევს მუშაობა, რადგან მთლიანად არის დამოკიდებული ბუნებაზე _ ამინდის პირობებზე, საწვავისა და სასუქის ფასებზე, დაბოლოს შემსყიდველზე. ან განადგურდება მთელი წლის  მოსავალი ან რასაც სთავაზობენ, იმ ფასად უნდა გაყიდოს, რადგან არ აქვს საჭირო და საკმარისი ინფრასტრუქტურა პროდუქტის შესანახად ან დამოუკიდებლად სარეალიზაციოდ.

ამ პირობებში ფერმერი ხშირად იძულებულია პროდუქტი სწრაფად და იაფად გაასაღოს, რათა მინიმუმ გაწეული ხარჯები მაინც დაფაროს ბანკის, ვალიდან განთავისუფლდეს.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება ისე, რომ ბიზნესი არ დაზიანდეს

პრობლემის გადაწყვეტა არ ნიშნავს ბიზნესის შეზღუდვას ან ხელოვნურ რეგულაციას. პირიქით, საჭიროა ბაზარზე სამართლიანი წესების დაწესება.

პირველი _ კონკურენციის რეალური დაცვა, ფასების ფორმირების გამჭვირვალობა და კარტელური შეთანხმებების აღკვეთაა.

მეორე – ალტერნატიული ინფრასტრუქტურის შექმნა: სახელმწიფო ან კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში სასაწყობე მეურნეობები, რძის შემგროვებელი პუნქტები, სასაკლაოები და სხვა…

მესამე – ფერმერთა კოოპერაციის მხარდაჭერა, რათა მწარმოებელმა ერთობლივად შეძლოს ბაზარზე გასვლა.

მეოთხე – იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დაბალანსებული პოლიტიკა.

საკვების ფასის კონტროლი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ეს სოციალური სტაბილურობის და ეროვნული უსაფრთხოების თემაა.

დღეს საქართველოში ფასი ხშირად კონტროლდება ბაზრის იმ მოთამაშეებისგან, რომლებაც რეალური წარმოებისთან ყველაზე შორეული კავშირი აქვთ.

თუ სახელმწიფო არ შექმნის ბაზრის სამართლიან და გამჭვირვალე წესებს, ფერმერი ყოველთვის დაზარალებულ მხარეს დარჩება, ხოლო მომხმარებელი – ძვირი საკვების მძევლად.

საკვების ფასების საკითხი მხოლოდ ერთჯერადი სუბსიდიებით ან ფასების ადმინისტრაციული კონტროლით ვერ გადაწყდება. აუცილებელია ბაზრის სტრუქტურის შეცვლა ისე, რომ ფერმერი გახდეს ფასის ფორმირების პროცესის სრულფასოვანი მონაწილე და არა მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელი.

სამართლიანი კონკურენცია, გამჭვირვალე იმპორტი და ძლიერი ადგილობრივი წარმოება, ერთადერთი გზაა, რომლითაც ქვეყანა შეძლებს როგორც ფერმერის დაცვას, ისე მომხმარებლის ინტერესების უზრუნველყოფას.

ძლიერი ფერმერი ნიშნავს სტაბილურ ბაზარს, სურსათზე ხელმისაწვდომ ფასსა და მდიდარ სოფლის მეურნეობას.

შოთა მაჭარაშვილი,

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი